თუ ახალი ჰესები არ ავაშენეთ, სიბნელეში დავრჩებით - საქართველოს მოსახლეობას წლების განმავლობაში ყველა მთავრობა უმტკიცებს, რომ ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ერთადერთი და აუცილებელი გზაა. ამ პოდკასტში გვინდა ვისაუბროთ რამდენიმე მითზე, რაზეც ეს პროპაგანდა დგას.
ენერგომოხმარების შეუჩერებელი ზრდის მითი
ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ამ ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება კატასტროფული ტემპებით იზრდება და ერთ დღესაც ჩვენი აყვავებული ეკონომიკა და ასობით ქარხანა უდენოდ დარჩება, და ჩვენც, როგორც გვაშინებენ ხოლმე, გამოქვაბულში დავრჩებით.
ოფიციალური მონაცემები გვაჩვენებს, რომ ელექტროენერგიის ეს „შეუჩერებელი ზრდა“ მითია:
- 2016-დან 2019 წლამდე მიწოდება საშუალოდ 5.0%-ით იზრდებოდა.
- კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, კერძოდ 2020 წელს, მიწოდება თითქმის ამდენივეთი შემცირდა.
- 2021 წელს ეკონომიკა გაიხსნა, საწარმოები ამუშავდა და ამან მიწოდების ერთჯერადი, 13%-იანი ნახტომი გამოიწვია.
ჰესების ლობისტები სწორედ ამ ერთი, საგამონაკლისო წლით მანიპულირებენ და, პირდაპირ ვთქვათ, გვატყუებენ. მაგალითად, 2022 წელს 7%-იანი ვარდნა გვქონდა. მომდევნო სამ წელში მოხმარება ჯამურად მხოლოდ 1%-ით გაიზარდა და ისევ გაჩერდა.
მაგრამ არ გაჩერდა პროპაგანდა. მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ მათი ოპონენტებიც, ოპოზიციონერებიც დღე და ღამე ჰესების აშენებაზე გველაპარაკებიან, განსაკუთრებით 3 ბლექაუთის შემდეგ, როცა მთელი ქვეყანა მოულოდნელად ჩაბნელდა.
ვინ მოიხმარს რეალურად ყველაზე მეტ ელექტროენერგიას ამ ქვეყანაში? პირველი არის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, მაგრამ საინტერესოა მომდევნო ყველაზე მსხვილი საწარმოები. წეღან ვახსენეთ რეკორდული ზრდის წელიწადი - 2021. აი, იმ წელს 433 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა „ბი ეფ დი სი ჯორჯიამ“. აი, ამ ერთმა კონკრეტულმა საწარმომ ქვეყნის მოხმარების 3%-ზე მეტი წაიღო. ეს არის კრიპტოქარხანა, კრიპტოსაწარმო, რომელიც თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობს.
კრიპტომაინინგ სექტორმა მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 2021 წელს დაახლოებით 690 მლნ კვტ.სთ მოიხმარა, რაც ქვეყნის ჯამური მოხმარების დაახლოებით 6.4%-ია.
კრიპტოფერმები და მსხვილი მაინინგ ცენტრები, რომლებიც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაშია განთავსებული, უპრეცედენტო შეღავათებით სარგებლობენ და მთელი რიგი გადასახადების გადახდისგან გათავისუფლებულები არიან. მათ შორის, არ იხდიან დღგ-ს, ქონების, მოგებისა და სხვა გადასახადებს.
ეს საწარმოები 1 კვტ.სთ ელექტროენერგიაში იმაზე ბევრად ნაკლებს იხდიან, ვიდრე რეგიონებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი აბონენტი, რომელიც თვეში 100 კვტ.სთ-ზე მეტს არ მოიხმარს.
ენერგოდეფიციტისა და იმპორტზე დამოკიდებულების მითი
ჰესების აგრესიული მშენებლობის კიდევ ერთი მთავარი ლობისტური არგუმენტი ისაა, რომ თითქოს საქართველო კატასტროფულად არის დამოკიდებული იმპორტზე, მათ შორის, ოკუპანტი რუსეთიდან.
სინამდვილეში, აქაც მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალურ მონაცემებს რომ დავეყრდნოთ, სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ენერგობალანსების მიხედვით, გასულ წელს საქართველოს მთლიან მოხმარებაში იმპორტის წილი მხოლოდ 10.86% იყო. იმპორტი ძირითადად ზამთრის თვეებში გვჭირდება, როცა მოხმარება გაზრდილია, ეროვნული წარმოება კი შემცირებული.
საქართველოს ჰიდროგენერაცია უკიდურესად არის დამოკიდებული კლიმატურ პირობებსა და მდინარეებში წყლის რაოდენობაზე. გაზაფხულსა და ზაფხულში (მაისი-ივლისი), როდესაც თოვლი დნება, ეს სადგურები მაქსიმალურ ენერგიას გამოიმუშავებენ და ჭარბ ელექტროენერგიას ქმნიან. პირიქით ხდება ზამთარში - როცა მდინარეებში წყლის დონე მინიმუმამდე ეცემა, წყალი იყინება და წარმოება თითქმის ნულდება ან უკიდურესად მცირდება.
