ამერიკელი კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე სტივ კოენი ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- 3 საჯარო რეესტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
- 4 ყველა ბავშვს აქვს უფლება იცხოვროს უსაფრთხო გარემოში, რაც უსაფრთხო გზებსაც მოიცავს - იოსელიანი
- 5 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 6 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
დემოკრატი კონგრესმენის თქმით, ის, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი პოლიტპატიმრების საკითხებში, ყურადღებით აკვირდება ამაღლობელის საქმეს.
„მზია არის ჟურნალისტი, რომელიც „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა. ის ციხეში კარგად არ არის, მთავრობამ ახლავე უნდა გაათავისუფლოს იგი“, - წერს სტივ კოენი პლატფორმა X-ზე.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა, ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს, რადგან ჟურნალისტის ქმედება - სახეში სილის გაწვნა - პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ისინი პროკურატურას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს და აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლა მოითხოვოს.
დაკავების შემდეგ ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში დასდო ბრალი. მისი თქმით, ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა, არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით დაიწყო (რაც უფრო მსუბუქი მუხლია) და არა „არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის“ მუხლით. ამაღლობელს დღემდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, დგებუაძე კი თანამდებობაზე რჩება.
მზია ამაღლობელი მე-17 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და დაუყოვნებელი მოქმედებაა საჭირო. ამაღლობელს რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს.