საქართველოს პირველი პოლიტპატიმარი ქალი ბოლო 30 წლის ისტორიაში - მზია ამაღლობელის გზა. შუახევის სოფელ ჭვანადან, მშობლიური სახლიდან, გარდაბნის სოფელ მთისძირამდე, ქალთა ციხემდე, ასლან აბაშიძის რეჟიმიდან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმამდე. სახელმწიფოს მთელი ვერტიკალი ერთი ქალის წინააღმდეგ. რატომ და როგორ იკერება საქმე, რომელიც ისედაც პირდაპირ ეთერში გადაიცა.
მზია ამაღლობელი 12 იანვარს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო დააპატიმრეს, მაგრამ საქმე არა შეურაცხყოფისთვის, არამედ პოლიციელზე თავდასხმისთვის აღუძრეს. „ბრალის“ დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მოსამართლე: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში?
მზია ამაღლობელი: არა, არ ვცნობ თავს დამნაშავედ. თავს უკანონო პატიმრად მივიჩნევ. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურას საბოლოოდ ფეხი არ მოუკიდებია და მჯერა, მეც და სინდისის ყველა პატიმარიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას.
ჭვანა
მზია ამაღლობელი შუახევის სოფელ ჭვანაში დაიბადა. იქ გაატარა ბავშვობა, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. სამი ძმიდან ერთი ახალგაზრდამ დაკარგა. თვითონაც, ჯერ კიდევ სტუდენტმა, იქიდან მოყოლებული აიღო პასუხისმგებლობა ჯერ ძმისშვილების, შემდეგ მათი შვილების განათლებაზე. ოჯახმა ტელევიზორიდან შეიტყო იმის შესახებ, რომ მზიამ დაკავების წუთიდან შიმშილობა გამოაცხადა და მხოლოდ 38 დღის შემდეგ შეწყვიტა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძმებმა და ძმისშვილებმა შეუთვალეს, რომ ისინიც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავდნენ.
გაზეთი ბათუმელები
24 წლის წინ მზია ამაღლობელმა ეთერ თურაძესთან და თედო ჯორბენაძესთან ერთად გაზეთ „აჭარა პიესიდან“ წამოსვლა გადაწყვიტა. ისინი ჟურნალისტიკას სხვაგვარად ხედავდნენ და ასლან აბაშიძის ბათუმში ნამდვილი, კრიტიკული გაზეთის დაარსება გადაწყვიტეს. აბაშიძის გავლენისა და შეუზღუდავი უფლებების პირობებში დიდ გამბედაობას ახალგაზრდა ჟურნალისტებისგან არავინ ელოდა და გაზეთის დაფუძნებისთვის ხელი არ შეუშლიათ. პირველი ნომერი 2001 წლის 26 მაისს გამოვიდა.
ეთერ თურაძე: პრინტერი არ გვქონდა. პროცესორს მოვხსნიდით და ხელით მიგვქონდა სტამბაში, ქალაქის მეორე ბოლოში. ასე ვუშვებდით გაზეთს. პირველი ტირაჟი 300 ნომერი გამოვიდა. პერიოდულობას ვერ ვიცავდით და ვხუმრობდით, გამოდის, როცა გამოდის.
ყოველი ტირაჟი სავსე იყო ავტოკრატის მამხილებელი მასალებით. რედაქცია უძლებდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჟურნალისტების მიმართ, ტექნიკის არაერთხელ დაზიანებას ხელისუფლების მხრიდან. ბოლოს ასლან აბაშიძეს მოთმინების ფიალა აევსო და გაზეთი დახურეს.
ეთერ თურაძე: 2003 წელს დაგვხურეს სახელწოდების გამო. თითქოს, ვიღაცის სახელწოდება მოვიპარეთ. ასეთი ტრიუკი გამოიყენეს და დაგვხურეს.
ხელახალი რეგისტრაცია სხვა სახელით ბათუმში შეუძლებელი გახდა. ამიტომ „გაზეთი ბათუმელების“ დაფუძნება თბილისში მოუწიათ. მაშინ დონორების არსებობაც არ იცოდნენ. მათ თვითონ იპოვეს - პირველი ფონდი ღია საზოგადოება გამოეხმაურა და ელემენტარული ტექნიკა შეუძინეს. რაც უფრო პოპულარული ხდებოდა გაზეთი, მით უფრო აწუხებდა ის აბაშიძის რეჟიმს. ერთხელაც, სტამბასთან მორიგი ტირაჟის დაბეჭდვას ღამით მანქანაში ელოდებოდნენ
ეთერ თურაძე: ამ დროს მოვიდა პოლიცია. გვითხრეს, ეჭვი აქვთ, რომ ნარკოტიკული თრობის ქვეშ ვართ და დაგვაკავეს. მე და მზია ვიყავით მაშინ.
გზად დაკავებულებმა კოლეგასთან და ერთ-ერთ საელჩოსთან დარეკვა მოასწრეს. როცა ნახევარ საათში პოლიციას მათი გამოშვება მოუწია, შენობასთან მედია უკვე მობილიზებული იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, - არავითარი ნარკოტიკები და დაკავება, ჟურნალისტები ჩვენთან ინტერვიუსთვის იყვნენო.
