„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები არ აპირებენ ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის შესრულებას და თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებაზე უარს ამბობენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფალავადიშვილის თქმით, ანტიკორუფციული ბიურო მათგან, როგორც ე.წ. პარლამენტის წევრებისგან, დეკლარაციის შევსებას ითხოვს.
„ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ არანაირი მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებდით, არ ვაპირებთ და არც მომავალში დავაპირებთ იმ ე.წ. პარლამენტში, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არ არის არჩეული. შეგვიძლია, ყველაფერი სხვა ფორმატში გავასაჯაროოთ, პარლამენტის წევრის ფორმატი არ არის ჩვენი ფორმატი, რადგან ჩვენ არ გახლავართ არანაირი ნიშნით ე.წ. პარლამენტის წევრები და არც მომავალში ვაპირებთ რომ ვიყოთ“, - განაცხადა ფალავანდიშვილმა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კოალიციის წევრები არ აღიარებენ „რუსულ სტილში გაყალბებულ“ არჩევნებს, არ ცნობენ ე.წ. პარლამენტის ლეგიტიმურობას, რის გამოც უარი აქვთ ნათქვამი საპარლამენტო მანდატებზე, დაფინანსებაზე და სხვა პრივილეგიებზე.
„აქედან გამომდინარე, ჩვენი კოალიციის ერთიანი პოზიციაა, არ შევავსოთ თანამდებობის პირის დეკლარაციები. გამჭვირვალეობის პრინციპებისა და კანონის მოთხოვნების დაცვით, ჩვენი, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატების დეკლარაციები შევსებულია 2024 წლის არჩევნებამდე“, - განაცხადეს კოალიციაში.
დეკლარაციების შევსებას აპირებენ კოალიცია „ძლიერ საქართველოში“. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამით ისინი ხალხს ანგარიშს ჩააბარებენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ყველა ლიდერს, ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგად ყველა არჩეულ დეპუტატს, დაწერილი გვაქვს განცხადება სიების ჩახსნის შესახებ, დაწერილი გვაქვს განცხადება ინდივიდუალური მიმართვის სახით არალეგიტიმური პარლამენტისთვის, რომ შეწყდეს მანდატების და ჩვენი უფლებამოსილება არალეგიტიმურ პარლამენტში, ჩვენ მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევავსოთ შესაბამისი ქონებრივი დეკლარაციები. ქონებრივ დეკლარაციას ავსებენ და ასაჯაროვებენ ის პირები, რომლებსაც არაფერი აქვთ დასამალი“, - თქვა ირაკლი კუპრაძემ.
ქონებრივი დეკლარაციის წარუდგენლობა 1000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.
ანტიკურუფციულ ბიუროს ორი თვეა თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეზღუდული აქვს.
