„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები არ აპირებენ ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის შესრულებას და თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებაზე უარს ამბობენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 2 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 3 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 4 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- 5 საჯარო რეესტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
- 6 აშშ დაასანქცირებს და განდევნის კრიმინალების (ივანიშვილი და კომპანია) ნათესავებს - უილსონი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფალავადიშვილის თქმით, ანტიკორუფციული ბიურო მათგან, როგორც ე.წ. პარლამენტის წევრებისგან, დეკლარაციის შევსებას ითხოვს.
„ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ არანაირი მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებდით, არ ვაპირებთ და არც მომავალში დავაპირებთ იმ ე.წ. პარლამენტში, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არ არის არჩეული. შეგვიძლია, ყველაფერი სხვა ფორმატში გავასაჯაროოთ, პარლამენტის წევრის ფორმატი არ არის ჩვენი ფორმატი, რადგან ჩვენ არ გახლავართ არანაირი ნიშნით ე.წ. პარლამენტის წევრები და არც მომავალში ვაპირებთ რომ ვიყოთ“, - განაცხადა ფალავანდიშვილმა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კოალიციის წევრები არ აღიარებენ „რუსულ სტილში გაყალბებულ“ არჩევნებს, არ ცნობენ ე.წ. პარლამენტის ლეგიტიმურობას, რის გამოც უარი აქვთ ნათქვამი საპარლამენტო მანდატებზე, დაფინანსებაზე და სხვა პრივილეგიებზე.
„აქედან გამომდინარე, ჩვენი კოალიციის ერთიანი პოზიციაა, არ შევავსოთ თანამდებობის პირის დეკლარაციები. გამჭვირვალეობის პრინციპებისა და კანონის მოთხოვნების დაცვით, ჩვენი, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატების დეკლარაციები შევსებულია 2024 წლის არჩევნებამდე“, - განაცხადეს კოალიციაში.
დეკლარაციების შევსებას აპირებენ კოალიცია „ძლიერ საქართველოში“. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამით ისინი ხალხს ანგარიშს ჩააბარებენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ყველა ლიდერს, ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგად ყველა არჩეულ დეპუტატს, დაწერილი გვაქვს განცხადება სიების ჩახსნის შესახებ, დაწერილი გვაქვს განცხადება ინდივიდუალური მიმართვის სახით არალეგიტიმური პარლამენტისთვის, რომ შეწყდეს მანდატების და ჩვენი უფლებამოსილება არალეგიტიმურ პარლამენტში, ჩვენ მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევავსოთ შესაბამისი ქონებრივი დეკლარაციები. ქონებრივ დეკლარაციას ავსებენ და ასაჯაროვებენ ის პირები, რომლებსაც არაფერი აქვთ დასამალი“, - თქვა ირაკლი კუპრაძემ.
ქონებრივი დეკლარაციის წარუდგენლობა 1000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.
ანტიკურუფციულ ბიუროს ორი თვეა თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეზღუდული აქვს.