როგორ იყიდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კახეთში, მდინარე ალაზნის პირას 100 ათასი კვმ ტყე 1 ლარად, როცა იმავე ტერიტორიაზე 1 კვმ მიწის ფასი 5 დოლარია. გიამბობთ, როგორ მოატყუა დეპუტატმა სახელმწიფო და როგორ აარიდა თავი ბიუჯეტში, სავარაუდოდ, დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას.
სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე რამდენიმე დღეა თავს ესხმის ინტერნეტგამოცემა „ბათუმელებს“, რომელმაც პაპუაშვილის მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით პირველმა გაავრცელა ინფორმაცია.
შალვა პაპუაშვილი, „ბათუმელების“, როგორც პასუხისმგებლიანი მედიის მყისიერ აღიარებას, რომ მასალაში უზუსტობა დაუშვეს, სპეკულაციურად იყენებს, „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის საჭიროებას იშველიებს და ამით ცდილობს მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც პროკურატურას აქამდეც უნდა გამოეძიებინა.
დაუდასტურებელი ინფორმაცია ქონებრივ დეკლარაციაში
ქონებრივ დეკლარაციებში შალვა პაპუაშვილი უთითებს, რომ 200 ათასი კვმ ტყე და 100 ათასი კვმ მიწის ნაკვეთი მას 2011 წლიდან ჰქონდა ფაქტობრივ თანასაკუთრებაში.
თუ პაპუაშვილის მიერ დეკლარაციაში შეტანილ ინფორმაციას დავეყრდნობით, ეს მამულები მან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლოს წინა წელს შეიძინა.
თუმცა, საჯარო რეესტრის სააგენტოდან გამოთხოვილ მასალებში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა, რომ პაპუაშვილი ამ მიწების თანამესაკუთრე 2011 წლიდან იყო. ასეთი დოკუმენტი პაპუაშვილმა არც ჩვენი წერილობითი მიმართვის შედეგად მოგვაწოდა.
ვლადიმერ ქუთათელაძე, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის იურისტი: „ტერმინი - ფაქტობრივი თანასაკუთრება არასწორია და არ იცნობს სამოქალაქო კანონმდებლობა. საკუთრება წარმოიშობა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან და მანამდე თუ რამე მფლობელობითი დოკუმენტი ჰქონდათ, მაშინ რატომ გახდა საჭირო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, როცა შესაძლებელი იქნებოდა იმ დოკუმენტით რეგისტრაცია“.
რაში დასჭირდა შალვა პაპუაშვილს ქონებრივ დეკლარაციებში არასწორი ინფორმაციის შეტანა, რომ ამ მიწების ფაქტობრივი თანამესაკუთრე იყო 2011 წლიდან და 2020 წელს მხოლოდ საკუთრებად დარეგისტრირდა. მივყვეთ თანმიმდევრობით.
20 ჰექტარი ტყე 1201 ლარად
ეს ის უღრანი ტყეა, მრავალწლიანი ხეებით დაფარული ტერიტორია, რომელიც პაპუაშვილს საძოვრად აქვს გაფორმებული. ტყეს ერთი მხრიდან სიღნაღი-ლაგოდეხის საავტომობილო გზა ეკვრის, მეორე მხრიდან მდინარე ალაზანი.
ჩვენს მიერ, საჯარო რეესტრის სააგენტოდან გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით, 20 ჰექტარი ტყე და ამდენივე საძოვარი, სიღნაღის სოფელ ვაქირში, 2004 წელს, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლისთანავე, 49 წლიანი იჯარით გადაეცა ზურაბ პაპუაშვილს - შალვა პაპუაშვილის ბიძაშვილს.
2011 წელს, ხელისუფლებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გაშვებამდე, სახელმწიფომ ზურაბ პაპუაშვილს ორმოცივე ჰექტარი მიჰყიდა, მათ შორის, 20 ჰექტარ ტყეში, პაპუაშვილმა 1201 ლარი გადაიხადა - ჰექტარში 60 ლარი.
