სიკვდილის ქალაქი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

დავით მძინარიშვილის ფოტო - REUTERS

ყველაზე უმცროსი 24 წლის იყო, ყველაზე ხანდაზმული 72-ის. პატარა, რუხ ქალაქში მომხდარი მათი ამბები დანარჩენ საქართველომდე ძირითადად მაშინ აღწევს, როდესაც უბედურება ხდება, მაშინაც მხოლოდ რამდენიმე დღით. შემდეგ, ქვეყანაც და ტყიბულიც ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება. ცხოვრებას, რომლის ყოველი ახალი დღეც ახალ საფრთხეს ნიშნავს. ბევრი მათგანი მანამდეც დაშავდა, ბეწვზე გადაურჩა დაღუპვას, თუმცა მაინც ბრუნდებიან შახტებში - სიკვდილთან შესახვედრად.

„საქართველოს ამბებმა“ ყველას ამბავი ერთად შეკრიბა.

2007 წლის 3 მაისი - დაიღუპა 1 მეშახტე:

  1. თემურ ცირეკიძე - 35 წლის;

პირველი ცვლა დილით ძიძიგურის სახელობის შახტში ჩადიოდა. თემურ ცირეკიძეს ფეხი დაუცდა და კედელს მიეჯახა. კედელზე გამავალი მაღალი ძაბვის ხაზი შეფუთული არ იყო. დენმა დაარტყა და იქვე მოკლა. გარდაცვლილ მეშახტეს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

 

2009 წლის დეკემბერი - დაშავდა 1, დაიღუპა 1 მეშახტე:

  1. რაჟდენ ბოჭორიშვილი - 48 წლის;

მინდელის სახელობის შახტში დამცავი ჯებირის ჩამონგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. რაჟდენ ბოჭორიშვილთან ერთად მყოფი მეორე მეშახტე, 32 წლის შავლეგ ვარდოსანიძე მძიმედ დაშავდა. 

 

2010 წლის 2 მარტი - დაშავდა 1, დაიღუპა 4 მეშახტე:

  1. მურმან კუბლაშვილი - 28 წლის;
  2. გიორგი ბრეგაძე - 53 წლის;
  3. მიზდონ ონიანი - 66 წლის;
  4. ჯემალ ჯიშიაშვილი 72 წლის;

მინდელის სახელობის შახტში აფეთქება 22:20 საათზე მოხდა. მესამე ცვლიდან ერთადერთი ადამიანი გადარჩა, 37 წლის ბესო ზოსიაშვილი.

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, რომელიც ტყიბულში იმავე დღეს ჩავიდა, პირობა დადო, რომ აფეთქების გამომწვევ მიზეზებს სამთავრობო კომისია დაადგენდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 4 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოაცხადა.

„მე და ჩემი შვილი ერთად, ერთ სმენაში არასდროს ვყოფილვართ. მაინცდამაინც იმ დღეს მომიწია შახტში ყოფნა. სხვა ბრიგადაში ცვლის უფროსად ვმუშაობდი. აფეთქების ხმა რომ გავიგე, ბიჭებს ვუთხარი, აბა, წავედით, როგორც ჩანს, აფეთქდნენ მეთქი. ვიცოდი, რომ ჩემი შვილი სანგრევში იყო, მაგრამ ის იქნებოდა თუ სხვა, უნდა გადაგვერჩინა.

მივედი და მესმის უკანასკნელი სუნთქვის, ხროტინის ხმა. ვიღაც კვდება. არ გამივლია ორი მეტრი და წავადექი, ბიჭი ფეხებით იყო დაკიდებული. თავი დაზიანებული აქვს. ახლოს მივედი და ვერ ვიცანი. სახე და სხეული აფეთქებისგან დამწვარი ჰქონდა. მოვკიდე ხელი, ბესო, შენ ხარ? ხელი მაგრად მომიჭირა. მიხვდა, ვიღაც მივიდა მის გადასარჩენად.

გამოვიყვანეთ. უკან ვაპირებდი შებრუნებას, სხვებსაც რომ დავხმარებოდი. მკვდრები არიანო უკვე, მითხრეს. ქუთაისში ექიმებმა იმდენი იწვალეს, შვილი გადამირჩინეს. 27 დღე აპარატზე იყო მიერთებული“, - დემურ ზოსიაშვილმა შახტში 50 წელი იმუშავა. ერთხელ თვითონაც მოჰყვა ძლიერ აფეთქებაში, ძლივს გადარჩა. ბესო მაინც მეშახტე გახდა. „შახტი რომ არ იყოს, ტყიბული დაღუპულია. მეტი სამუშაო არაა. ჩემი შვილიც ფეხზე წამოდგა თუ არა, ერთი თვის შემდეგ ისევ შახტში ჩავიდა“.

მთავრობის პირობა პირობად დარჩა. ტრაგედიის მიზეზების შესასწავლად სამთავრობო კომისია არ შექმნილა. სპეციალური კომისია შექმნა „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ („ჯი აი ჯი“), რომელიც 2006 წლიდან, 45 წლის ვადით, ტყიბულის შახტების (შპს „საქნახშირი“) მესაკუთრე იყო. კომისიამ დასკვნაში დაწერა, რომ აფეთქება მეშახტეების დაუდევრობით მოხდა - „დაგაზიანებული გვირაბის განიავება დაიწყო გაუმართავი, თავსახურახდილი ელექტრომოწყობილობის პირობებში, რაც გახდა ნაპერწკლის წარმოქმნის მიზეზი. ამან ელექტრომოწყობილობის ზონაში მეთანის აალება გამოიწვია. აალების შედეგად მეთანი აფეთქდა“.

შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორი დავით ბეჟუაშვილი გელა ბეჟუაშვილის ძმაა. გელა ბეჟუაშვილი საქართველოს მთავრობაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა -  2004 წელს თავდაცვის მინისტრი იყო, 2004-2005 წლებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, 2005-2008 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი. თვითონ დავით ბეჟუაშვილი, 1999 წლიდან 2016 წლის ჩათვლით იყო პარლამენტის უცვლელი წევრი ჯერ „მოქალაქეთა კავშირიდან“, შემდეგ „ნაციონალური მოძრაობიდან“, თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატით. თავის მხრივ, „საქართველოს ინდისტრიული ჯგუფის“ 100 %-იან წილს მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „ჩემექსიმ ინტერნეშენალი 735“ ფლობდა.

დაახლოებით 6 თვეში აფეთქება განმეორდა, ისევ მინდელის შახტში.

 

2010 წლის 26 აგვისტო - დაშავდა 6, დაიღუპა 4 მეშახტე:

  1. ლაშა ბოჭორიშვილი - 24 წლის;
  2. მალხაზ ჭანტურიძე - 43 წლის;
  3. პაატა მოდებაძე - 49 წლის;
  4. იოსებ ობოლაძე - 51 წლის;

დაშავებულებიდან 49 წლის გია ობოლაძეს ერთი ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობით მეშახტეები საავადმყოფოში თითქმის 2 თვე მკურნალობდნენ, 27 წლის ლევან ქურციკიძე უფრო ხანგრძლივად.

აფეთქებიდან მეორე დღეს ტყიბულში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩავიდა და განაცხადა, რომ „მთავრობას დაავალებს, აქ მუდმივად იმუშაონ უსაფრთხოების ინსპექტორებმა“.

 

2011 წლის 22 იანვარი - დაშავდა 4, დაიღუპა 1 მეშახტე:

  1. მერაბ კალანდაძე - 37 წლის;

აფეთქება ღამის 1-ელ საათზე მოხდა. 54 წლის ვიტალი ტურძილაძემ სხეულის 60 %-ანი დამწვრობა მიიღო, მაგრამ გადარჩა. შედარებით მსუბუქად დაშავდნენ 51 წლის მერაბ ობოლაძე, 60 წლის მამული კუბლაშვილი და 67 წლის ნუგზარ ჯავახაძე.

ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკურმა და სამშენებლო ინსპექციამ დაასკვნა, რომ უბედური შემთხვევა მეთანის მაღალი კონცენტრაციისა და არასწორად წარმოებული საამფეთქებლო სამუშაოების შედეგად იყო გამოწვეული.

„როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ყველანაირი დასტური არის იმისა, რომ წინა აფეთქება (2010 წლის 26 აგვისტოს შემთხვევა), რომელსაც ემსხვერპლა რამოდენიმე მაღაროელი, მათი დაუდევრობის შედეგი კი არ იყო, არამედ უშუალოდ, მაღაროს ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი ქმედების, რომელმაც გამორთო ვენტილაციის სისტემა და რომელმაც საკუთარი თანამშრომლების სიცოცხლის ხარჯზე ფული დაზოგა. ძალიან ვნანობ, რომ აქამდე ეს სისხლის სამართლის საქმე არ იქნა მიყვანილი ლოგიკურ დასკვნამდე, რომ კონკრეტულ ადამიანებს პასუხი ეგოთ, კონკრეტული ადამიანები გაეგზავნათ სასამართლოში და თუ სასამართლო დაადგენდა, შემდეგ საპატიმროში - ეს რომ ასე ყოფილიყო, შეიძლება გუშინდელი აფეთქება აღარ მომხდარიყო. აფეთქების ბოლო შემთხვევას სერიოზული ხალხი გამოიძიებს, მათ შორის, უცხოეთიდან მოწვეულები და არა ისინი, ვინც თბილისში ზის და ფულს იღებს ტყიბულის მფლობელებისგან და ამიტომ პრობლემა არ აქვთ, რომ ათასგვარი სისულელე და ტყუილი ჩაწერონ,“ - უთხრა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალისტებს 22 იანვარს.

 

2011 წლის 9 სექტემბერი - დაიღუპა 1 მეშახტე:

  1. თემურ გაბრიაძე - 35 წლის;

ოფიციალური ინფორმაციით, მინდელის შახტში მადანის მოსაპოვებლად გეგმური აფეთქება მოამზადეს. აფეთქება დაგვიანდა, რის გამოც ერთ-ერთი მეშახტე, თემურ გაბრიაძე, მიზეზის გასაგებად უკან მიბრუნდა. აფეთქება ზუსტად ამ დროს მოხდა. მეშახტე დაიღუპა. თემურ გაბრიაძეს მეუღლე და 4 წლის შვილი დარჩა.

 

2011 წლის 6 ნოემბერი - დაიღუპა 3 მეშახტე:

  1. თამაზ გორდაძე - 54 წლის;
  2. ბონდო მიხელაძე - 61 წლის;

მინდელის შახტის ერთ-ერთ უბანში ქვანახშირის მოპოვებისას ჭერი ჩამოინგრა.

ზუსტად 19 დღეში, ამავე შახტში ჭერი ისევ ჩამოინგრა.

 

2011 წლის 25 ნოემბერი - დაშავდა 1, დაიღუპა 1 მეშახტე:

  1. სერგი აშოთია - 50 წლის;

პროფესიული კავშირები და შპს „საქნახშირის“ ადმინისტრაცია შეთანხმდნენ, რომ ამოქმედდებოდა ახალი სადაზღვევო პროგრამა, რომლის მიხედვითაც წელიწადში 5 სასიკვდილო შემთხვევა დაზღვეული იქნებოდა. ამ პროგრამაში მოხვდნენ 2011 წლის 6 ნოემბერს მინდელის შახტში გარდაცვლილთა ოჯახებიც. თითოეულმა ოჯახი სადაზღვევო კომპანიისგან 35 000 ლარი მიიღო.

მინდელის შახტში ჭერი 2012 წლის 7 იანვარსაც ჩამოინგრა. დაშავდა 2 მეშახტე, რომლებიც ქვანახშირს ანგრევდნენ. მათ შორის, 30 წლის გიორგი მანაგაძე მძიმედ. მას ხერხემალი დაუზიანდა და დღემდე ეტლში ზის.

 

2013 წლის 13 ოქტომბერი - დაშავდა 1, დაიღუპა 1 მეშახტე:

  1. ლევან ნეფარიძე - 35 წლის;

მინდელის შახტის მეექვსე მომპოვებლ უბანზე ისევ ჭერი ჩამოინგრა და 2 მეშახტე მოიყოლა. სოფელ ხრესილის მკვიდრი ლევან ნეფარიძე დაიღუპა.

 

2014 წლის 28 იანვარი - დაიღუპა 1 მეშახტე:

  1. ტარიელ ქასრაშვილი - 50 წლის;

წარმოების დარგში დირექტორის მოადგილე ტარიელ ქასრაშვილი, რომელსაც შახტში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება ჰქონდა, ვაგონებს შორის მოჰყვა და სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმები მიიღო.

 

2015 წლის 22 თებერვალი - დაიღუპა 1 მეშახტე:

  1. კოტე ბახუტაშვილი - 54 წლის;

მეშახტე მინდელის შახტში ელმავლის კორპუსსა და გვირაბის გამაგრებას შორის გარდაცვლილი იპოვეს.

 

2016 წლის 7 ოქტომბერი - დაიღუპა 1 მეშახტე:

  1. თემურ კაკაურიძე - 51 წლის;

„საქნახშირის“ თანამშრომლების ინფორმაციით, თემურ კაკაურიძე, სავარაუდოდ, ჯერ ნახშირორჟანგმა გაგუდა, რის შემდეგაც წაიქცა და ცხვირისა და შუბლის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. ცხედარი მინდელის შახტში დილის ცვლის თანამშროლებმა აღმოაჩინეს.

 

2017 წლის 9 მაისი - დაიღუპა 4 მეშახტე:

  1. ალეკო ჭელიშვილი - 45 წლის;
  2. გიზო კუბლაშვილი - 55 წლის;
  3. გიზო გუბელიძე - 56 წლის;
  4. ვიქტორ დაღუნდარიძე - 57 წლის;

მეშახტეები მინდელის შახტში ნახშირის ამომღები მოწყობილობის ბაგირს ცვლიდნენ, რა დროსაც ამწევი დანადგარი მოწყდა. საშახტო აწევის ზეინკლები 400 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდნენ. მაშველებმა ოთხივეს ცხედარი რამდენიმესაათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ ამოასვენეს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შრომის ინსპექცია უკვე შექმნილია და შესაძლოა, გასააქტიურებელი იყოს.

„გამოძიების ფარგლებში რაც გაკეთდება, იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და ცხადი, დაისჯება ყველა ადამიანი, ვისი წვლილიც დადასტურდება,“ - პირობა დადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ.

 

2017 წლის 27 ოქტომბერი - დაიღუპა 1 მეშახტე:

  1. დავით ფორჩხიძე - 50 წლის;

მინდელის შახტის ერთ-ერთ უბანში მიწისქვეშა სამუშაოების დროს სამთო მასა ჩამოიშალა. დაიღუპა მე-6 უბნის გამყვანი.

 

2018 წლის 5 აპრილი - დაშავდა 3, დაიღუპა 6 მეშახტე:

  1. პავლე გამეზარდაშვილი - 25 წლის;
  2. გიორგი ბოჭორიშვილი - 28 წლის;
  3. მირზა ქურციკიძე - 46 წლის;
  4. ბესიკ გურგენიძე - 49 წლის;
  5. ელგუჯა ბოჭორიშვილი - 51 წლის;
  6. გოგი რაფავა - 58 წლის;

 

28 წლის გიორგი, სამი შვილის მამა

„ძლივს უნახავთ სად იყო სხეულის ნაწილები, ისე ყოფილა დანაწევრებული. ტომრით მოგვიყვანეს. არ გვინახავს ჩვენი შვილი. მარცხენა ხელი არ ჰქონია. ერთი კვირა ეძებდნენ. შახტში გადათხარეს ყველაფერი და სამშაბათს, დაკრძალვის დღეს იპოვეს. სასაფლაოზე მოიტანეს და მაშინ ჩააყოლეს“

28 წლის გიორგი ბოჭორიშვილიც, 5 მეშახტესთან ერთად, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაიღუპა.

