მკვლელების მფარველობა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

როცა მედიას მთელი ყურადღება „ქართული ოცნების“ რუსულ კანონპროექტებზე აქვს გადატანილი, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს პანკისის ხეობაში ორგანიზებული შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილეებს, რომლებმაც ახმეტის პოლიციის უფროსის და 10-მდე პოლიციელის თვალწინ ერთი ადამიანი ჩაცხრილეს, ერთი კი დაჭრეს. პროკურატურამ შეიარაღებული ჯგუფის წევრებს შეღავათი აქამდეც გაუწია და არასწორი ბრალის წარდგენით, მათ უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენა აპატია, რითიც უვადო პატიმრობას გადაარჩინა.

დაპირისპირება ჰესების მშენებლობის გამო

პანკისში გვარებს შორის დაპირისპირება ხეობაში კიდევ ორი ახალი ჰესის მშენებლობის გამო დაიწყო. მოსახლეობის პროტესტის შედეგად სამშენებლო სამუშაოები შეწყდა, თუმცა 2019 წლის 21 აპრილს, კომპანია „ალაზანი ენერჯიმ“ ჰესის მშენებლობა სპეცრაზმის თანხლებით განაახლა, რასაც პანკისელებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოჰყვა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ოფიციალური მონაცემებით, 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. შეტაკების დროს ადგილობრივებმა ცეცხლი წაუკიდეს საპოლიციო ტექნიკას, დაწვეს ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორიც.

„ხადორი 3“ და „სამწყურისწყალი 2“ ჰესების მშენებლობას მუთოშვილების გვარი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა, ქავთარაშვილებისა და ფარეულიძეების გვარების წარმომადგენლები კი მხარს უჭერდნენ. იმ პერიოდში, ახმეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე მათე ქავთარაშვილი ჰესის მშენებელ კომპანიაში დაასაქმეს. „ქართული ოცნების“ აქტივისტი მერაბ ქავთარაშვილი კი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლად დაინიშნა. ჰესების მშენებლობის მომხრეთა ჯგუფს სათავეში ედგა სალაფიტური ისლამის თემის ერთ-ერთი ლიდერი, ბიზნესმენი ვახტანგ ფარეულიძე, რომელიც „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრის, ლაშა იორდანიშვილის მეგობარი და ხეობაში მისი ლობისტია. მათ არაერთხელ სცადეს ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა გადაბირება - მოლაპარაკებითა და დაშინებით:

  • ომალოში მცხოვრებ შენგელი ტოხოსაშვილს ქუჩაში მაშინ დახვდნენ, როცა ის თბილისიდან ბრუნდებოდა. ტოხოსაშვილმა მანქანა არ გააჩერა, რის შემდეგაც მას დაედევნენ და დაეჯახნენ. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ღობეს შეასკდა. მანქანიდან გადმოსულს თავს დაესხნენ და სცემეს. თავდამსხმელებს შორის იყო მურად ქავთარაშვილიც. ადათობრივი სამართლით საქმის გარჩევის შემდეგ, შენგელი ტოხოსაშვილს მურად ქავთარაშვილმა სხვა მანქანის შესაძენად თანხა გადაუხადა.
  • მურად ქავთარაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე მახო მუთოშვილსაც, რომელმაც ცემის შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღო.
  • მურად ქავთარაშვილი და მისი დაჯგუფების წევრები თავს დაესხნენ ზაურ მუთოშვილსაც და იარაღის კონდახი ჩაარტყეს.
  • მურად ქავთარაშვილს კონფლიქტი ჰქონდა გელა მუთოშვილთანაც, რომელიც ხეობაში ასევე აპროტესტებდა ჰესების მშენებლობას.

დაპირისპირებულების შერიგებას თვეების განმავლობაში ცდილობდნენ ქისტი უხუცესები, მაგრამ ვერ შეძლეს.

