ჟურნალისტების მასობრივი ემიგრაცია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ტვ „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას დაკრძალვა / ზურაბ ქურციკიძის ფოტო

ნერვიულობა, შიში, შიმშილი, ქუჩაში ძილი... საშინელება გამოვიარეო, ამბობს გუგა დვალიშვილი. სჯეროდა რომ ამერიკამდე ჩააღწევდა და ამისთვის კოლუმბიაშიც წავიდა. საზღვარზე გამყოლის მოლოდინში ღამეებს სასტუმროში ათევდა, საიდანაც თითქმის ვერ გადიოდა. ნარკოკარტელების დასახლებაში ყოფნა უწევდა. აფრთხილებდნენ, რომ შეიძლებოდა ტრეფიკიორებს გაეტაცათ და გაეყიდათ. გუგა ჟურნალისტია, რომელიც მისი ათობით კოლეგის მსგავსად, იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო.

„12 ქვეყანა გამოვიარე რომ აქამდე ჩამოვსულიყავი“

ლევან კალანდია წლების განმავლობაში ჯერ „რუსთავი 2“-ის, მერე „მთავარი არხის“ ტელეოპერატორი იყო. ყველაზე ცხელ წერტილებში უწევდა მუშაობა - კონფლიქტები, ომი, დარბევა. ახლა ისიც ემიგრაციაში, ირლანდიის ქალაქ ლეტერკენში საავტომობილო ნაწილების ქარხანაში, პრესის დანადგარზე მუშაობს.

„თავიდან კანადაში მინდოდა წასვლა. ნაცნობობით ერთ ქალთან მივედი. მპირდებოდა, რომ ვიზის აღებაში დამეხმარებოდა. ჯერ პოლონეთში ჩავედი, მერე გერმანიაში. კანადის ვიზის მოლოდინში 12 ქვეყანა მოვიარე. არაფერი გამოვიდა. დიდი ფული დავკარგე და ბოლოს ირლანდიაში აღმოვჩნდი.

ბოლო 5 წელიწადში ქვეყანა მედიის სულ მცირე 60-მდე წარმომადგენელმა დატოვა. სია არასრული და მზარდია. უდიდესი ნაწილი ლტოლვილად ან პოლიტიკურ დევნილად ჩაბარდა. ზოგიერთს ამ მიზნის მისაღწევად კანონის დარღვევა მოუწია.

„საქართველოს ამბები“ ემიგრანტი ჟურნალისტების უმეტეს ნაწილს დაუკავშირდა და დაინტერესდა, რამ აიძულა ისინი უარი ეთქვათ პროფესიაზე, რას საქმიანობენ ახლა, რა გზა გაიარეს უცხო ქვეყნებში ახალი ცხოვრების დასაწყებად და რა შემთხვევაში განიხილავენ უკან დაბრუნებას.

გუგა დვალიშვილი „ფორმულას“ ჟურნალისტად მუშაობდა. ამერიკაში მოსახვედრად მექსიკაში ჩაღწევას ცდილობდა, კოლუმბიის საზღვრის გავლით. მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც გეგმავდა. ახლა მადრიდის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად მუშაობს და ესპანურს სწავლობს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ გასულ წელს ემიგრაციაში 100 802 საქართველოს მოქალაქე წავიდა. ეს რიცხვი 2021 წლის მონაცემთან შედარებით 20%-თაა გაზრდილი - (80 351). ჟურნალისტები ემიგრაციაში ადრეც მიდიოდნენ, მაგრამ 2021 წლის 5 ივლისის პოგრომის შემდეგ, ქვეყნიდან წასული მედიამუშაკების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„დავსევდიანდი, როცა პირველად ჩავიცვი თეთრი ფორმა და რესტორანში სამუშაოდ წავედი. ჩემი მიკროფონი მენატრებოდა. მაგრამ ასეთ დროს თავი ხელში აგყავს, აცნობიერებ იმ რეალობას, რომელშიც ხარ. იაზრებ, რომ ახალი ათვლის წერტილი გაქვს.

სხვადასხვა ადგილას ვმუშაობ. ხან მიმტანად, ბარმენად, ასევე, საჭმლის მიტანის სერვისში. რეზიდენტი ვარ და სამუშაო უფლება მოვიპოვე. განსაკუთრებით რთული პირველი დღე და ყველაფრის ნულიდან დაწყება იყო. თავიდან ყიდულობ ჭიქას, თეფშს, ყველაფერს.

ერთ-ერთი დამაფიქრებელი ამბავი, რამაც აქ წამოსვლა გადამაწყვეტინა, 5 ივლისი იყო, როდესაც ჟურნალისტებს სცემეს. მათ შორის, სიკვდილამდე მიიყვანეს ჩემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა“, - ალექსი მეგრელიშვილი „TV პირველის“ ყოფილი ჟურნალისტია.