ეთერ თურაძე: თუ არქივს ვნახავთ, ჩვენ მუდმივად ვწერდით პოლიციაზე, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს, მაგრამ ყველაზე უარესი სიტუაცია პოლიციაში არის ახლა, ანუ ახლა გაბედეს, რომ იმის გამო, რასაც ვაკეთებთ, დაეპატიმრებინათ ჟურნალისტი. აქამდე პატიმარი ჟურნალისტი და, მითუმეტეს, ქალი პატიმარი ჟურნალისტი არ გვყოლია. ახლაც არიან თანამდებობებზე ის პოლიციელები, რომლებსაც მაშინ ვაკრიტიკებდით, მაგრამ მათ არ გაუბედავთ მაშინ, რომ პერსონალურად გადაეწყვიტათ, ვინ უნდა დაეკავებინათ სისხლით და ვინ - არა.
სისტემა არის დღეს ყველაზე უარესი, ვიდრე ჩვენი ცხოვრების განმავლობაში გვინახავს. ყველაზე სასტიკი სისტემაა შექმნილი.
იმ სისასტიკეზე, რომელსაც პოლიციური რეჟიმი მოქალაქეების მიმართ იჩენს, „ბათუმელების“ გვერდზე დღესაც ბევრი იწერება და ხშირად ამ მასალების მთავარი გმირი, ქალაქის მთავარი პოლიციელი, ირაკლი დგებუაძეა.
ეთერ თურაძე: ესენი არ არიან სამართალდამცავები.
ეს არის შეიარაღებული ფორმირებული ბანდიტების დაჯგუფება. ბესელია-დგებუაძე ბათუმში ეწევა კრიტიკული აზრის ანგარიშსწორებას და მათ ამის უფლება, როგორც ჩანს, ძალიან მაღლა მისცეს.
მზიას დაპატიმრება
როგორც მაშინ, როდესაც ასლან აბაშიძეს ნერვებმა უმტყუნა და დაუმორჩილებელი ჟურნალისტების მოშორება გაზეთის დახურვით გადაწყვიტა, პოლიციურმა რეჟიმმა ახლაც ვერ მოითმინა და კიდევ უფრო ბრუტალურად ამოქმედდა. „ბათუმელებში“ საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ მზიას უკანონო პატიმრობა იყო შურისძიება მათი საქმიანობისთვის. მზიას დაკავებამდე სულ რაღაც 1 თვით ადრე პოლიციის უფროსი გამოცემის რედაქტორს დაემუქრა. ეთერ თურაძე ერთ-ერთ აქციას აშუქებდა, სადაც სამართალდამცავები ჩვეულებრივზე უხეშად იქცეოდნენ.
მუქარის ასრულების დროც დადგა. ბათუმში უწყვეტი აქციების 43-ე დღე იყო. 43 დღე იყო უწყვეტად აშუქებდა პროტესტს მზიას გამოცემაც, მაგრამ პირადად ის, ჩვეულებრივ, ოფისში რჩებოდა. 11 იანვარს მზია აქციაზე მას შემდეგ გავიდა, როცა პოლიცია მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ აგრესიული გახდა და რამდენიმე პირი დააკავეს. მათ შორის იყო მზიას კოლეგა და მეგობარი ციალა ქათამიძეც.
ციალა ქათამიძე: გაიგო, რომ დამაკავეს. გადაწყვიტა მოსულიყო საშველად. ვერ წარმოედგინა, რის გამო შეიძლებოდა დავეკავებინეთ.
ციალა პოლიციის წინ ქვაფენილზე სტიკერის დაკვრისთვის აიყვანეს მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედება ახალი, წარმოუდგენლად გამკაცრებული, დამახინჯებული კანონმდებლობითაც კი აკრძალული არ არის.
ეთერ თურაძე: მან თქვა, რომ ციალას მარტო არ დატოვებდა. ზუსტად იგივე აქტი განახორციელა, რის გამოც დააკავეს ციალა. ზუსტად იგივე სტიკერი გამოართვა ვიღაცას აქციაზე და მიაკრა პოლიციის დამხმარე შენობას.
კადრებში ისმის, რას ასახელებს ირაკლი დგებუაძე მზიას დაკავების მიზეზად - 150-ე მუხლი.
მოგვიანებით პოლიციელები არკვევენ, რომ 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება მათ არ აქვთ და გაყალბებულ ოქმს 173-ე მუხლით ადგენენ. ამტკიცებენ, რომ მზია პოლიციას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ვიდრე რიგითები ოქმს აყალბებდნენ, პოლიციის უფროსს, დგებუაძეს დრო არ დაუკარგავს და დაკავებული მამაკაცების ჭკუის სწავლებას შეუდგა. დაკავებული ქალები ამის მომსწრეები იყვნენ.