შეიარაღებული დაპირისპირება და მკვლელობა საკობიანოში

2019 წლის 27 ნოემბერს, სოფელ საკობიანოს გადასახვევთან, ხუთი შვილის მამა, 36 წლის ვისური მუთოშვილი მოკლეს.

ამ ამბავს ახმეტის პოლიციის უფროსი (ყოფილი) ლევან გაბუნია, სისხლის სამართლის საქმეში ასე აღწერს:
„შუადღეს მოადგილეებთან და ინსპექტორ-გამომძებელთან ერთად მივდიოდი პანკისის ხეობაში, სოფელ ძიბახევში მშენებარე პოლიციის შენობის დასათვალიერებლად და შესამოწმებლად. სოფელ მატანთან, ე.წ. „რაციაზე“ დუისის განყოფილების უფროსმა თეიმურაზ არაბულმა ითხოვა დახმარება, რომ სოფელ საკობიანოს გადასახვევთან ორმხრივი სროლა იყო. 5 წუთში შემთხვევის ადგილზე ვიყავით. მანქანა როცა გავაჩერე და გადმოვედით, დავინახეთ, რომ ისროდნენ. დავიყვირე, რომ პოლიციიდან ვიყავი და იარაღიდან ორჯერ გავისროლე, თუმცა გასროლამ შედეგი არ გამოიღო. განყოფილების უფროსმა მითხრა, რომ ორი დაპირისპირებული მხარე ერთმანეთს ებრძოდა. პოლიციელების ნაწილი ქავთარაშვილების გვარის წარმომადგენლებისკენ გავგზავნე, მე და რამდენიმე თანამშრომელი მუთოშვილების გვარის წარმომადგენლებთან მივედით. რამდენიმე ადამიანმა მოგვისმინა, ერთ-ერთმა მუთოშვილმა „ტოიოტა კამრის“ კარი გამოაღო და თავისი ავტომატი, ისე, რომ დამენახა, დემონსტრაციულად ჩადო მანქანაში. ამის შემდეგ მას გამოვართვი მანქანის გასაღები, დავკეტე კარი და დავიწყე ხალხის გაყვანა, რადგან სროლა გრძელდებოდა და ვინმეს დაკავების დრო არ იყო. ვისური და რუსლან მუთოშვილები აგრესიულები იყვნენ. სხვა დანარჩენებმა მომისმინეს და მიდიოდნენ ჩემს მიერ მითითებული უსაფრთხო ადგილისკენ, ეს ორი პირი კი ხელით მეჭირა. ორივეს ერთდროულად ვერ ვიმორჩილებდი. ისინი ჩემთვის გაუგებარ ქისტურ ენაზე ყვიროდნენ რაღაცას, სავარაუდოდ, იგინებოდნენ. როგორც დავინახე ქავთარაშვილების ჯგუფიდან გამოიქცა ორი პიროვნება, ერთი რამაზ ხანგოშვილი და მეორე არბი ქავთარაშვილი. ორივე წამოვიდა ჩვენი მიმართულებით. ამ დროს, მე, ორივე პიროვნება, ვისური მუთოშვილი და რუსლან მუთოშვილი ხელით მეჭირა. რამაზ ხანგოშვილი და არბი ქავთარაშვილი მოგვიახლოვდნენ. რამაზ ხანგოშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან, კერძოდ პისტოლეტიდან, დაახლოებით 2-3 მეტრიდან ისროლა ჩვენი მიმართულებით. ჩვენი მიმართულებით იმიტომ ვამბობ, რომ ჩემთან ერთად იდგნენ რუსლან მუთოშვილი და ვისური მუთოშვილი. ჩემმა თანამშრომლებმა შეძლეს შეეშალათ ხელი და რამაზ ხანგოშვილს იარაღი დააგდებინეს. რამაზ ხანგოშვილს დაეხმარა არბი ქავთარაშვილი, აიღო ძირს დაგდებული პისტოლეტი და ორჯერ ესროლა ვისური მუთოშვილს. ვისური მუთოშვილი ჩაიკეცა. მას დაზიანება ქონდა მენჯის არეში, სისხლი სდიოდა. ერთ-ერთი „პიკაპის“ საბარგულით დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. როდესაც არბი ქავთარაშვილი ვისური მუთოშვილს ესროდა, არცერთ მუთოშვილს იარაღი არ ეჭირა“.