„თენდებოდა, როცა სახლის პირველი სართულიდან ტირილი გავიგე. ეგრევე ჩავედი. ჩემს რძალს ერთი წლის ბავშვი გულში ჰყავდა ჩახუტებული და ტიროდა. ვუთხარი, სალომე, გიორგია მეთქი? დედის გულმა მიგრძნო, რომ რაღაც მოხდა. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. გარეთ რომ გამოვედი, აღარ მახსოვს რა მოხდა“, - დედა, ლუდმილა ბოჭორიშვილი იხსენებს - გიორგი 20 წლის იყო, შახტში მუშაობა რომ დაიწყო. „პირველი ბავშვი როცა ეყოლათ, მეტი სჭირდებოდათ. ოჯახში მხოლოდ ჩემი მეუღლე მუშაობდა, ისიც მეშახტე იყო. მისი ხელფასი არაფერში გვყოფნიდა. დედაო, ასე მითხრა, აგერ მყავს ოჯახი, ჩემი შვილები, თქვენს გვერდში უნდა ვიყო, წავალ, მეც შახტში ვიმუშავებო. 7 წელი მოწინავე მნგრეველი იყო. ბევრი ნახშირი ამოჰქონდათ, მისი ბრიგადა გეგმას აჭარბებდა. უფროსობა ითხოვდა. არადა, ეს უბანი კომუნისტების დროს დაკეტილი იყო. ჩემი მეუღლე გამოცდილი მეშახტეა. მისგან ვიცი, რომ ბევრი გაზი იყო შიგნით და არ უნდა გახსნილიყო, მაგრამ გახსნეს და ამუშავებდნენ ხალხს“.

გიორგის მამას, ჯონდო ბოჭორიშვილს ტყიბულის შახტში 33 წელი აქვს ნამუშევარი. სამჯერ დამარცხდა, მაგრამ სიკვდილს სამჯერვე გადაურჩა: „ერთხელ აფეთქებაში მოვყევი, ორჯერ წამებში გადავრჩი. ორ წამში რომ არ გამოვსულიყავი, მკვდარი ვიქნებოდი. ეს ყველაფერი იცოდა გიორგიმ, მაგრამ შახტში სამუშაოდ მაინც წავიდა. სამი შვილის მამას რა უნდა ექნა, სამ შვილს რჩენა უნდა“.

პავლე, 25 წლის - სკოლიდან შახტში

2018 წლის 5 აპრილს, მინდელის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილებს შორის, პავლე ყველაზე პატარა იყო. 2010 წელს პავლეს მამა, გურამ გამეზარდაშვილი შახტში მძიმედ დაშავდა. ქვანახშირის ნგრევის დროს მარცხენა ფეხში ლოდი დაეცა. რამდენიმე ოპერაციის შემდეგ, გადაადგილებას ყავარჯნებით ახერხებს. მაშინ პავლე 18 წლის იყო, მე-12 კლასის მოსწავლე. სკოლას თავი დაანება და ოჯახს რომ დახმარებოდა, ისიც შახტში ჩავიდა. ტყიბულის პროფესიულ სასწავლებელშიც ჩააბარა და თავის მომავალს შახტს უკავშირებდა. 8 წელი იმუშავა. პავლეს უფროსი ძმებიც, მირზა და გოდერძიც შახტში მუშაობდნენ - მეშახტეობა მათი ოჯახური პროფესიაა.

2018 წელი ტყიბულისთვის ყველაზე მძიმე იყო, ქვანახშირის მოპოვებას 12 მეშახტე შეეწირა.

 

2018 წლის 2 ივნისი - დაიღუპა 2 მეშახტე:

  1. სანდრო ბუცხრიკიძე - 27 წლის;
  2. რევაზ ლომთაძე - 56 წლის;

დილის 8 საათზე, კუსტარულად მოწყობილ 35 მეტრიან შახტში, რომელსაც „საქნახშირის“ ლიცენზიის ფარგლებში, ინდივიდუალური მეწარმე დავით სოფრომაძე ამუშავებდა, სანდრო ბუცხრიკიძე და რევაზ ლომთაძე დაიღუპნენ. სავარაუდოდ, ორივე უჰაერობით გაიგუდა.