ციალა ქათამიძე: ირაკლი დგებუაძე სცემდა მალხაზ ირემაძეს. მალხაზი ოთხ ადამიანს ჰყავდა გაკავებული. ერთხელ სახეში დაარტყა და მეორედ მუშტი იმდენად ძლიერად დაარტყა, რომ კედელზე მალხაზის თავის მირტყმის ხმა გავიგონე.
მალხაზ ირემაძე: კართან ფეხი დამარტყა და როცა შემიყვანა, ორ ნიღბიანს ვეჭირე. ყველა გამოვიდა დერეფანში, მისი თანამშრომლები და აყურებინა, როგორ მირტყამს. თავი მიმარტყმევინა კედელზე. მასწავლებელი ვარ-მეთქი, რომ ვუთხარი, ორი იმდენი დამიმატა.
გადადიოდა, მედროშეს ურტყამდა, მერე გადმოდიოდა და მე მირტყამდა. ამას ასმენინებდა მზიასაც და ამ ზეწოლამ გავლენა იქონია მასზე“.
ასეთ ძალადობრივ გარემოში გაატარა მზიამ დაახლოებით ერთი საათი იქამდე, ვიდრე დაკავების უსაფუძვლობის გამო მისი გამოშვება გადაწყვიტეს. მზიას გამოსვლის მომენტში აქცია პოლიციასთან ჯერ კიდევ გრძელდებოდა, მაგრამ უკვე დასასრულისკენ მიდიოდა. პროტესტის მონაწილეებისთვის მოულოდნელად, პოლიციამ კიდევ ორი პირი აიყვანა. მზია ირაკლი დგებუაძისგან ითხოვდა პასუხს მისი ახლობლების, ძმები გაბაიძეების დაკავების გამო.
ეთერ თურაძე: როდესაც სილა გააწნა, დავინახე. შოკირებული ვიყავი. მზიასგან მსგავსი ქცევა მოულოდნელი იყო. ძალიან გაწონასწორებული ადამიანია.
კადრებში, სადაც კარგად ჩანს, როგორ შეჰყავთ მზია ცალი ფეხსაცმლით, კარგად ისმის ისიც, როგორ ამცირებენ მას, როგორ ემუქრება ირაკლი დგებუაძე.

სასამართლო
ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთის წინაშე უკვე არაერთმა პოლიციელმა დაიფიცა, მაგრამ ნაცვლად იმისა, მთელი შეგნებით ეთქვათ მხოლოდ სიმართლე და არაფერი დაემალათ, ერთმანეთის მიყოლებით ცრუ ჩვენებები მისცეს. აი, როგორ განმარტავენ იმ ფაქტს, რომ ადვოკატები მზიას დაკავების შემდეგ სრული 3 საათი ელოდებოდნენ პოლიციაში შესვლის ნებართვას.
ბერდია ფერაძე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი: ქალბატონ მზიას არ გამოუთქვამს სურვილი, რომ მას დასწრებოდა ადვოკატი ან მოეწვია ვინმე პირი. მსგავსი მოთხოვნა მისი მხრიდან არ ყოფილა.
მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ აგინა და აფურთხა. როგორც უკანონო პატიმარი იხსენებს, დგებუაძის აკრძალვის გამო მას დიდხანს არ აძლევდნენ წყალს და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალებას. ასევე 3 საათი გავიდა, ვიდრე ოჯახს ოფიციალურად შეატყობინეს მზიას დაკავების შესახებ.
მაია მწარიაშვილი, ადვოკატი: 3 საათი რამ შეგიშალათ ხელი?
თამარ კერესელიძე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებელი: 3 საათში ხომ ჩავეტიეთ?!
ადვოკატი: მზიამ გითხრათ, რომ არ ვსაჭიროებ ადვოკატსო?
გამომძიებელი: არა
ადვოკატი: მან გასაგებად, არტიკულირებულად თუ გითხრათ, რომ მას დაცვა არ ესაჭიროება ამ საქმეში.
გამომძიებელი: დიახ, ჩვენს შეკითხვაზე მან თქვა „არა“.
სასამართლო პროცესზე დამსწრე საზოგადოებისთვის ნათელი ხდება, ცრუ მოწმეების უაღრესად თბილი და მეგობრული დამოკიდებულება პროკურორებთან, - პირდაპირ უყურებ, როგორ უკრავენ თვალს ბრალმდებელს მისი მოწმეები.
ბრალი
რეჟიმის პატიმრის საქმეში მთავარი სიყალბე მისი ბრალია. მზია ამაღლობელს სილის გაწვნისთვის, ანუ შეურაცხყოფისთვის ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. არადა, პატაკში, რომლის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება, თავდაპირველად სწორედ ასე ეწერა - შეურაცხყოფა. შეურაცხყოფას კანონი მხოლოდ სამართალდარღვევად მიიჩნევს და დანაშაულად საერთოდ არ აკვალიფიცირებს.
მაია მწარიაშვილი - ადვოკატი, იურიდიული კომპანია „ბიელბის“ უფროსი პარტნიორი: არის მხოლოდ სილის ერთი შემოლაწუნება, რომელიც არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დისპოზიცია. ეს მუხლი გულისხმობს სიტყვიერ შეურაცხყოფას და სხვა შეურაცხმყოფელ ქმედებას. ყველას ვეკითხები ხოლმე თვალსაჩინოებისთვის, რომ შეეფურთხებინა, რა უფრო ცუდი სანახავი იქნებოდა? ყველა მპასუხობს - შეფურთხება უფრო ცუდი ინციდენტი იქნებოდა. ეს არის კლასიკური შეურაცხყოფა, „სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება“, რაც გვაქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ჩვენ გვაქვს წარდგენილი ბატონი ათაბეგაშვილის კომენტარი. ისიც იგივეს ამბობს - შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელს. შეურაცხყოფისთვის პატიმარი არსებობს მხოლოდ მზია ამაღლობელი, რაც არის სირცხვილი იმ სახელმწიფოსი, რომელსაც ცივილიზაციაზე აქვს პრეტენზია.
გამომძიებელმა ლევან გოგმაჩაძემ პროცესზე აღიარა, რომ პოლიციელზე თავდასხმის მუხლი მან მზიას პროკურატურასთან შეთანხმებით წაუყენა. ეს ერთადერთი საშუალება იყო, რომ ბრალდებული პატიმრობაში დაეტოვებინათ.
წინასწარი პატიმრობა
აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლოს სხვადასხვა შემადგენლობამ იმსჯელა და ყველამ გაითვალისწინა პროკურატურის აბსურდული არგუმენტები იმის შესახებ, რომ არსებობდა მიმალვის საფრთხე, არსებობდა განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რომ საფრთხე იყო, მზიას გავლენა მოეხდინა მოწმეებზე, მაშინ როცა საქმეში უკლებლივ ყველა მოწმე პოლიციელია.
რეჟიმი საფრთხეს მართლაც ელის მზია ამაღლობელის თავისუფლებისგან, ამას მზიაც არ მალავს:
მზია ამაღლობელი: „პატიმრობაში თუ არ ვიქნები, ზუსტად ვიცი რას გავაკეთებ. დანაშაულს არ ჩავიდენ იმიტომ, რომ არა ვარ კრიმინალი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის ევროინტეგრაციის და სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ და ეს თუ არის დანაშაული, მაშინ, ალბათ, უნდა დამტოვოთ პატიმრობაში.“
მოსამართლე ნინო სახელაშვილის უსაფუძვლო, უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება არ იყო ერთადერთი, რის გამოც რეჟიმის პატიმრის ადვოკატებმა მისი აცილება მოითხოვეს. სადავოა მისი განათლება და კვალიფიკაციაც.
მაია მწარიაშვილი, ადვოკატი: მან დაადასტურა, რომ არა აქვს ჩაბარებული სისხლის სამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და სისხლის სამართალიც არა აქვს ნასწავლი მაგისტრატურაში.
მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიმდინარე წლის 3 მარტს ევროკავშირის სამმა ქვეყანამ სწორედ მზია ამაღლობელის საქმისთვის დაასანქცირა. სამაგიეროდ, მზიას დაპატიმრების შემდეგ, ის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ დანიშნა.

მოსამართლე - მშვიდობას გისურვებთ!
შესაძლოა, უბრალო დამთხვევა იყოს, რომ სანქცირებული მოსამართლე საზოგადოებას ამ კოდური სიტყვებით ემშვიდობებოდა - ფაქტობრივად, ქართული ოცნების წინასაარჩევნო სლოგანით. სასამართლო ფორმალობების დაცვაში მოწმეების მიმართ აშკარად მიკერძოებული იყო. ამის საუკეთესო მაგალითად იქცა გრიგოლ ბესელიას დაკითხვის სხდომა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სხდომათა დარბაზში გატარებული რამდენიმე საათის განმავლობაში უკიდურესად ფამილარულად იქცეოდა. დემონსტრირებდა, რომ თავს შინაურულ გარემოში გრძნობდა. ყველაფრით ხაზს უსვამდა, რომ არა ნეიტრალურ სივრცეში, არამედ თავის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. როგორც ჩანს, ტრადიციაა - ისიც თვალს უკრავდა პროკურორებს, უადგილოდ ხუმრობდა. ხშირად არამოტივირებულად იცინოდა. მაგრამ მოსამართლეს მისი გადაჭარბებული რელაქსაცია სასამართლო დარბაზში უცნაურად არ მიუჩნევია. მოსამართლის ყურადღება მიმართული მზიას გულშემატკივრებით სავსე დარბაზისკენ იყო.
ნინო სახელაშვილი, მოსამართლე: სხდომის დარბაზში იმყოფებით, სადაც მზიას ბედი წყდება.