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ვისური მუთოშვილის მოკვლამდე რამაზ ხანგოშვილმა, მოკვლის განზრახვით ესროლა რუსლან მუთოშვილს, რომელმაც სახის არეში დაზიანება მიიღო.  

რამაზ ხანგოშვილი და არბი ქავთარაშვილი 1-ელ დეკემბერს დააკავეს. არბი ქავთარაშვილი მიმალვაში იყო და თან ჰქონდა „ზიგზაუერის“ პისტოლეტი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

პროკურატურამ რამაზ ხანგოშვილს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით (19-108) წარუდგინა, არბი ქავთარაშვილს კი განზრახ მკვლელობის (108) და 237-ე და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, უკანონოდ შენახვა და ტარება).

 

არბი ქავთარაშვილის ალიბი

თელავის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას არბი ქავთარაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და თქვა, რომ მას ვისური მუთოშვილის მოკვლა არ სურდა, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა: „როდესაც ვისური მუთოშვილს მივუახლოვდი, მან ხელი უკან წაიღო და ფეხში ვესროლე. მე კარგი მსროლელი ვარ და მოკვლა თუ მინდოდა, ფეხში არ ვესროდი. ასევე არ მქონდა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი“.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა არბი ქავთარაშვილის ჩვენება არ გაიზიარა და აუცილებელი მოგერიება გამორიცხა.

  • ის ფაქტი, რომ ვისური მუთოშვილის მკვლელობა განზრახული ჰქონდათ რამაზ ხანგოშვილსა და არბი ქავთარაშვილს დასტურდება მათივე ქმედებით. კერძოდ, ვისური მუთოშვილს ჯერ ესროლა არბი ქავთარაშვილმა, მაგრამ მისი მოკვლა ვერ შეძლო. ტყვია ააცილა და სროლის საშუალება აღარ მისცეს პოლიციელებმა. მას შემდეგ, რაც იარაღი დაუვარდა ძირს რამაზ ხანგოშვილს, პისტოლეტი ხელში აიღო არბი ქავთარაშვილმა და დაასრულა განზრახვა. 2-3 ჯერ ესროლა ვისურ მუთოშვილს, თუმცა მხოლოდ ერთი ტყვია მოარტყა და მოკლა.
  • ამ დროს ვისური მუთოშვილის გვერდით დგას ახმეტის პოლიციის უფროსი ლევან გაბუნია. მიუხედავად პოლიციელის ადგილზე ყოფნისა, რომ არსებობდა მისთვის დაზიანების მიყენების საფრთხე, არბი ქავთარაშვილმა რამდენჯერმე ესროლა ვისური მუთოშვილს. სასამართლო ვერ გაიზიარებს არბი ქავთარაშვილის ჩვენებას, რომ ვისური მუთოშვილმა უკან წაიღო ხელი, მას ამიტომ შეექმნა საფრთხე და ჩათვალა, რომ ვისური მუთოშვილი ესროდა. დადგენილია, რომ მკვლელობის მომენტში ვისური მუთოშვილი შეიარაღებული არ ყოფილა.
  • არბი ქავთარაშვილს თუ მხოლოდ შეშინების მიზანი ჰქონდა, მეორე გასროლის აუცილებლობა აღარ არსებობდა, ვინაიდან ვისური მუთოშვილი საფრთხეს არ წარმოადგენს, იგი თავს არ ესხმის არბი ქავთარაშვილს, თან გვერდზე უდგას პოლიციელი, რომელსაც საქამრით უჭირავს ვისური მუთოშვილი, არ აძლევს გადაადგილების საშუალებას. სწორედ ამ ვითარებაში ესვრის და კლავს მას არბი ქავთარაშვილი.