მოჩვენებითი გარიგება
2020 წლის დეკემბერში, შალვა პაპუაშვილმა, როცა ის „ქართული ოცნებიდან“ პარტიული სიით უკვე საქართველოს პარლამენტის წევრად არის არჩეული, ბიძაშვილთან, ზურაბ პაპუაშვილთან ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტში ჩაწერეს, რომ შალვამ ზურაბისგან 1 ლარად იყიდა 10 ჰექტარი ტყე და 1 ლარი გადაიხადა 10 ჰექტარ სახნავშიც, სულ 2 ლარი 20 ჰექტარში.
ბიძაშვილებს ერთმანეთთან რეალურად ჩუქება რომ გაეფორმებინათ და არა 1 ლარად ნასყიდობა, კანონმდებლობით, შალვა პაპუაშვილი, როგორც საჩუქრის მიმღები, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარებოდა.
იურისტები ამიტომაც მიიჩნევენ, რომ მოჩვენებითი გარიგების დადებით მან სახელმწიფო მოატყუა და გადასახადების გადახდას თავი აარიდა.
ვლადიმერ ქუთათელაძე, იურისტი: „ნათელია, რომ იმ ადგილზე ამ ამოცულობის ქონების საბაზრო ღირებულება არ შეიძლება იყოს 1 ლარი. ამიტომაც, ეს არის ფაქტობრივი ჩუქება, რომელიც შენიღბულია ნასყიდობად. ნაჩუქარი ნივთი ექვემდებარე დაბეგვრას, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილი ქონება არ ექვემდებარება დაბეგვრას. შესაბამისად, შეგვიძლია გამოვთქვათ თამამი ვარაუდი, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მცდელობა“.
გადასახადებისგან თავის არიდება
საშემოსავლო გადასახადი მიწის საბაზრო ღირებულების 20%-ია. ჩვენ გამოვიკვლიეთ, სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში, მათ შორის, შალვა პაპუაშვილის მამულების მიმდებარედ მიწის ნაკვეთების რეალური საბაზრო ღირებულება 2020 და 2024 წლების მდგომარეობით. ამჟამად მიწის ფასი უფრო შემცირებულია, ვიდრე 2020 წელს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქართული ხორბლის ფასი დავარდა, ფერმერებს მოსავლის გაყიდვა უჭირთ, რის გამოც სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რიონებში, მიწაზე ფასი დაეცა.
წნორში მომუშავე „მაკლერებმა“ გვითხრეს, რომ 1 კვადრატული მეტრი მიწის ფასი დაახლოებით 5 აშშ დოლარია ახლა და 6 დოლარამდე მერყეობდა 2020 წლისთვის.
ჩვენ მიწის ყიდვა-გაყიდვის საკითხებზე მომუშავე სამ ასეთ პირს ვესაუბრეთ. ვნახეთ საჯაროდ გამოქვეყნებული განცხადებებიც, რომლის მიხედვითაც, წნორში, ერთი კვადრატული მეტრი მიწის ფასი ბევრად მეტია, ვიდრე 5-6 დოლარი.
ერთი კვადრატული მეტრი მიწის მინიმალური ფასი 5 დოლარად კი არა, 5 ლარად რომ ვიანგარიშოთ, სამჯერ უფრო იაფად, შალვა პაპუაშვილის მიერ თითო-თითო ლარად ნაყიდი ტყისა და სახნავის ჯამური ღირებულება მაინც 1 მილიონ ლარს აღწევს. ამ გათვლებით შალვა პაპუაშვილს ბიუჯეტში სულ მცირე 200 ათასი ლარი უნდა გადაეხადა.
პაპუაშვილმა არ გვიპასუხა წერილობით კითხვაზე, აარიდა თუ არა თავი ბიუჯეტში გადასახადების გადახდას. ამ მთავარ კითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ პასუხი არც ბათუმში, მედიასთან შეხვედრისას გასცა. მხოლოდ ის თქვა, რომ ტყუილია, თითქოს მან ქონება კანონის გვერდის ავლით, 1 ლარად გაიფორმა.
შემოსავლების სამსახურში გვითხრეს, რომ საქმე ხანდაზმულია, რადგან გარიგებიდან 3 წელზე მეტია გასული.
თუმცა, დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება სისხლის სამართლის წესითაც ისჯება. კანონმდებლობა დიდ ოდენობად მიიჩნევს, როდესაც გადასახადი ასი ათას ლარს აღემატება. აქ კი ხანდაზმულობის ვადა 2025 წლის ბოლომდეა.