მზიას ბედით მოჭარბებულად შეწუხებულმა მოსამართლემ ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა ამჯერადაც ახალი დანაშაულის ჩადენის მომეტებული საფრთხით ახსნა. ეს საფრთხე კი სტიკერის გაკვრის ეპიზოდს დააყრდნო. ეს ყველამ პირდაპირ ეთერში ვნახეთ. მზია ბესელიამ დააკავა. ოქმში კი მის დამკავებლად სხვა პოლიციელი გაფორმდა. ყველამ პირდაპირ ეთერში ვნახეთ, რომ მზიამ სტიკერი უხმოდ გააკრა, ამისათვის დაკავების უფლება საერთოდ არ აქვთ. ამიტომ ოქმში მიუთითეს, რომ ის პოლიციელებს აგინებდა.
გიორგი ბჟალავა, ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილე: გავიმეორო ის სიტყვები? ბოზებოო და ასე შემდეგ.
ცრუ მოწმე, რომელიც ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის მან დააკავა, სასამართლომდე გამოკითხვის ოქმებში გინების სხვა ვერსიებს მიუთითებდა. თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს ეძახდა, „ძაღლებო, ღორებო, რუსეთის მონებო“.
მზია ამაღლობელი: 50 წლის ვარ. გინება უბრალოდ არ ვიცი. ვერც დახურულ ოთახში, ვერც საჯარო სივრცეში, ვერსად ვერ ნახავთ ჩემს გინებას. ამიტომ, გაიმეორეთ, რა სიტყვებით გაგინებდით. მინდა, ვიცოდე, როგორ ხედავთ საკუთარ თავს.
ცრუ მოწმეები
იმ დღეს, როცა მზია დაიჭირეს, აჭარის პოლიციის თანამშრომლების მტკიცებით, ყველა პოლიციელს სამხრე კამერა გათიშული ჰქონდა და საქმის არცერთ მოწმე პოლიციელს არ ახსოვს, არის თუ არა მათ შენობაში სათვალთვალო კამერები. ან არ ახსოვთ ის, მუშაობს თუ არა გამართულად ეს კამერები. ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს თავად პოლიციის უფროსი, ეგრეთწოდებული დაზარალებული ირაკლი დგებუაძეც.
უკლებლივ ყველა მოწმე ჩვენებაში არქაული ქართულით და იდენტურად აღწერს ინციდენტს, რაც ეჭვს აჩენს, რომ ყველას ტექსტს ერთი ავტორი ჰყავს. მაგალითად ისინი აღნიშნავენ, რომ მზიამ დგებუაძეს „ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე მოქაჩა ძლიერად თავისკენ.“
პროცესი მეოთხე თვეა მიდის და ამ დრომდე ბრალდების ყველა მოწმე პოლიციელია. გაურკვეველია, როგორ უნდა მოეხდინა მოწმეებზე ზემოქმედება პატიმრობაში მყოფ ქალს. პროკურატურისა და სასამართლოს მხრიდან ეს მისი წინასწარი პატიმრობის კიდევ ერთი არგუმენტია.
მაია მწარიაშვილი, ადვოკატი: ბატონი დგებუაძე თავად, ბესელია და დანარჩენი 6 პოლიციელიდან ნიღბიანია 5. გამომძიებელი ვიდეოშიც ვერ გვაჩვენებს, რომელი მოწმე სად დგას. ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეში ნიღბიანი პოლიციელი არ იციან ვინ არის და მზიას საქმეში იციან.
ვიდეო 44 წმ
11-12 იანვრის ღამეს ბათუმის პოლიციასთან მიმდინარე აქციას რამდენიმე საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში აშუქებდა რამდენიმე მედია. ლაივები ჰქონდათ ჩართული თავად აქტივისტებსაც, მაგრამ მზია ამაღლობელის საქმეში პროკურატურამ მტკიცებულებად ერთადერთი ჩანაწერი მოიტანა - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 44 წამიანი ვიდეო.
44 წამიანი ვიდეო, როგორც მტკიცებულება, საქმეს 4 მარტს დაერთო. წინასასამართლო სხდომა ვიქტორ მეტრეველს მიჰყავდა. მან დაუშვებლად ცნო პროკურატურის ერთადერთი და დაცვის უამრავი მტკიცებულება - მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველთა მხრიდან დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, დათვალიერების 13 ოქმი, 18 ვიდეო და 14 წერილობითი მტკიცებულება. როგორც მზიას ადვოკატები აცხადებენ, ამ გადაწყვეტილებას პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში არ მოეძებნება.
მაია მწარიაშვილი, ადვოკატი: უკანონო გადაწყვეტილებების მეტი რა მინახავს, მაგრამ ამ წუთში რეკორდი მოხსენით.
„ეს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, დაცვის უფლების გარეშე ტოვებს ბრალდებულს და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ნიშნებს შეიცავს“, - ამბობს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მოამზადა.
მაია მწარიაშვილი, ადვოკატი: ბრალდება მხარეა და იცის, სადაც უჭირს, მაგრამ სასამართლომ თქვას, რომ არც მინდა ვნახო, არც მოვისმინო და არც წავიკითხო - ასეთი რამე ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა.
ბრალდების მხარეს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ 4 მტკიცებულება აქვს:
- 44 წამიანი ვიდეო;
- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ დგებუაძეს გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა;
- თავად ეგრეთწოდებული დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, სადაც ის ამბობს, რომ სილა გააწნეს და ეტკინა;
- სხვა პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც გამოძიებას უდასტურებენ, რომ უფროსს ლოყა გაუწითლდა.
ეს ღიმილისმომგვრელი დეტალი სინამდვილეში უმნიშვნელოვანესია. იმისათვის, რომ თავდასხმის ბრალი დადასტურდეს, საჭიროა დაზარალებულად ცნობილ პირს ჯანმრთელობის ან სიცოცხლის საფრთხე შეჰქმნოდა.

კიდევ ერთი სილა
დგებუაძისთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ჩვენება.
გივი ჩხარტიშვილი - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი: ირაკლი დგებუაძეს სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას გარეგნულად სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
პროკურორი: ვიზუალურად როგორ იყო, რომ მოიყვანეს თქვენთან?
ექსპერტი: სიწითლეზე მეკითხებით?
პროკურორი: დიახ.
ექსპერტი: სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის. შესაბამისად, ეს არ არის ჩემი შეფასების საგანი. ჩემი შეფასების საგანი არის უშუალოდ დაზიანების ობიექტური ნიშნების შეფასება.
ანუ სიწითლე მეც მაქვს ახლა, ალბათ, სახეზე, მაგრამ ხელი არავის არ დაურტყამს, ხომ?!
პროკურორი: თქვენ აღნიშნეთ, რომ ტკივილს აღნიშნავდა და მიუთითა, რის გამო ჰქონდა ეს ტკივილები სახეზე?
ექსპერტი: ტკივილი არის სუბიექტური ცნება, სუბიექტური ჩივილი. შესაბამისად, როგორც სამედიცინო ექსპერტი, მისი შეფასების კომპეტენცია მე არ გამაჩნია.
ადვოკატი: ბ-ნი დგებუაძე რომ სიმულირებდეს, ამის გამოცნობის რაიმე მეთოდი არა გაქვთ?
ექსპერტი: არა, როგორც სამედიცინო ექსპერტს, არა.
ადვოკატი: ანუ მას შეუძლია სიმულირებდეს, ანუ დაშვება ერთნაირია, სიმულანტია თუ მართლა სტკივა, ხომ?
ექსპერტი: ჰო, ოღონდ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის
ადვოკატი: მადლობა.
აწითლებული ლოყის ეფექტის ჩავარდნის შემდეგ პოლიციის არსენალში სხვა საშუალება გამოიძებნა - ხმის ეფექტი.
გრიგოლ ბესელია, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი: ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ... მაგ ფაქტის შემდეგ დაიშალა საერთოდ აქცია. მართლა გეუბნებით. იმის შემდეგ აქცია აღარც გაგრძელებულა, 3-4 კაცი დარჩა იმიტომ, რომ აქციის წევრებიც მაგას იძახდნენ პირად საუბრებში, რომ აპატიეთო ქალბატონს, ანერვიულებული იყოო და შეეშალა, ვერ გიცნო, ან რაღაც ეგეთი მოხდაო.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი მთელი პროცესის განმავლობაში შენიშვნებს აძლევდა ყველას, ვინც მზია ამაღლობელის ქმედებას სილის გაწვნას უწოდებდა. მას კარგად ესმის, რომ ამ ქმედების სისხლის სამართლის დანაშაულად და თავდასხმად მონათვლა საზოგადოების თვალში რთული იქნება.
გრიგოლ ბესელია - აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი: ხელი რომ დაარტყით პოლიციელს ის სხვა იყო, ალბათ, თქვენ არ იყავით.
მზია ამაღლობელი: სილა რომ გავაწანი, ნამდვილად მე ვიყავი.
გრიგოლ ბესელია: ახალი ამბავია რაღაცა ეს. ხელის დარტყმაში თქვენ იყავით და პოლიციელის შეურაცხყოფაში თქვენ არ იყავით.
ეს ირონია მონაგონია იმასთან, რასაც მზია ამაღლობელის საქმესთან მიმართებაში პროკურატურასთან, პოლიციასთან და სასამართლოსთან სინქრონში ავლენენ ქვეყნის პოლიტიკური აქტორები.
მთელი სისტემა ერთი ქალის წინააღმდეგ
პოლიტიკოსების ყველა განცხადება, რომელიც მზია ამაღლობელის საქმეზე წარმოითქვა და მრავალგზის დაარღვია მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია, რეჟიმის პატიმრის ადვოკატებმა სასამართლოში მტკიცებულებად მიიტანეს, თუმცა მათაც იგივე ბედი ეწიათ, რაც სხვა ამორიცხულ სამხილებს.
პოლიტიკური შემადგენლობისგან საქმის დაცლას ითხოვს ის მხარე, რომელიც 4 თვის განმავლობაში ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, სინდისის პატიმარი ბოროტმოქმედად გამოაცხადოს ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან და რამდენადაც ამისათვის ფაქტები არ არსებობს, ახალ-ახალი გარემოებები გზადაგზა შეთხზას.
კობახიძე
„მსხვერპლი არ არის მზია ამაღლობელი, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს. მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა“ – „რუსთავი 2“-ის ეთერში გაკეთებული განცხადების შემდეგ, პირველივე სხდომაზე მზია ამაღლობელის უფლებადამცველებმა მოითხოვეს, ეს ჩანაწერი საქმეს მტკიცებულების სახით დართვოდა.
მაია მწარიაშვილი, ადვოკატი: „საქმეში დევს პატაკი, რომელიც ამბობს, რომ მზიამ მიიღო დავალება და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ მზიამ მიიღო დავალება, რომ უნდა მიეყენებინა ეს შეურაცხყოფა ბ-ნი დგებუაძისთვის. საქმეში, დიახ, დევს ეს პატაკი, რომელიც წყაროს არ უთითებს, საიდანღაც მისთვის ცნობილია და ლოგიკურია ეჭვი, რა ვიცით, ეს წყარო ეგება და კობახიძეა. საიდან იცის პრემიერმა, საქმეში რა პატაკი დევს? საიდან იცის? მე შემიძლია დავუშვა, რომ მას ამ საქმეს, რა ვიცი, ახსენებენ? უთანხმებენ? მანამ უთანხმებენ? მერე უთანხმებენ? სწორედ ეს გახლავთ ევროპული კონვენციის 18-ე მუხლის დარღვევა, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობდით“.
სანქცირებულმა მოსამართლემ კობახიძის განცხადება მტკიცებულებად
არ დაურთო. ეს თავიდანვე სავარაუდო იყო. ისევე, როგორც გასაგებია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის მოტივაცია, მზია ამაღლობელის ქმედება უცხოეთიდან ნაკარნახევად, დაკვეთად და დავალებად მონათლოს. საქმე იმაშია, რომ კანონი თავდასხმად ქმედებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ეს აქტი წინასწარი განზრახვით არის ჩადენილი. აქამდე ბრალდება ამტკიცებდა, რომ მზიას მოტივაცია პოლიციელზე შურისძიება იყო. ირაკლი კობახიძე კი უფრო ღრმად ჩავიდა, უფრო დიფ სთეითში.
ეგრეთწოდებულმა დაზარალებული კარგად ვერ ცნობს ხმას, რომელიც მზიას დაკავების ვიდეოში იგინება და იმუქრება - სისხლით დავიჭერ. აღიარებს, რომ მის ხმას წააგავს, მაგრამ გვარწმუნებს, რომ ასეთივე ხმა სხვა პოლიციელებსაც აქვთ.
ბათუმის პოლიციის უფროსს, რომელსაც ზურგს მთელი პოლიციური სისტემა უმაგრებს, ადამიანები არაერთ ძალადობაში, არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. სწორედ ის გვესაუბრება კანონის სახელით.
მაია მწარიაშვილი, ადვოკატი: „მთელი სისტემა მუშაობს, თორემ ერთი გამომძიებელი, ერთი პოლიციის უფროსი ამ ტიპის ზეგავლენას ვერ მოახდენდა საქმის შედეგზე. სისტემა მოქმედებს ორკესტრირებულად, საშინლად, უხეშად. უდანაშაულობის პრეზუმფციის ასეთი ფორმით დარღვევები ძალიან იშვიათია და გამაოგნებელი იქნება ცივილიზებული სამყაროსთვის და სტრასბურგის სასამართლოსთვის, მათ შორის.
ეთერ თურაძე: ჩვენ, დამოუკიდებელ მედიას, გვებრძვის სისტემა ორკესტრირებულად და სიტყვისა და გამოხატვის შეზღუდვისთვის ყველა ძალა შეკრებილია.
შეკერილი საქმე
თავდასხმის კვალიფიკაციისთვის ასევე აუცილებელია სახეზე იყოს განსაკუთრებით ძალადობრივი, აგრესიული აქტი. ის დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან. მზია ამაღლობელის ქმედება კი - გაშლილი ხელი, რომელიც დგებუაძეს სახეში მოხვდა, ამ ელემენტებს არ შეიცავს. სწორედ ამიტომ არის, რომ ინციდენტი, რომელიც ყველამ პირდაპირ ეთერში ნახა, ცრუ მოწმეებით და გაყალბებული ოქმებით არის სავსე. ამიტომაა, რასაც 4 თვის განმავლობაში სასამართლო დარბაზში ვუყურებთ, საქმის განხილვის ნაცვლად, საქმის კერვას ჰგავს.
ეთერ თურაძე: მზიას საქმეზე ყველაფერი არის გაყალბებული. მას ორკესტრირებულად ებრძვის მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი. ყველა ინსტრუმენტი, ყველა ინსტიტუცია გამოყენებულია მზიას წინააღმდეგ, რომ ის დატოვონ საპატიმროში.
