შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 2 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
შსს-ის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.
„ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ შეუძლოდ მყოფი დაურ ბუავა, რომელიც იმყოფებოდა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, მან მარტო დატოვა. კერძოდ, ბრალდებულმა საცხოვრებელი ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა
და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და დაურ ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს“, - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
შსს განცხადებაში არ უთითებს დაკავებული ქალი რომელი ქვეყნის მოქალაქეა.
32 წლის დაურ ბუავა, თბილისში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი 27 აგვისტოს იპოვეს. მეზობლების თქმით, კორპუსში გაუსაძლისი სუნი იდგა, რის გამოც ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით, აფხაზი ბლოგერი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბლოგერის დროებითი საცხოვრებელი ბინის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ასევე, ბინის დათვალიერებისას სამართალდამცველებს რაიმე საეჭვო გარემოება არ აღმოუჩენიათ.
მისი ერთ-ერთი მეგობრის მონათხრობის თანახმად, დაურს ბოლო პერიოდში გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და რამდენჯერმე სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.
დაურ ბუავა თბილისში 2021 წელს ტყვარჩელიდან გადმოვიდა და უკან აღარ დაბრუნდა. ის სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკზე“ იმავე წლიდან აქვეყნებდა ვიდეოებს, ქართველებისა და აფხაზების მეგობრობასა და ერთად თანაცხოვრების პერსპექტივებზე.
მისი აქტივობა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის ყურადღების ცენტრში მოექცა. 2022 წლის 19 მაისს ბუავას „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბრალი წაუყენეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში იგი საუბრობდა აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში, ავტონომიური სტატუსით არსებობის შესაძლებლობაზე. დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების სამსახურმა მიიჩნია, რომ ეს მასალები „ემსახურება საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ მიზნებს“ და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. ბუავამ საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით 2022 წლის დეკემბერში მიიღო.