2025 წელსაც რუსეთიდან შემოტანილი ენერგიის უდიდესი ნაწილი ოკუპირებულმა აფხაზეთმა წაიღო, რაშიც სახელმწიფო ფულს არ იხდის. მაგალითად, იანვარ-თებერვალში რუსული იმპორტის 99%-ზე მეტი აფხაზეთმა მოიხმარა. თუ იმპორტიდან ოკუპირებული აფხაზეთის წილს გამოვაკლებთ, ირკვევა, რომ საქართველოს რეალური დეფიციტი 2025 წელს სულ რაღაც 5.81% იყო.
რატომ იგეგმება ახალი ჰესების მშენებლობა ასეთი აგრესიული ტემპით? პასუხი, როგორც წესი, ჰესების ახალი მეპატრონეების ინტერესებში უნდა ვეძებოთ.
2021-დან 2026 წლის დასაწყისამდე პერიოდში, ქვეყნის ქსელში 30 ახალი ჰესი ჩაირთო (მათგან 26 მცირე და 4 საშუალო სიმძლავრის). ამ ათობით ახლადაშენებული სადგურის ჯამური გამომუშავება ზამთრის პერიოდში ქვეყნის მოხმარების 1%-საც კი ძლივს აღწევს. მაგალითად: 2022 წელს ახალი ჰესების წილმა ზამთრის მოხმარებაში 0.44% შეადგინა; 2023 წელს - 0.13%; 2025 წელს - 1.01%.
გამოდის, რომ ბოლო 5 წელიწადში დაჩქარებული ტემპით აშენებულმა ათეულობით ჰესმა ზამთრის დეფიციტის გადაწყვეტაზე პრაქტიკულად ნულოვანი გავლენა იქონია. სამაგიეროდ, როგორც აღვნიშნეთ, ჰესების გამომუშავება ზაფხულში თითქმის 2.7-ჯერ აღემატება ზამთრის თვეების მაჩვენებელს და ჭარბ ენერგიას ქმნის. როცა ჰიდროგენერაცია მკვეთრად აჭარბებს მოხმარებას, ან წყალს ვღვრით მარეგულირებელი, წყალსაცავიანი ჰესებიდან (როგორიცაა ენგურჰესი, ხრამჰესი, შაორჰესი, ჟინვალჰესი და სხვა), ან დაგროვილი ჭარბი ენერგია ექსპორტზე უნდა გავიტანოთ.
2025 წელს საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა წინა წელთან შედარებით კატასტროფულად - 51.2%-ით შემცირდა და მხოლოდ 0.5 ტვტ.სთ შეადგინა. ეს ქვეყნის შიდა მოხმარების მხოლოდ 3.5%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ „ექსპორტიორის“ სტატუსზე საუბარიც კი ზედმეტია. ჩვენი ამ მცირე ექსპორტის 78.5% თურქეთში მიდის და ისიც მხოლოდ მაისსა და ივნისში; წლის დანარჩენ 10 თვეს ქვეყანა პრაქტიკულად არაფერს ყიდის.
თურქეთის ბაზარზე ფასების მკვეთრი კლებაა - მაისში ეს მაჩვენებელი საგრძნობლად დაბალი იყო და დაახლოებით 2.7 აშშ ცენტს შეადგენდა კვტ.სთ-ზე, არადა ახალაშენებული ჰესებიდან საქართველო ელექტროენერგიას ბევრად ძვირად ყიდულობს. 1 კვტ.სთ-ის ფასი მერყეობს 5.8 ცენტიდან 8.5 ცენტამდე. უფრო სწორედ, ასეთ გაზრდილ ფასადაც (8.5) მოგვიწევს ელექტროენერგიის შეძენა „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ჰესების მეპატრონეებთან გაფორმებული გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებით. ყველა ამ პროექტს, რომლის მშენებლობაც ახლა მიმდინარეობს ან დაგეგმილია, „ქართული ოცნების“ მთავრობამ სახელმწიფო მნიშვნელობის სტატუსი მიანიჭა.
დღეისათვის ქვეყანაში 113 მოქმედი ჰიდროელექტროსადგური გვაქვს. სამთავრობო განკარგულებების მიხედვით, დაგეგმილია ორჯერ მეტის - კიდევ 240 ჰესის მშენებლობა. ამ გიგანტური სიის აბსოლუტური უმეტესობა, 184 პროექტი, მცირე ჰესია. ყველაზე მეტი ჰესის მშენებლობა სვანეთში, რაჭასა და იმერეთშია დაგეგმილი: სვანეთში 47 ჰესი იქნება, რაჭაში - 41, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთშიც ამდენივე.
