ექიმები შიმშილობის გამო მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის საფრთხეებზე საუბრობენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ბათუმელი ექიმები „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შიმშილობას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ 17 დღის განმავლობაში მხოლოდ წყლის მიღება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა. ისინი პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტთან მრავალპროფილური, კვალიფიციური ექიმების შესვლას ითხოვენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„შეიძლება თანდათანობით მის ჯანმრთელობას ისეთი ზიანი მიადგეს, რომელიც იქნება შეუქცევადი. შეიძლება გადარჩეს ადამიანის სიცოცხლე, მაგრამ ვერ გადარჩეს მისი ჯანმრთელობა. მე როგორც ვიცი, ქალბატონ მზიას არაერთი ქრონიკული დაავადება აქვს და ამ დროს ეს ვადები კიდევ უფრო მოკლდება. აქედან გამომდინარე მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, - თქვა ქირურგმა, მედიცინის დოქტორმა კახაბერ ქაშიბაძემ.

ქაშიბაძის შეფასებით, „სამარცხვინოა“ სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადება, რომელმაც მან მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გუშინ გააკეთა.

„შეუძლებელია ქალბატონი მზია იყოს კარგ მდგომარეობაში, გამორიცხულია“, - აღნიშნა ექიმმა.

ნევროლოგმა, ნათია ხარატმა ჩამოთვალა ის საფრთხეები, რაც 17-დღიანი შიმშილობის შედეგად მზია ამაღლობელს ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ მისი „ჯანმრთელობა 100%-იანი იყო მაშინ, როცა ციხეში შევიდა“.

  • შიმშილობის მე-17 დღეს შესაძლოა, განვითარდეს ორგანოების უკმარისობა, ისეტი როგორიცაა: გული, თირკმელები, ღვიძლი და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციონირება;
  • ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტვინი ენერგიის დეფიციტის გამო იწყებს ფუნქციონირების შესუსტებას, რაც თავის მხრივ იწვევს გონების დაკარგვას, კომას და შესაძლოა, სიკვდილსაც;
  • ირღვევა ელექტროლიტური ბალანსი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის არითმია, კუნთების სპაზმი და სხვა სერიოზული პრობლემები;
  • იმუნური სისტემის მხრივ ორგანიზმი ხდება მგრძნობიარე ინფექციების მიმართ;
  • პაციენტს წარმოექმნება მენტალური პრობლემები - შიმშილი იწვევს დეპრესიას, აგრესიას და სხვა ფსიქიკურ აშლილობებს.

ნათია ხარატის თქმით, მხოლოდ წყლის მიღება იმითაა საშიში, რომ წყალი არ შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ენერგიას, რომელიც მიიღება ნახშირწყლებიდან, ცილებიდან და ცხიმებიდან.

„ამ დროს ვითარდება ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის“, - განაცხადა ექიმმა.

ექიმებმა აღნიშნეს, რომ პატიმრის შიმშილობის საკითხი მრავალი საერთაშორისო სტანდარტით რეგულირდება, რაც პენიტენციურ სამსახურს ავალდებულებს, ოჯახის წევრებს - ისევე, როგორც საზოგადოებას, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე - ყოველდღე მიაწოდოს ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„მზია ამაღლობელი ბოლო 45 წელიწადში საქართველოში ბრალდებული პირველი პატიმარი ჟურნალისტია, რომელსაც უკანონო ხელისუფლება სჯის მაღალეთიკური, უკომპრომისო და შეუპოვარი ბრძოლისთვის, სიმართლისთვის, ხელისუფლების დანაშაულებისა და შეცდომების მხილებისთვის. მზია ამაღლობელის დახსნა რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქეების უპირველესი ამოცანაა ისევე, როგორც დანარჩენი 53 უკანონო პატიმრის.

ჩვენი მოთხოვნაა, სანდო, კვალიფიციური, მრავალპროფილური ექიმები, ეს იქნება კონსილიუმის თუ სხვა ფორმით, დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან. თითოეული აქ მდგომთაგანი მზადაა, რომ შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, შევიდეს მზია ამაღლობელთან“, - განაცხადეს ექიმებმა ბრიფინგზე.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მზია ამაღლობელის შესახებ პირველი განცხადება 27 იანვარს, მის მიერ შიმშილობის დაწყებიდან მე-16 დღეს გაკეთდა. მასში ვკითხულობთ, რომ პატიმარი „უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით“ და „სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“.

მზია ამაღლობელი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული, 12 იანვრიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს. „შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“, - წერდა ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.