მერიკის შეერთბეული შტატების კონგრესის 29 წევრი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ერთობლივი წერილით მიმართავს და მოუწოდებს, უკან გაიწვიოს ე.წ. „უცხოური აგენტების“ შესახებ რუსული კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონგრესმენები აცხადებენ, რომ შეუერთდებიან სენატორების ინიციატივას, რაც გულისხმობს საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ცვლილების წახალისებას, მათ შორის, ფინანსური დახმარების გადახედვას, სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესებას იმ ადამიანებზე, ვინც პასუხისმგებლები არიან „საქართველოს დემოკრატიული განვითარების ძირის გამოთხრისთვის“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში კონგრესმენები გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების გამო, რომელიც, მათი თქმით, მთავრობამ ერთი წლის წინ, სამართლიანად ამოიღო განხილვიდან.

„ეს კანონპროექტი არსებითად ეწინააღმდეგება ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში შემდგომ ინტეგრაციაზე თქვენი მთავრობის გაცხადებულ სურვილს და 2009 წლის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სულისკვეთებას, რომელსაც ჩვენმა ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა თქვენს ქვეყანაში რუსული ძალების შემოჭრიდან რამდენიმე თვეში.

მტკიცედ მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას, კიდევ ერთხელ გაიწვიოს უკან ეს მავნე კანონპროექტი და ხელახლა აიღოს საქართველოს ვალდებულება, გააფართოვოს დემოკრატია და ეკონომიკური თავისუფლება, დაიცვას უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა, გააძლიეროს კანონის უზენაესობა და პატივი სცეს ქარტიით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებებს

„უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის აშკარა საბაბია კონტროლის დაწესება იმავე პარტნიორებზე, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მუშაობდნენ ქართველი ხალხის გვერდით მათი ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მარტივად რომ ვთქვათ, ამ კანონპროექტის მიღება ძირს უთხრის ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მომავალს დასავლეთში ეძებს.

ჩვენ უარვყოფთ მოსაზრებას, რომ ეს კანონპროექტი შემუშავებულია აშშ-ს კანონმდებლობის მიხედვით. ამის ნაცვლად, თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ შემოთავაზებული კანონპროექტის მსგავსებაზე ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთში 2012 წელს მიღებულ „უცხოური აგენტების“ წინააღმდეგ კანონთან, რომელიც ასევე მართლდებოდა „გამჭვირვალობის“ საბაბით. მოგეხსენებათ, რომ მას შემდეგ პუტინმა და მისმა ავაზაკებმა ეს კანონი გამოიყენეს მისი მმართველობის მოწინააღმდეგე ოპოზიციის გასაქრობად, რამაც დაასრულა რუსეთის დაღმასვლა საბჭოთა სტილის ავტორიტარიზმში. ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს ხალხი იმსახურებს და სურს უკეთესი, უფრო დემოკრატიული მომავალი.

ამ კანონის მიღება ხოლოდ შესაძლებელს გახდის, გაფართოვდეს რუსეთის მავნე გავლენა საქართველოში“, - წერენ კონგრესმენები.

ამერიკელი კონგრესმენებისთვის ასევე ძალიან შემაშფოთებელია ის რიტორიკა, რომელიც რუსულ კანონს ახლავს თან. ისინი ყურადღებას ამახვილებენ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებზე.

„29 აპრილს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ის „დასჯის“ ოპოზიციას ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ყოფნის დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულისთვის.

ბატონი ივანიშვილის გამოსვლამ ასევე მიუთითა, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები ევროპაში ცდილობდნენ შეარყიონ საქართველოს სუვერენიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს თქვენი დამოუკიდებლობის მომენტიდან, მათ შორის, 16 წლის შემდეგ, რაც რუსეთი პირდაპირ შემოიჭრა და დაიპყრო თქვენი ქვეყნის ნაწილები. ჩვენ ვგმობთ ბატონი ივანიშვილის ამ შეურაცხმყოფელ და სასტიკ განცხადებებს.

ჩვენი შეშფოთება მხოლოდ გაძლიერდა კანონპროექტის ხელახალი შემოტანის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ თქვენი მთავრობის პასუხით. ჩვენ ვიცით ათობით მომიტინგის, მათ შორის, ამერიკელი მოქალაქეების შესახებ, რომლებიც პოლიციამ ქუჩიდან გაიტაცა და სცემა. გასულ კვირას ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს, რომელიც თქვენი პარლამენტის მოქმედი წევრიც არის, თბილისის ქუჩებში სპეცრაზმმა სცემა.

საინტერესოა, რომ რუსმა პროპაგანდისტმა და ფაშისტმა იდეოლოგმა ალექსანდრე დუგინმა განაცხადა, რომ „საქართველო სწორ გზაზეა“ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კანონპროექტის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა.

ის, რომ თქვენს ქმედებებს მოჰყვა დაგმობა თქვენი ქვეყნის უახლოესი პარტნიორების მხრიდან და ქება იმ ქვეყნისგან, რომელიც იკავებს თქვენი სუვერენული ტერიტორიის 20%-ს, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ საქართველოს არასწორ გზაზე აყენებთ.

საქართველოში არსებული სიტუაცია ნათელია. მთავრობას შეუძლია აირჩიოს ქართველი ხალხის ხმის მოსმენა ან გააგრძელოს ბნელი გზა რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ. ჩვენ არაორაზროვნად ვაცხადებთ რომ ამ უკანასკნელი გზის არჩევა გამოიწვევს შეერთებული შტატების მიერ ჩვენი ურთიერთობის ბუნების არსებითად გადახედვას.

ისევე, როგორც კონგრესმა გაითვალისწინა ბელარუსის ავტორიტარული წარმომავლობა და 2004 წელს მიიღო ბელორუსის დემოკრატიის ორპარტიული აქტი, ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ შემდგომ თავდასხმებს აყვავებული, ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველო იმსახურებს.

ამგვარად, მოგიწოდებთ, უკან გაიწვიოთ ეს კანონპროექტი და სხვა ზომები, რომლებიც ხელს უშლის ქართველი ხალხის უფლებებსა და თავისუფლებებს, რის შემდეგაც მოხარული ვიქნებით გავმართოთ პირდაპირი მოლაპარაკებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და გაძლიერების მიზნით. გარდა ამისა,

იმ შემთხვევაში, თუ ეს საზიანო კანონმდებლობა უკან არ იქნება გაწვეული, ჩვენ შევუერთდებით სენატში ჩვენს კოლეგებს საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილებების წახალისებაში, მათ შორის, აშშ-ის ფინანსური დახმარების გადახედვაში, რაც მოიცავს სავიზო აკრძალვების გაფართოებას და ფინანსური სანქციების დაწესებას მათზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების ძირის გამოთხრისთვის“, - ვკითხოლობთ კონგრესმენების წერილში.

კობახიძისადმი მიმართვა ორპარტიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ხელს აწერენ დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წევრები, მათ შორის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მაკკოლი და ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე თომას კინი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).