რატომ ვაშენებთ ამდენ მცირე ჰესს? შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რომ ეს ეფექტურია. მოდი, შევხედოთ არსებული მცირე ჰესების გამომუშავებას. ენერგობალანსის მიხედვით, წელს იანვარში საქართველოში მოქმედი 85-მდე მცირე ჰესის ჯამური გამომუშავება ზუსტად 59.276 მილიონ კვტ.სთ-ს შეადგენდა. ეს მოცულობა ქვეყნის მთლიანი შიდა მოხმარების ერთი დღის (და ოდნავ მეტი) სამყოფი დენია.
კიდევ უფრო საგანგაშოა მსხვილი პროექტების ფიასკო: 178 მეგავატიანი სიმძლავრის მქონე უზარმაზარმა შუახევი ჰესმაც კი ზამთარში, იანვრის თვეში, როცა დეფიციტი გვაქვს, სულ რაღაც 12 მილიონი კვტ.სთ გამოიმუშავა. რატომ ვაშენებთ მაშინ ახალ-ახალ ჰესებს?
ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების ჰესები
ახალი ჰესების აბსოლუტური უმეტესობა ყოფილ და მოქმედ მინისტრებს, მათი ოჯახის წევრებს, ყოფილ და მოქმედ დეპუტატებსა და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ გავლენიან პირებს ეკუთვნით:
- დავით სონღულაშვილი: „ქართული ოცნების“ მთავრობის გარემოს დაცვის მინისტრის ძმა და მამა 5 ჰესს აშენებენ ქვემო სვანეთში, ივანიშვილის პარლამენტის წევრთან, გოჩა ენუქიძესთან ერთად.
- გოჩა ენუქიძე: ჰესების აშენებას ქვემო სვანეთის გარდა ზემო სვანეთში, რაჭასა და გუდამაყრის ხეობაშიც გეგმავს. მესტიაში, „კასლეთი 1 ჰესის“ პროექტში ენუქიძის პარტნიორია „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი და პრორუსული პროპაგანდისტული მედიის, „პოსტივის“ მეპატრონე - ვიქტორ ჯაფარიძე.
- ალექსანდრე ჭიკაიძე: რაჭაში „ჭიდოლა ჰესს“ ააშენებენ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და მისი სეხნია, კრასნოდარის ცირკის დირექტორი, ასევე ალექსანდრე ჭიკაიძე.
- ალექსანდრე ხოჯევანიშვილი: ქობულეთში „აჭი 1 ჰესს“ ააშენებს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე.
- სულხან ზუმბურიძე და მამუკა პაპუაშვილი: „ბასრა ჰესების კასკადი“ გურიაში, გომისმთის ძირში და „როშკის ჰესების კასკადი“ (ხევსურეთში) სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილ ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს ეკუთვნით.
- ბიჭიკო პაიკიძე: „სულორის ჰესების კასკადს“ აშენებდა სუს-ის ყოფილ უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათლიმამა, „ქართული ოცნებიდან“ ვანის საკრებულოს წევრი. ლილუაშვილის დაკავებისა და პაიკიძეზე ძებნის გამოცხადების შემდეგ, პროექტი შეწყდა.
- კოკა კოკოლაშვილი: ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ცოლის ძმის სახელზეა 32 ჰესის პროექტი იმერეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში.
- ზაზა ფაჩულია და დავით ბეჟუაშვილი: ცნობილი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია აშენებს ჰესს მდინარე რიცეულაზე, რაჭაში. ამავე მდინარეზე ორი ჰესის მფლობელია ყოფილი დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი.
- არჩილ გაჩეჩილაძე: რაჭაშივე, ჯერჯერობით, 2 ჰესს აშენებს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი.
ამ პოდკასტით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ საუბარი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებაზე რამდენიმე მითზე დგას, რომლითაც პროპაგანდა ყოველდღიურად გვკვებავს. ეს მითები, შესაძლოა, სწორედ იმ მოტივითაა შეთხზული, რომ „ქართული ოცნების“ მოქმედ და ყოფილ წევრებს ყველა მდინარესა და ნაკადულში ჰესის ჩადგმა გაუადვილდეთ, ხოლო საეჭვო, კორუფციული გზით მიღებული ნებართვები კეთილშობილი მიზნებითა და ჩვენი ენერგოუსაფრთხოებით გამართლდეს.
სინამდვილეში, როდესაც რეალური პრობლემა ჩნდება, როგორიც არის ქვეყნის მასშტაბით სრული გათიშვა, სისტემას პასუხი არ აქვს. და როცა ის ჩიხში ექცევა, ახალ-ახალ მითებს თხზავს. ბოლო ასეთი მითი ორიოდე კვირის წინ მოვისმინეთ, თითქოს დენის გათიშვის მიზეზი არა მოშლილი სისტემა, არამედ საბოტაჟი იყო.