სანდრო ბუცხრიკიძე ტყიბულის თეატრის მსახიობი იყო. მუშაობდა წითელი ჯვრის ადგილობრივ ორგანიზაციაში. ეხმარებოდა ტყიბულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მარტოხელა ადამიანებს. უფასო სასადილოდან მოხუცებისთვის სახლში საკვები მიჰქონდა. ბავშვებს ხალხურ საკრავზე დაკვრას ასწავლიდა. გატაცებული იყო სამთო ტურიზმით.

14 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სანდრო ბუცხრიკიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

2015 წლიდან, „საქნახშირს“ 23 სუბიექტთან (3 იურიდიულ პირთან და 20 ინდ. მეწარმესთან) ნარდობის ხელშეკრულებები ჰქონდა გაფორმებული. კონტრაქტის მიხედვით, „საქნახშირი“ მათ უფლებას აძლევდა, კომპანიის სალიცენზიო ტერიტორიაზე ნახშირი მოეპოვებინათ იმ პირობით, რომ მათგან მადანის შესყიდვის უფლება მხოლოდ ლიცენზიის მფლობელს ექნებოდა. კუსტარულ შახტებში მოპოვებულ ერთ ტონა ნახშირში მეშახტეებს 20 ლარს უხდიდნენ, „საქნახშირი“ კი ლიცენზიატისგან ტონას 50 ლარად ყიდულობდა. კომპანიას შახტთან შედარებით ნახშირის კუსტარული წესით მოპოვება უფრო იაფი უჯდებოდა. ამგვარი ხელშეკრულებების ვადა 2018 წლის 30 ივნისს იწურებოდა, თუმცა სანდრო ბუცხრიკიძისა და რევაზ ლომთაძის დაღუპვის შემდეგ, კარიერები შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის, წიაღის ეროვნულმა სააგენტოებმა შეამოწმეს. სახელმწიფო უწყებებმა სულ 11 კარიერის საქმიანობა შეისწავლეს. დადასტურდა, რომ ნახშირს კარიერული წესით მეშახტეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე მოიპოვებდნენ. კუსტარულ საწარმოებში 150-ზე მეტი მეშახტე  იყო დასაქმებული. არცერთ მათგანს არ ჰქონდა შრომის ხელშეკრულება, დაზღვევა, არ იყო დაცული შრომის უსაფრთხოების ელემენტარული პირობები - ვენტილაციაც კი არ არსებობდა. 2018 წლის 30 ივნისის შემდეგ, რაც ხელშეკრულებების ვადა ამოიწურა, კუსტარული წესით მოპოვებაზე არცერთი კონტრაქტი აღარ გაფორმებულა.

 

2018 წლის 16 ივლისი - დაშავდა 6, დაიღუპა 4 მეშახტე:

  1. ლაშა ფორჩხიძე - 30 წლის;
  2. მიხეილ გამეზარდაშვილი - 55 წლის;
  3. იოსებ ქარქაშაძე - 57 წლის;
  4. მურმან ლილუაშვილი - 57 წლის;

მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, მეთანის აფეთქების შედეგად, ჭერი დილის 5 საათზე ჩამოინგრა. გარდაცვლილთაგან ყველაზე ახალგაზრდა ლაშა ფორჩხიძე იყო. შახტში მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება ჰქონდა - ჯერ გამაგრებით სამუშაოებზე იყო დასაქმებული, დაახლოებით 800 ლარს უხდიდნენ. ანაზღაურების გაზრდის მიზნით, ბოლო ერთი წელი ქვანახშირის მოპოვების ბრიგადაში გადავიდა. დასაოჯახებელი იყო და ტყიბულში, მოხუც ბებიასთან ერთად ცხოვრობდა.

Image

2018 წელი ტყიბულისთვის ყველაზე მძიმე იყო, ქვანახშირის მოპოვებას 12 მეშახტე შეეწირა / დავით მძინარიშვილის ფოტო REUTERS

16 ივლისს მომხდარი აფეთქების დროს, მძიმედ დაშავდა 6 მეშახტე - 23 წლის ნოდარ ჯიშიაშვილი, 30 წლის გიორგი აბულაძე, 35 წლის - მიხეილ არაბიძე, გივი მიქიაშვილი, მამუკა სოფრომაძე და 53 წლის დავით ბოჭორიშვილი.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა, მინდელის შახტი კი დროებით დაიხურა. მთავრობის მეთაურმა პირობა დადო, რომ შახტში მუშაობა გამოძიების დასრულებამდე არ განახლდებოდა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტები შეისწავლიდნენ: „ადამიანის სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე მაღლა ვერაფერს დავაყენებთ“. მეშახტეებს დაპირდნენ, რომ ამ პერიოდში ისინი ხელფასს ჩვეულებრივ მიიღებდნენ:

