სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თბილისში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გამართა აქცია მოთხოვნით - დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს და უფლებამოსილება შეუჩერდეს ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ეს სამსახური იმისთვისაა შექმნილი, რომ მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიძიოს. ჩვენ ვიცით, რომ მზია ამაღლობელზე განხორციელდა არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა. მნიშვნელოვანია, რომ ამ საგამოძიებო ორგანომ თავისი ფუნქცია შეასრულოს, მზია ამაღლობელი ცნოს დაზარალებულად და პასუხისგებაში მისცეს ის ადამიანები, პირველ რიგში კი ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, ვინც ეს არაადამიანური და ღირსების შემლახველი ქმედება განახორიცელა ამ ქალბატონის მიმართ“, - განაცხადა იურისტმა ტატო ქელბაქიანმა.

ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჯერ კიდევ 12 იანვარს მიაწოდა ინფორმაცია მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ. ჟურნალისტი ამბობს, რომ დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში, ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა, არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმე „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით აღძრა (რაც უფრო მსუბუქი მუხლია) და არა „არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის“ მუხლით.

დღევანდელი აქციის მონაწილეები, რომელთა შორის პროევროპული აქციების გაშუქებისას პოლიციის და ნიღბიანი პირების მიერ ნაცემი ჟურნალისტებიც იყვნენ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსთან, კოკა კაციტაძესთან შეხვედრასაც ითხოვდნენ, თუმცა მათ უწყების კარი ჩაუკეტეს.

„მილიციელმა გამიმეტა სასიკვდილოდ და მზიამ ხელი რომ მიუთათუნა ბათუმის პოლიციის უფროსს... მართლა მიუთათუნა... და ის თავის ჩვენებაში რომ წერს, ტკივილი განვიცადეო, ტკივილი განიცადა ასობით ადამიანმა, ვისაც პირი ძალით გააღებინეს წამების მანქანებში და პირში აფურთხებდა ეს მილიცია, ყველას გაუპატიურებით ემუქრებოდა.

ეს მილიცია გვყავს დღეს ქვეყანაში და თურმე, ყველაფერი უნდა მოვუთმინოთ - დედა რომ შეგაგინოს, შეგფურთხოს, „მადლობა“ უნდა უთხრა. ასეთ ქვეყანაში ცხოვრებას გვთავაზობს ივანიშვილი და ვისაც გინდათ იცხოვრეთ... ჩვენ არ გვინდა, მზიას არ უნდა. მზია არ არის იმ რედაქციის წევრი, სადაც „იმედის“ მსგავსად, მამუკა მდინარაძე ადგენს, ეთერში რა უნდა გავიდეს. ამიტომ არის ის გისოსებს მიღმა“, - თქვა აქციაზე გამოსვლისას გურამ როგავამ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა, რომელსაც 29 ნოემბერს ფიზიკურად სპეცრაზმელი გაუსწორდა. მის საქმეზე დღემდე არავინაა დაკავებული.

მზია ამაღლობელს ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედება და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა, ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს, რადგან ჟურნალისტის ქმედება - სახეში სილის გაწვნა - პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ისინი პროკურატურას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს და აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლა მოითხოვოს.

მე-17 დღეა, მზია ამაღლობელი ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.