კრიტიკული მედიის წინააღმდეგ დანაშაული 4-ჯერ გაიზარდა - „ოცნების“ წახალისებული ძალადობა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ზურა ვარდიაშვილი / საქართველოს ამბების ფოტო

სულ რაღაც ექვს თვეში, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის 40-მდე შემთხვევა დავითვალეთ. „ქართული ოცნების“ აქტივისტები და თანამდებობის პირები კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს თავს უკვე პირდაპირ კამერების წინ ესხმიან. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამას სამოქალაქო აქტივიზმს უწოდებს და დაუსჯელობით ისედაც წახალისებულ ძალადობას, კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელსაც მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ევალება, არაერთი საქმე თაროზე აქვს შემოდებული. წელს დაფიქსირებული დანაშაულებიდან მხოლოდ ორია გამოძიებული, ისიც ნაწილობრივ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

 თავდასხმა ჟურნალისტებზე საგარეჯოში

„როგორც კი მანქანიდან გადმოვედი და „მთავარი არხის“ მიკროფონი დაინახეს, მაშინვე აგრესიული შეძახილები დაიწყეს. ოპერატორებს, ყველას უცენზურო სიტყვებით აგინებდნენ. ერთ-ერთი ჩემკენ წამოვიდა. მერე გავიგე, რომ მამუკა შაქარაშვილი ყოფილა, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი და ამავე ააიპ-ს ხელმძღვანელის, თემურ ილაურის სიძე. ცდილობდა მიკროფონი წაერთვა, თუმცა მაგრად მეჭირა და ვერ წამართვა. საგანგებოდ ჰქონდათ მოტანილი სამშენებლო ბლოკის ნამტვრევები. წყლით სავსე შუშის ბოთლებს გვესროდნენ. როცა სახლის ეზოში შევედით, გვეგონა, შედარებით უსაფრთხოდ ვიქნებოდით, მაგრამ მხარში ქვა მომხვდა. საშინელი ტკივილი ვიგრძენი“, - იხსენებს საგარეჯოში 6 ივლისს მომხდარ თავდასხმას „მთავარი არხის“ რეგიონული კორესპონდენტი ია გულიაშვილი.

„ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრები, აქტივისტები და მერიის თანამშრომლები საგარეჯოში იმისთვის შეიკრიბნენ, რომ პენსიონერებთან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის შეხვედრა ჩაეშალათ. „ოცნების“ პარტიული აქტივი ხაბეიშვილს ზუსტად ასე დახვდა რამდენიმე დღით ადრე კასპშიც. შეხვედრის ჩაშლა იქაც სცადეს, თუმცა საგარეჯოში ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს და შეხვედრის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს ქვები დაუშინეს. დაინდეს მხოლოდ ერთი რეპორტიორი.

„იმედი ვარ“

ასე მიუგო ტელეკომპანია „იმედის“ რეგიონულმა ჟურნალისტმა კახა კუპატაძემ ერთ-ერთ მოძალადეს, რომელიც მასთან მივიდა და გადაღების შეწყვეტა მოსთხოვა:

„შენ ხომ გითხარი, არ გადაიღო მეთქი. რატომ იღებ?!“ - საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ მოძალადემ ჟურნალისტისთვის ხელშეშლა სცადა. „იმედის“ ხსენებისა და მიკროფონის დანახვის შემდეგ კი, განზრახვაზე ხელი აიღო და გაეცალა.

„მოსალოდნელი ძალადობის შესახებ პოლიციისთვის წინასწარ იყო ცნობილი“

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ია გულიაშვილი ჰყვება, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მობილიზებული პირები მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში ხელს მიზანმიმართულად უშლიდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ძალადობის ამსახველი კადრები რომ ვერ გადაეღოთ, ოპერატორებს ვიდეოკამერებიც დაუზიანეს.

„დაპირისპირება დაახლოებით 10-15 წუთი გაგრძელდა. აგრესიული ჯგუფები მას შემდეგ გაჩერდნენ, რაც ქვების სროლითა და ცემა-ტყეპით გული იჯერეს. ადგილზე მხოლოდ ამის მერე მოვიდა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თემურ კალანდაძე“

ია გულიაშვილმა მას ჰკითხა, სად იყო პოლიცია იქამდე - „შეტყობინების შემოსვლიდან 3 წუთში მოვედით ადგილზე“, - უპასუხა რეგიონის პოლიციის უფროსმა.