იმავე დღეს „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ მზადყოფნა გამოთქვა, შვილობილი კომპანია „საქნახშირი“ სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაეცა: „2006 წლიდან „საქნახშირში“ ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ, აღდგა საწარმოო პროცესი, სრულად შეიცვალა არსებული ინფრასტრუქტურა და დასაქმდა 1400 მეშახტე. ბოლო წლებია კომპანია ყველაფერს აკეთებს უსაფრთხოების სისტემების გასაუმჯობესებლად, მაგრამ ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე „საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა. უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად, მზად ვართ, კომპანია „საქნახშირი“ უსასყიდლოდ გადავცეთ სახელმწიფოს“.

ვიდრე მინდელის სახელობის შახტის მუშაობა გაჩერებული იყო, მეშახტეებს დაპირებული ხელფასი რამდენჯერმე არ ჩაერიცხათ. ათობით მეშახტე შახტში ჩავიდა და პროტესტის ნიშნად, იქიდან აღარ ამოდიოდნენ - ხელფასების გაცემას და მუშაობის გაგრძელებას ითხოვდნენ. ქვანახშირის მოპოვება 2019 წლის ნოემბერში განახლდა. მანამდე, სექტემბრის ბოლოს შპს „საქნახშირის“ მესაკუთრე შეიცვალა და 100 % წილის მფლობელი შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი“ გახდა. ამ კომპანიის მფლობელი გიორგი ჭელიძეა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ჭელიძე 18 კომპანიასთანაა დაკავშირებული. იგი 2019 წელს დაფუძნებული შპს „ჯორჯია ტერმინალ სერვისის“ დირექტორიცაა, რომლის მესაკუთრე შპს „ჯორჯიან მანგანეზია“ და რომელიც ჭიათურისა და საჩხერის ტერიტორიებზე მანგანუმის მოპოვების 40 წლიანი ლიცენზია აქვს 16 430 ჰექტარზე.

 

2019 წლის 27 მაისი - დაიღუპა 1 მეშახტე:

  1. ნუგზარ ხვადაგიანი - 55 წლის;

ტყიბულში, ქვანახშირის გარემოპოვების ერთ-ერთ კარიერზე მიწა ჩამოიშალა და 55 წლის ნუგზარ ხვადაგიანი ქვეშ მოჰყვა. „საქნახშირის“ განცხადებით, ხვადაგიანი მათი თანამშრომელი იყო, თუმცა კომპანიას 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ, რეგიონში ნახშირის მოპოვება შეწყვეტილი აქვს, ღია კარიერებზე კი, მათი ყოფილი კონტრაქტორების მიერ უნებართვო შეჭრა ფიქსირდებოდა.

 

2021 წლის 27 ნოემბერი - დაიღუპა 2 მეშახტე:

  1. ავთანდილ არსენიძე - 50 წლის;
  2. ვიტალი ტურძილაძე - 65 წლის;

ტყიბულში, ჯალაღანიას ქუჩის მიმდებარედ, კუსტარულად მოწყობილ ერთ-ერთ ღია კარიერზე მიწა ჩამოიშალა. მაშველებმა მიწის ქვეშ მოყოლილი ვიტალი ტურძილაძე ცოცხალი ამოიყვანეს, ხოლო მასთან ერთად მყოფი მეორე მეშახტე ავთანდილ არსენიძე გარდაცვლილი იპოვეს. ტურძილაძე მეორე დღეს ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„ჩემი ქმარი იქ გაჭირვების გამო მუშაობდა. მანამდე „საქნახშირის“ თანამშრომელი იყო. 2011 წელს მძიმედ დაშავდა, სხეულის თითქმის 80 % დაეწვა. კომპანია ყოველთვიურად 160 ლარს უხდიდა. მერე ეს დახმარება შეგვიწყვიტეს და მხოლოდ პენსია დაგვრჩა. კარიერზეც გაჩერებული იყო მუშაობა, ქვანახშირს არ მოიპოვებდნენ, მაგრამ ამბობდნენ, მალე განახლდებაო და ამზადებდნენ, ასუფთავებდნენ. მაგ დროს მოხდა ეს შემთხვევაც“, - აღნიშნავს გარდაცვლილის მეუღლე მარინა ტურძილაძე.

