„ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და მარტვილის საკრებულოს წევრი ზაალ გოროზია პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებს დახმარებისთვის ზაალ გოროზიას ცოლმა მიმართა.

„შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ ეს ნამდვილად იყო გაუგებრობა, დანარჩენი სამართალდამცავების კომპეტენციაა და ჩვენ ცალსახად ვერ ვისაუბრებთ იმაზე, იყო ძალადობა თუ არა, არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი, შევაფასო, იყო თუ არა ეს ძალადობა. თუ ვამბობთ, რომ დაიწყო გამოძიება, სამართალდამცავი ორგანოები გაარკვევენ, თუ ობიექტურად გამოიძიებენ ამას, რომ ეს იყო გაუგებრობა“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის წევრმა ანი წითლიძემ.

მარტვილის პოლიცია საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის დაზიანება. დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ასორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ზაალ გოროზია 2003-2006 წლებში იყო მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე;  2006-2014 წლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; 2014 წლიდან საკრებულოს წევრია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).