ქალაქ თბილისის მერიის ინფორმაციით, „თბილისობა 2022“ 1-2 ოქტომბერს მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 3 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
რიყის პარკში 1-ელ და 2 ოქტომბერს დაგეგმილია გამოფენები; საბავშვო კონცერტები, ტკბილეულის ფესტივალი, სპორტული ღონისძიებები, ძველი ქართული ფილმების კინოჩვენება (ვერის უბნის მელოდიები (1973), თოჯინები იცინიან (1963), გრძელი ნათელი დღეები (2013), ბროწეულის ფერი (1968), ფიროსმანი (1969). გაიმართება სამეწარმეო ბაზრობა; გასტრონომიული ზონა; 2 ოქტომბერს 19:00 საათზე „გუფი ლენდის“ კონცერტი.
ლეღვთახევში მოეწყობა თბილისის მეხოტბეების მიმართ მიძღვნილი თემატური ინსტალაციები; დეკორაციებით გაფორმებული ხეობა და წყალში მოტივტივე ყვავილების თაიგულები; წყლის წისქვილი, სანათები და მრავალფეროვანი ინსტალაციები. გაიმართება მსახიობების მიერ შესრულებული სხვადასხვა პერფორმანსები და ძველი თბილისის რეკონსტრუქცია.
ორბელიანის მოედანზე განთავსდება თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები; სტენდი „თბილისის განვითარების ისტორია“; ორბელიანების სასახლის წინ ტერიტორიაზე წარმოდგენილი ე.წ. თბილისური უბანი. პავილიონის წინ ორი დღის განმავლობაში გაიმართება თეატრალიზებულ კოსტიუმირებული პერფორმანსი; საბავშვო-გასართობი დღის კონცერტები; საჯარო დისკუსიები და საუბრები თბილისურ ეზოებში; სამეწარმეო და კვების ზონები. 19-დან 22 საათამდე გაიმართება მუსიკალური საღამოები - ქართველი შემსრულებლების, ბენდების და ორკესტრის მონაწილეობით.
გუდიაშვილის მოედანზე მოეწყობა ინსტალაციები (მთაწმინდის მთვარე, დიდი გაზეთი, „ვერის უბნის მელოდიები“, ინსტალაცია საპატიო თბილისელები); დაგეგმილია ღია კინოთეატრი“, „თბილისური კაფე“; 19-დან 22 საათამდე სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური საღამოები გაიმართება.
თბილისობის გალა კონცერტი 1-ელ ოქტომბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე გაიმართება. შედგება მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა „უჩინმაჩინის ქუდი“ - გიორგი ერისთავის ცნობილი პიესის მიხედვით. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
2 ოქტომბერს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
თბილისის მერია 2022 წლის თბილისობის ღონისძიებებისთვის 3 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
ღონისძიებასთან დაკავშირებით, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის 23:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა. აღნიშნულ პერიოდში შეზღუდვა გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე იმოქმედებს.
მშრალი ხიდიდან მომავალი ავტომობილების ათონელის ქუჩაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება იტალიის ქუჩის გავლით, მარჯვნივ მოხვევით, რის შემდეგაც, მძღოლები ჭანტურიას ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილისა და ინაშვილის ქუჩების გავლით, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით.
ვირსალაძის ქუჩიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ჭანტურიას ქუჩის საშუალებით დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს, ან თაბუკაშვილისა და ინაშვილის ქუჩების გავლით, რესპუბლიკის მოედნისკენ გადაადგილდებიან. ასევე, ვირსალაძის ქუჩიდან მოძრაობა დასაშვები იქნება ათონელის ქუჩაზე, შემდგომ მარცხნივ მოხვევით, იტალიის ქუჩის გავლით, მშრალი ხიდის მიმართულებით.