თეიმურაზ კალანდაძეს თან ახლდნენ გურჯაანის, ლაგოდეხისა და ახმეტის პოლიციის სამმართველოების უფროსები. ახმეტიდან საგარეჯომდე დაახლოებით 100 კილომეტრია, ლაგოდეხიდან უფრო მეტი. „საქართველოს ამბებს“ სხვადასხვა პირებმა საგარეჯოს და გურჯაანის პოლიციიდან დაუდასტურეს, რომ ხელმძღვანელი პირები საგარეჯოში წინასწარ შეიკრიბნენ, რადგან მოსალოდნელი ძალადობის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში კანონი პოლიციას დანაშაულის პრევენციას ავალდებულებს, ყველაფერი კი პირიქით მოხდა.

საგარეჯოში მუშაობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ „ფორმულას“ ჟურნალისტებსაც - გიორგი კვიჟინაძეს და სულხან ჭკადუას.

ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ია გულიაშვილის თქმით, დაკითხეს ისიც და ოპერატორიც. არსებობს ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა, დანაშაულის ჩადენიდან 5 დღეა გასული, საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არავინ დაუკავებია. „მთავარი არხის“ რეგიონულ კორესპონდენტს მოლოდინიც არ აქვს, რომ ვინმეს დასჯიან.

6 ივლისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, საკრებულოს თანამშრომლებმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „მთავარი არხის“ რეპორტიორს გუგა მაისურაძესაც.

კასპი - სამიზნე აქაც კრიტიკული მედიაა

საგარეჯოს სცენარი 30 ივნისს კასპში მომხდარ ორგანიზებულ ძალადობას ჰგავდა. საგანგებოდ შეკრებილი საჯარო მოსამსახურეები კასპშიც განსაკუთრებული აგრესიით შეხვდნენ „მთავარი არხის“ ადგილობრივ კორესპონდენტს, გიორგი ახალკაცს. პირდაპირი ჩართვისას „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

საგამოძიებო სამსახური ახალკაცს თავად დაუკავშირდა იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა ჟურნალისტს უწყებისთვის მიმართვის სურვილი. ახალკაცი მიიჩნევს, რომ 30 ივნისს მომხდარ ინციდენტში დანაშაულის ნიშნები აშკარაა, თუმცა საგამოძიებო უწყებისთვის არ მიუმართავს:

„ერთი წლის წინ, კასპის საკრებულოს საჯარო სხდომიდან რაიონის პოლიციის უფროსის ხელმძღვანელობით, ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოგვყარეს. მაშინ ამ უწყებამ ასადურად გამოგვკითხ და გვეუბნებიან, რომ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. აბა, სამსახურს როგორ უნდა უნდა ვენდო?!

გიორგი ახალკაცი დარწმუნებულია, რომ არჩევნების მოახლეობასთან ერთად რეგიონებში გარემო უფრო დამძიმდება და ჟურნალისტებს წინ რთული დღეები ელით.

2023 წელს მომხდარი დანაშაულები მედიის წინააღმდეგ - არასრული სია

თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე - 27 ივნისს, თბილისში, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს. მიშა მშვილდაძე ქუჩაში გადაადგილდებოდა. ის ცემეს და სხეულის დაზიანებები მიაყენეს. თავდასხმა სამეთვალყურეო კამერებმა აღბეჭდეს. „მე ვცემე, რადგან ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და ამბობს, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო. აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს. ასევე, ფეისბუქით გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც არსად დამალვას არ ვაპირებ“, - დაწერა დანაშაულის მეორე დღეს მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ იდენტური ტექსტით და ფორმით აღიარა დანაშაული მოქალაქე სოსო მაისურაძემაც, რომელიც 17 ივნისს თავს დაესხა ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს და დაზიანებები მიაყენა. მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გუგეშაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა ტელეკომპანია „ფორმულა“ დანაშაულის ამსახველ ვიდეოჩანაწერებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ თავდასხმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული და მასში სუს-ის გამომძიებელი გიორგი მუმლაძე ფიგურირებს. „ფორმულას“ ინფორმაციით, მუმლაძე სუს-ის უფროსის მოადგილის, ლევან ახობაძის ნათლულია. ტელეკომპანიამ გაასაჯაროვა ვიდეომასალის ის ნაწილი, საიდანაც ჩანს, რომ მუმლაძე მშვილდაძეს მიჰყვებოდა.