 

პროკურატურის შეღავათი ბრალდებულებს უფრო მძიმე დანაშაულის საპატიებლად

სასამართლო გაოცებას ვერ მალავს, რომ ბრალდების მხარემ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა არბი ქავთარაშვილისა და რამაზ ხანგოშვილის მოქმედებას. არ იმსჯელა დაპირისპირებული ჯგუფის შეიარაღებულ სხვა წევრებზეც. მსუბუქი ბრალდების წარდგენის გზით, უსაფუძვლო შეღავათი გაუწია არბი ქავთარაშვილსა და რამაზ ხანგოშვილს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ბრალმდებელს ავალდებულებს სრული მოცულობით ჩაატაროს გამოძიება, ხოლო სასამართლოში კი მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას.

სასამართლო სხდომაზე დადგინდა და საქმის მასალებით, მათ შორის, არასადავო მტკიცებულებებითაც დასტურდება, რომ ვისური მუთოშვილის მკვლელობის დროს არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი მოქმედებდნენ ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვით, რაც გამოძიების ეტაპზე არ შეფასებულა. ვისური მუთოშვილის მკვლელობა ჯერ რამაზ ხანგოშვილმა სცადა და მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო, პირველი ტყვია ააცილა. მეორე გასროლის საშუალება კი პოლიციელებმა არ მისცეს, იარაღი დააგდებინეს ხელიდან. საყურადღებოა, რომ რამაზ ხანგოშვილს ბრალად ერაცხება სხვა პირის, შემთხვევის ადგილზე მყოფი, რუსლან მუთოშვილის მკვლელობის მცდელობა. ანუ მან, იმ დღეს სცადა მოეკლა რუსლან მუთოშვილი და ვისური მუთოშვილიც, ორი პირი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას წარმოადგენს. ვისური მუთოშვილის მკვლელობა სისრულეში მოიყვანეს იმ დროს, როდესაც ვისური მუთოშვილის გვერდით დგას პოლიციელი. ამ ვითარებაში გასროლით არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი საფრთხეს უქმნიან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც, ესეც წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას. (მუთოშვილის გვერდით ამ დროს ახმეტის პოლიციის უფროსი ლევან გაბუნია იდგა).

საერთო დანაშაულებრივ განზრახვას ადასტურებს ასევე ის, რომ პისტოლეტი, რომლიდანაც არბი ქავთარაშვილმა ვისური მუთოშვილს ესროლა, ეკუთვნის ახმეტის რაიონში სოფელ დუისში მცხოვრებ ბაქარ ფარეულიძეს. არასადავო მტკიცებულებების მიხედვით, ბაქარ ფარეულიძის პისტოლეტს ნებართვის გარეშე დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა არბი ქავთარაშვილმა. ამ ნაწილში მას ბრალიც ერაცხება. სწორედ ეს იარაღი მოხვდა რამაზ ხანგოშვილის ხელში და პირველად ის ცდილობს ვისური მუთოშვილის მოკვლას. რა ვითარებაში და რატომ გადასცა არბი ქავთარაშვილმა იარაღი რამაზ ხანგოშვილს, ან მისი ნებართვის გარეშე დაეუფლა თუ არა იარაღს რამაზ ხანგოშვილი, ეს გარემოება გამოძიების დროს არ შეფასებულა. გამოძიებისთვის ცალკე მსჯელობის საგანი უნდა ყოფილიყო, თუ პირველი რატომ ცდილობს რამაზ ხანგოშვილი ვისური მუთოშვილის მკვლელობას. რამაზ ხანგოშვილი წარსულში, 2011 წლის 21 ნოემბრის განაჩენის მიხედვით, მკვლელობისთვის იყო გასამართლებული. მასზე გავრცელდა ამნისტია და მოეხსნა ნასამართლობა. პისტოლეტი მის ხელში რამდენად შემთხვევით მოხვდა და ესეც ხომ არ იყო ერთიანი განზრახვის დამადასტურებელი ქმედება, არც ამ ნაწილში უმსჯელია პროკურატურას. არ შეუფასებია, თუ რატომ არ არის არბი ქავთარაშვილის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის რამაზ ხანგოშვილისთვის გადაცემა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღება და თვითონ რამაზ ხანგოშვილს რატომ არ აქვს შეძენა.