უყვარდა მისი პროფესია, მოსწონდა რასაც აკეთებდა, მაგრამ ამბობს, რომ იმ წნეხს, რომელიც მთავრობისგან მედიაზე მოდიოდა, ვეღარ გაუძლო და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში წავიდა.

„საქართველოში ამ საქმის კეთება აღარ მიხაროდა. მივხვდი, რომ წლები გადიოდა, ვმუშაობდი და სიტუაცია დღითი დღე უფრო რთულდებოდა. გადაღებაზე გავდიოდი და არ ვიცოდი, რა მელოდა, ნაცემი დავბრუნდებოდი თუ არა. შეიძლება ჩართვაზე დგომისას ვიღაცას ქვა ესროლა. ყელში ამომივიდა ის პოლიტიკური სიტუაციაც, რაც ქვეყანაში იყო. ფინანსები კი თვიდან თვემდე თავის გასატანად თუ მეყოფოდა. 30 წლის ვხდები და გადავწყვიტე, რაღაც უნდა შემეცვალა.

ლექსო [ლაშქარავა] მეუბნებოდა, რომ ამერიკაში უნდოდა წასვლა. ამბობდა, აქ ვერაფერს ვაკეთებ, არ მიფასდება, უბრალოდ დედას ვერ დავტოვებ მარტო, ერთი შვილი ვყავარო. ის სიცოცხლეს გამოასალმეს. მე მეუბნებოდა, შენ მაინც წადი და იქ ფილმები გადაიღეო. ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნე ჩემი ფილმის ტრეილერი და ამით თითქოს პირობა ავუსრულე.“

დაუცველობის განცდა და ფინანსები - ეს ის ორი მთავარი პრობლემაა, რომელიც თითქმის ყველა ემიგრანტ ჟურნალისტს აერთიანებს.

„საქართველოში ყოველთვის მქონდა დაუცველობის განცდა, რადგან არასდროს მოვრიდებივარ ვინმეს კრიტიკას, იმის მიუხედავად, ვინ იყო ხელისუფლებაში. ჟურნალისტიკის ვალია, ხელისუფლებას საკუთარი ფუნქცია შეახსენოს. აგრესია იგრძნობოდა გადაღებებზე.

როცა მიკროფონით გავდიოდით ქუჩაში, გარკვეული ჯგუფების მხრიდან უტაქტო სიტყვები ისმოდა. სამწუხაროდ, დაითესა განწყობა, რომ ჟურნალისტობა ცუდი პროფესიაა. ამ პროცესზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

ეს ფაქტობრივად მედიის განადგურების მცდელობაა“, - ამბობს ნათია კოპალიანი, რომელმაც ბოლო 15 წლის განმავლობაში თითქმის ყველა სამაუწყებლო პლატფორმაზე იმუშავა და საბოლოოდ ფლორენციაში აღმოჩნდა. ქვეყანა ცხრა თვის წინ დატოვა და ახლა იტალიაში ცხოვრობს.

„რესტორანში მიმტანად ვმუშაობ. ძალიან მიჭირს ცხოვრება შვილის გარეშე. ემიგრაციული ყოფა მძიმეა“, - ემიგრანტთა სტატისტიკის მიღმა, აქ ბევრი ადამიანური ტრაგედიაა, რაც მაქედან არ ჩანსო, გვეუბნება ნათია.

 

2022 წელს, პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად გაუარესდა. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მედიის თავისუფლების დამცველი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა. მათ რეიტინგში საქართველომ 180 ქვეყანას შორის, მე-60-დან 89-ე ადგილზე გადაინაცვლა.

„ბოლო ერთი წელია ამერიკაში, ნიუ იორკში ვცხოვრობ. მშვიდად ვარ, არ მეშინია რომ ვიღაც ზურგიდან თავს დამესხმება ან ქვებს დამიშენს. აქ ხან ბარმენად, ხან მიმტანად ვმუშაობ“, - მახო მიქელაძემ ჟურნალისტობა 2022 წლის 13 ივნისს დაამთავრა და ქვეყანა დატოვა. მიზეზი იდენტურია.

„რადიკალებს ჩვენს საწინააღმდეგოდ მწვანე შუქი ჰქონდათ ანთებული. ამაზე პოლიციაც არ რეაგირებდა. საქართველოში ცხოვრება კრიტიკულ მედიაში მომუშავე ადამიანისთვის საშიში ხდება. დაუსჯელობის სინდრომია. ბოლო პერიოდში მოდაში შემოვიდა ჟურნალისტზე თავდასხმა და ძალადობა. ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ამას აკეთებდა.“

კიდევ ერთი ადამიანი, ვინც მედიაც და საქართველოც დატოვა, დავით ჯალაღონიაა. მუშაობდა BMG-ში. იყო წამყვანიც და ვების რედაქტორიც. ახლა ბარებში მუშაობს. ჯამში, სხვადასხვა მედია სააგენტოში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება დაუგროვდა, მაგრამ „ქვეყანა 2020 წელს დავტოვე და აშშ-ში, ნიუ იორკში გადავედი საცხოვრებლად. მწვანე ბარათის მიღების პირველივე მცდელობა წარმატებით დასრულდა.