 

2022 წლის 30 იანვარი - დაშავდა 8, დაიღუპა 1 მეშახტე:

  1. ჭაბუკა სოფრომაძე - 52 წლის;

მინდელის შახტში აფეთქება დაახლოებით 22.00 საათზე მოხდა. 9 დაშავებულიდან ერთი, ჭაბუკა სოფრომაძე ტყიბულის საავადმყოფოში გარდაიცვალა. 8 მეშახტე - ამირან კორტი - 65 წლის, ზვიად დიასამიძე - 35 წლის, გია არაბიძე - 38 წლის, ირაკლი კირკიტაძე - 41 წლის, გელა გურგენიძე - 54 წლის, შავლეგ ვარდოსანიძე - (მძიმედ დაშავდა 2009 წელსაც), თორნიკე ჯავახიძე - 26წლის და მერაბ გაბრიაძე - 41 წლის, იმავე ღამით, თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

„საქნახშირის“ მიერ, 8 თებერვალს გავრცელებული განცხადებით, 30 იანვარს, აფეთქება მეშახტეების ბრალეულობით მოხდა. კომპანიის განმარტებით, ასეთია მათ მიერვე შექმნილი სპეციალური კომისიის კვლევის პირველადი შედეგები.

„მთის ამბების“ მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციით, 2006-2021 წლებში ტყიბულის მაღაროში 43 ადამიანი დაიღუპა, ამდენივე დაშავდა.

უმეტეს შემთხვევაში „საქნახშირი“ და მის მიერვე შექმნილი სპეციალური კომისიები, შახტში ადამიანების დაღუპვას და დაშავებას ისევ მეშახტეების დაუდევრობას მიაწერენ. ასეთი დასკვნისას, გარდაცვლილის ოჯახს 35 ათას ლარად შეფასებულ სიცოცხლის დაზღვევასაც არ აძლევენ.

ერთადერთი გამონაკლისი 2018 წლის 5 აპრილს და 2 ივნისს მომხდარი შემთხვევებია, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 პირი დააკავა. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა წაუყენეს ბრალად მინდელის სახელობის შახტის დირექტორს აკაკი ახვლედიანს, ამავე შახტის მთავარ ინჟინერს გიზო კირკიტაძეს, შახტის მენეჯერს მამული კუბლაშვილს,  N 1 ნახშირმოპოვებითი უბნის უფროსს მურადი აბულაძეს, ამავე უბნის უფროსის მოადგილეს ტარიელ აბესაძეს, უფროსის თანაშემწეს გოჩა ქასრაშვილს და ჯალაღანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ქვანახშირის კუსტარული შახტის მფლობელს, ინდმეწარმე დავით სოფრომაძეს. ისინი მალევე გაათავისუფლეს, რამენიმე თვეში - 5 აპრილს გარდაცვლილი 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილის მშობლები თანახმა არ იყვნენ და ბრალდებულების დასჯას ითხოვდნენ. ოჯახს შეუთვალეს, რომ თუ ბრალდებულების გათავისუფლებას არ დათანხმდებოდნენ, კომპანია მათთან აღარ გააფორმებდა ახალ კონტრაქტს, რომელსაც ყოველ წელს დებს და დაღუპული მეშახტის შვილებს ყოველთვიურად 150 ლარიანი დახმარება ეძლევათ. ამ გზით ეს ოჯახიც დაითანხმეს. გიორგის სამი პატარა ბავშვი დარჩა, მეუღლეც უმუშევარია.

გელა მთივლიშვილი
გელა მთივლიშვილი
„საქართველოს ამბების“ რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: Mtivlishvili@gmail.com