„ძალზედ სამწუხაროა, რომ მკვლელობის ნაწილში, მათ არასწორი ბრალდების წარდგენის გზით ეპატიათ უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენა“, - წერს მოსამართლე მამუკა წიკლაური განაჩენში და აღნიშნავს, რომ სასამართლო არ არის დევნის განმახორციელებელი ორგანო და არ აქვს უფლებამოსილება დაამძიმოს წარდგენილი ბრალდება.

იმ შემთხვევაში თუ რამაზ ხანგოშვილსა და არბი ქავთარაშვილს პროკურატურა ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წაუყენებდა, განზრახ მკვლელობა ჯგუფურად ან ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, მათ 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.

სასამართლო განაჩენში ყურადღებას ამახვილებს, რომ პროკურატურამ სათანადოდ არც იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებისა და გადაცემი ფაქტები გამოიძია.

ბაქარ ფარეულიძემ გამოძიებას განუმარტა, რომ არბი ქავთარაშვილმა მისი ნებართვის გარეშე, მისი მფლობელობიდან გაიტანა ცეცხლსასროლი იარაღი, რასაც უდასტურებდა არბი ქავთარაშვილი. გამოძიება ენდო ასეთ ჩვენებებს ისე, რომ არ გადაამოწმა მათი სისწორე, არ გამორიცხა იყო თუ არა დანაშაულებრივი კავშირი არბი ქავთარაშვილსა და ბაქარ ფარეულიძეს შორის და ადგილი ხომ არ ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებას, ნებაყოფლობით გადაცემის გზით. გამოძიება არ დაინტერესებულა, შეძლებდა თუ არა არბი ქავთარაშვილი იმ ადგილის ჩვენებას, სადაც ინახებოდა იარაღი. თუ მართლა სეიფში ინახებოდა რა საშუალებით გახსნა იგი. არ შესწავლილა სეიფის საკეტი მექანიზმი, აღენიშნებოდა თუ არა მექანიკური დაზიანების კვალი, ან სეიფი თუ კოდით იყო ჩაკეტილი, იცის თუ არა კოდი არბი ქავთარაშვილმა, დადებით შემთხვევაში ეს კოდი ემთხვევა თუ არა სეიფის კოდს, რომელსაც დაკითხვაში მიუთითებს ბაქარ ფარეულიძე. აღნიშნული გარემოება უნდა დადგენილიყო დაკითხვით, საგამოძიებო ექსპერიმენტითა და ტექნიკური ექსპერტიზით, რაც  დაადასტურებდა ან გამორიცხავდა არბი ქავთარაშვილთან ბაქარ ფარეულიძის დანაშაულებრივ კავშირს. აქვე მხედველობაშია მისაღები, რომ არბი ქავთარაშვილმა ორჯერ, იარაღის წამოღების და უკან დაბრუნების შემთხვევაში, შეძლო ბაქარ ფარეულიძის საკუთრებაში შეუმჩნევლად შესვლა. სამწუხაროა, რომ მაშინ როდესაც ამ პისტოლეტით ჩადენილია მკვლელობა, საგამოძიებო სამსახური ამ ნაწილში დაეყრდნო მხოლოდ ბრალდებულის და მოწმის ჩვენებებს“.

არბი ქავთარაშვილი პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობით დაინტერესებული პირის, ბიზნესმენისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაახლოებული ვახტანგ ფარეულიძის ცოლისძმაა, ბაქარ ფარეულიძე კი ვახტანგ ფარეულიძის ძმაა. (ბაქარ ფარეულიძე, კიდევ ორ პირთან ისლამ დუიშვილთან და ზელიმხან აჭიშვილთან ერთად დაკავებული იყო ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების, იძულებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით. ისლამ დუიშვილი ვახტან ფარეულიძის პირადი დაცვის წევრია, ზელიმხან აჭიშვილი კი ფარეულიძის რესტორნების ქსელის თანამშრომელი. ვახტანგ ფარეულიძემ მალევე მოახერხა მათი გათავისუფლება).