წასვლის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა ჩემი და ჩემი ოჯახის შეზღუდულმა ფინანსურმა შესაძლებლობებმა. შედარებით ნორმალური ანაზღაურება მქონდა, მაგრამ არა საკმარისი, რომ საყოფაცხოვრებო პირობები გამეუმჯობესებინა. რთულია, მხოლოდ ჟურნალისტად იმუშაო და რამე ფინანსური გარანტია შეიქმნა სამომავლოდ.

ჟურნალისტები რომ საქართველოს ტოვებენ, ამის მიზეზი მათ მიმართ გამოვლენილი აგრესიაა. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე გვინახავს ნაცემი, დაზარალებული ჟურნალისტები თბილისის ქუჩებში. გარდა ამისა, ანაზღაურების პრობლემაა. ყველას აქვს ტვირთი ოჯახის წინაშე, ზოგს შვილი ჰყავს, საბანკო ვალდებულება აქვთ. თუმცა დამერწმუნეთ, პროფესიის და ქვეყნის დატოვება ჟურნალისტისთვის ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა. ბევრი მეკითხება მწვანე ბარათზე, ყველა დავაკვალიანე, მაგრამ ბევრმა ვერ მოიგო.“

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს 2022 წლის მონაცემებით, გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი საქართველოს 28 787-მა მოქალაქემ მოითხოვა. ხოლო ემიგრაციაში მთლიანი ქვეყნის მოსახლეობის 23% იყო წასული.

„ჟურნალისტური საქმიანობა 2000 წლიდან დავიწყე. ზუგდიდში, რადიო „ათინათში“ ვმუშაობდი. 2011 წლიდან ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესში“ გადავედი. მიმაჩნდა, რომ ძალიან საინტერესო პროფესია მქონდა. ჩემი არცერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავდა. ბოლო წლებში ისეთი ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოვჩნდი, რომელსაც საქართველოში ვერ მოვაგვარებდი, ამიტომაც შეერთებულ შტატებში გავემგზავრე. არ ვიცი როდის დავბრუნდები. რთულია წახვიდე იქიდან, სადაც წლები მოანდომე ნდობის, პატივისცემის მოპოვებას, სადაც ამდენი შრომა ჩადე შენს საყვარელ საქმეში“, - ნანა ხუბუტიაც მრავალი კოლეგის მსგავსად, ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებშია და ძიძად მუშაობს.

სოციალურმა და პოლიტიკურმა გარემომ პროფესიაზე უარი ათობით ჟურნალისტს ათქმევინა. გახშირებულმა ძალადობამ კი, მრავალი მათგანი იძულებული გახადა ახალი ცხოვრება ემიგრაციაში დაეწყო. უჭირთ მორალურად, ფსიქოლოგიურად, ფინანსურად, მაგრამ ამ მედიაგარემოში მუშაობის გაგრძელებას, რაც საქართველოშია, უცხო ქვეყანაში ყველაფრის ნულიდან დაწყება ურჩევნიათ.

Image

2021 წლის 5-6 ივლისს, თბილისის ქუჩებში ექსტრემისტული ჯგუფები თავს დაესხნენ 53 ჟურნალისტს

მხოლოდ მიმდინარე წელს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის 50-მდე შემთხვევა დავითვალეთ - „ქართული ოცნების“ აქტივისტები და თანამდებობის პირები კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს თავს უკვე პირდაპირ კამერების წინ ესხმიან, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამას სამოქალაქო აქტივიზმს უწოდებს და დაუსჯელობით ისედაც წახალისებულ ძალადობას, კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელსაც მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ევალება, ამ დრომდე თაროზე აქვს შემოდებული, დედოფლისწყაროში პრემიერ-მინისტრის მამის ბიზნესპარტნიორების მიერ, ტვ „პირველის“ ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე. წელს დაფიქსირებული 50-მდე დანაშაულიდან მხოლოდ ოთხი საქმეა გამოძიებული.

დღემდე გამოუძიებელია ჟურნალისტებისთვის ფარული მიყურადების ფაქტები. ე.წ. სუსიდან გამოჟონილი ფაილების საქმეზე დაზარალებულად 48 ჟურნალისტია ცნობილი.

ემიგრანტი ჟურნალისტები 2024 წლის არჩევნების შედეგებს ელოდებიან, როგორც ცვლილებების ბოლო იმედს და საშუალებას, რომ დაბრუნდნენ და საკუთარი საქმიანობა გააგრძელონ. ჯერჯერობით კი, პროფესიიდან, ოჯახებიდან და ქვეყნიდან წასული ჟურნალისტების სია მზარდია.

 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).