რეჟიმის პატიმრის საქმეს თან ერთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 20-მდე მსგავს შემთხვევაზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვით, პოლიციელზე თავდასხმად არ შეფასდა ისეთი ძალადობრივი ქმედებებიც კი, როგორც არის პოლიციელისთვის თავში ბოთლის ჩარტყმა, თავში ქვის ჩარტყმა, სახეში მუშტის არაერთხელ გარტყმა, რასაც თვალბუდისა და ტუჩის დაზიანება მოჰყვა, 4 პირის მიერ 2 პოლიციელის ცემა, საზარდულში წიხლის ამორტყმა და არაერთი სხვა. „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები კი, სამთავრობო მედიებთან, პროსახელისუფლებო ექსპერტებთან, მათ პრორუსულ, ანტილიბერალურ მოკავშირეებთან ერთად ანტიდასავლური ფეისბუქ გვერდებითა თუ ეთერებით ერთობლივ კამპანიას ეწევიან და ამტკიცებენ, რომ სახეში სილის გარტყმა სინამდვილეში თავდასხმაა, არა სამართალდარღვევა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაული, დაკვეთილი და დავალებული დიფ სთეითის მიერ.
მზია ამაღლობელს პირველ დაკავებასთან დაკავშირებულ საქმეზე, რაც არაფერი იყო სტიკერის გაკვრის გარდა, მაგრამ შეიკერა, როგორც პოლიციელების გინება, პატიმრობაში მყოფს ჯარიმა დააკისრეს - 2 000 ლარი.
საქმე უკვე გასაჩივრებულია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საჩივრით დასაბუთებულია, რომ უკანონო პატიმრის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება , პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, გამოხატვის თავისუფლება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარს პოლიციამ უპასუხა, რომ უკან არ დაიხევენ და ორიოდე დღეში მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ახალი ოქმი შეადგინეს - შემთხვევიდან უკვე 4 თვის თავზე სტიკერის გაკვრისთვის. სასამართლო ახალ ადმინისტრაციულ საქმეს 9 ივნისს განიხილავს.

დამოუკიდებელი ქართული მედიის წინააღმდეგობის სიმბოლო
მზია ამაღლობელის საქმეში ვკითხულობთ, რომ 50 წლის განმავლობაში მას არათუ რაიმე დანაშაული, ერთი სამართალდარღვევაც არ ჩაუდენია. ასეთივე უმწიკვლოა მისი პროფესიული რეპუტაციაც. იმ დღიდან დაწყებული, როცა პრინტერის გარეშე გაზეთის გამოცემა გადაწყვიტა, დღემდე, როგორც ორი ავტორიტეტული მედია გამოცემის „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, არ დაუთმია მთავარი - თავისუფლება პოლიტიკური გავლენისაგან. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას ქართული ჟურნალისტიკის სინდისს, სწორედ ამიტომ იქცა ის სინდისის პატიმრად და კრიტიკული მედიის სიმბოლოდ ამ ქვეყანაში.
ეთერ თურაძე: რომ არა მზია, გამოცემები, „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“ ასეთი ვერ იქნებოდა. ეს მზიას მხრებზე იდგა. მისი პირადი ტვირთი იყო, რომ გამოცემამ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა. ის ამ ტვირთს მარტო ეზიდებოდა. ძალიან ბევრი ცდუნება და რისკი იყო ამ გზაზე, რომ დამოუკიდებლობისა და ვინმეს ინტერესის არგატარების სტანდარტი ხელიდან გაქცეოდა, მაგრამ მას ეს ძაფი არცერთხელ არ გაუშვია ხელიდან.
მზია ამაღლობელმა მთელი შეგნებული ცხოვრება ადამიანების უფლებების დაცვას მიუძღვნა. ის 30 წლის განმავლობაში ჯერ თვითონ სწავლობდა და შემდეგ სხვებს ასწავლიდა, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი და დღესაც კი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში, ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებული, ამ ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის მუშაობს. იქიდან სხვებსაც მოგვიწოდებს - იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის.
12 იანვარს მზია ამაღლობელი ქართული კრიტიკული მედიის სიმბოლოდ იქცა, ყველა კეთილსინდისიერი ჟურნალისტის, რომელსაც პროფესიაში სხვა არაფერი ესაქმება, თუ არა სილა გააწნას ავტორიტარებს, სახელმწიფოს მიმტაცებლებს, არჩევნების, ოქმების, ჩვენებების, მტრისა და მოყვრის გამყალბებლებს და საკუთარი ქვეყნის ერთგულ მოდარაჯედ დარჩეს. რეჟიმი ამ სიმბოლიზმს ცხადად ხედავს და მზიას სახით მთელ დამოუკიდებელ კრიტიკულ მედიას სჯის. წინა თაობების პოლიტიკური ფეოდალების რეკორდებს აუმჯობესებს და საარქივო მასალებს ხერხემალში გადამტვრეული, სიკვდილს ძლივს გადარჩენილი თუ ვერგადარჩენილი ჟურნალისტების შესახებ სამუდამოდ ამატებს ახალ ჩანაწერს - მზია ამაღლობელი - პირველი პოლიტპატიმარი ქალი დამოუკიდებელი ბოლო 30 წლის ისტორიაში.
ავტორები:
მაია ლომიძე
გელა მთივლიშვილი