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წილაურმა 2020 წლის 24 აგვისტოს განაჩენით, ბრალდებულ რამაზ ხანგოშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, არბი ქავთარაშვილს კი 11 წლით.

განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში ადვოკატებმაც გაასაჩივრეს და პროკურატურამაც. 2020 წელს საქმე განსახილველად ჯერ მოსამართლე მერაბ ჯორბენაძეს დაეწერა, შემდეგ შალვა კაკაურიძეს, რომელმაც აიცილა. ამჟამად საქმე მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილს აქვს და პირველი სხდომა 7 მარტს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.

 

კითხვები პროკურატურასთან

სასამართლოს ამ განაჩენის შემდეგ, რა რეაგირება მოახდინა პროკურატურამ საქმის ზედამხედველი პროკურორისა და გამომძიებლების მიმართ? დაიწყო თუ არა გამოძიება პროკურორის ან გამომძიებლების მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით?

ხომ არ აღიძრა სისხლის სამართლის ახალი საქმე დაპირისპირებული ჯგუფის სხვა შეიარაღებული წევრების პასუხისგებაში მისაცემად? ვინმე ხომ არ მიუცია პროკურატურას პასუხისგებაში?

პროკურატურას კითხვები 23 თებერვალს გავუგზავნეთ, თუმცა არცერთ ამ კითხვაზე პროკურატურამ პასუხი არ გაგვცა.

პროკურატურასა და მსჯავრდებულების წარმომადგენლებს შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით პასუხი ვერც ადვოკატისგან მივიღეთ. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ტარიელ კაკაბაძემ არ უპასუხა „საქართველოს ამბების“ სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს.

 

მზადება საპროცესო გარიგებისთვის

ჩვენთვის დადასტურებულად არის ცნობილი, რომ დაზარალებულ მხარეს - ვისური მუთოშვილის მშობლებს ქავთარაშვილების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომლითაც ადასტურებენ, რომ მსჯავრდებულების მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და თანახმა არიან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე.

ქავთარაშვილების მხარე მუთოშვილების ოჯახს დაჰპირდა ვისური მუთოშვილის ძმის, შმაგი მუთოშვილის პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებაში დახმარებას.

შმაგი მუთოშვილი 2020 წლის 18 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურა მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ორი ადამიანის განზრახ მკველობის მცდელობას ედავებოდა. მუთოშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. საქმე ეხება 2020 წლის 29 ივლისს, ღამით, ახმეტის სოფელ დუისში, შურისძიების მოტივით მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვას. სახლში, რომელსაც რამდენიმე ტყვია მოხვდა, მურად ქავთარაშვილი და მისი მშობლები იმყოფებოდნენ. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. სასამართლოში საქმის განხილვისას მუთოშვილს ორი ან მეტი ადამიანის მკვლელობის მცდელობა არ დაუმტკიცდა, ისევე როგორც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში და 4 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

პატიმრობიდან არბი ქავთარაშვილისა და რამაზ ხანგოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, 21 თებერვალს, სოფელ დუისში 200-მდე ადამიანი შეიკრიბა. ადგილობრივი მცხოვრებლები ახმეტის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსი ფიცხელაურს შეხვდნენ, დახმარება სთხოვეს და პირობა მისცეს, რომ მსჯავრდებულების გათავისუფლების შემთხვევაში სისხლის აღება არ მოხდება. აქციის არაერთმა მონაწილემ დაგვიდასტურა, რომ მერი მათ დახმარებას დაჰპირდა. ახმეტის მერი, ალექსი ფიცხელაური საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის შენგელი ფიცხელაურის ძმისშვილია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.