სიცოცხლის მოსპობის მუქარა - 24 მაისს, ონლაინგამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო - „ეს ვიდეო აიღეთ, თორემ მიწიდან ამოგთხრი. თავი თუ არ გაგიხვრიტო... ჩემი დედა მოვ... თუ არ მოგძებნო, თუ თავი არ მოგაჭრა. ჩემი ძმის სულს გეფიცები, მის ძვლებს გეფიცები, იმენა თავი თუ არ მოგაჭრა. ყ...-ზე მკიდია, ციხე დამაშენონ თავზე, გაგაქრობ ამ ქვეყნიდან“. მუქარა წინა დღეს გამოქვეყნებულ საგამოძიებო ფილმს უკავშირდება. ჟურნალისტმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობის მუქარით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. გამომძიებელმა მუქარის ავტორი დაახლოებით სამი კვირის შემდეგ გამოკითხა და ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა ყვარელში - 20 მაისს, ტელეკომპანია „ფორმულას“ რეგიონულ კორესპონდენტს კახეთში დავით ჭაბაშვილს, სასტუმრო „ყვარლის ტბის“ დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა, ახმეტის პოლიციის უფროსმა გიორგი ჩოქურმა და კიდევ რამდენიმე პოლიციელმა ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში. „ყვარლის ტბაზე“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ და ქორწილი უნდა გადაეხადათ. სასტუმროს ადმინისტრაცია ლავროვის ოჯახის წევრების, მათ შორის, სანქცირებული პირების ვიზიტს არ ადასტურებდა. განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ჟურნალისტმა  ფაქტის გადამოწმება სცადა და ყვარლის ტყეში შემოვლითი გზით შევიდა. მის მიერ გადაღებული ვიდეომასალიდან ჩანს, როგორ აიძულებენ მას გადაღების შეწყვეტას, როცა დაცვის სამსახურის თანამშრომლები დაედევნენ და შემდეგ, ახმეტის პოლიციის უფროსის მითითებებითა და ხელმძღვანელობით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, როგორ მიათრევენ ტყიდან გარეთ, რომ ვერ შეძლოს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება. ამ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.

თავდასხმა ტვ „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე დედოფლისწყაროში - 29 აპრილს გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, პრემიერ-მინისტრის ოჯახის ბიზნესპარტნიორები ნუგზარ ალუღიშვილი და ზაქარია ბოსტოღანაშვილი როგორ ესხმიან თავს გამომძიებელ ჟურნალისტებს და შეურაცხყოფას აყენებენ. ჟურნალისტები იძიებდნენ ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის ღვინის ქარხანასთან დაკავშირებულ საქმეს და შესაძლო კორუფციას. მანამდე, რამდენიმე თვის წინ, ალუღიშვილმა ტვ „პირველს“ სასამართლოშიც უჩივლა და ცილისწამების საბაბით ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ჟურნალისტმა მაკა ანდრონიკაშვილმა „საქართველოს ამბებს“ უთხრა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თავდასხმის და ხელშეშლის ამსახველი ვიდეომასალაც ამოიღო, თუმცა რეაგირება არ ჰქონიათ.

თავდასხმა ტვ „პირველის“ ჟურნალისტზე ოზურგეთში - 15 მარტს, სოფელ ბახვში, ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა პრორუსული და ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფოს“ წევრი, ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია. ანდღულაძე ერთ-ერთია „ალტ-ინფოს“ აქტივისტებს შორის, რომლებმაც წინა დღეს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. გოგელიაზე თავდასხმის გამო ანდღულაძე დააკავეს. რაიონულმა სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული 3 ათასლარიანი გირაოთი დარბაზიდან გაათავისუფლა. მანამდე, 31 იანვარს, 2 და 5 თებერვალს, უცნობმა პირებმა ნატო გოგელიას სახლში უკანონოდ შეაღწიეს. პირველ შემთხვევაში მეხსიერების ბარათი და ტელევიზორი წაიღეს, მეორედ და მესამედ სახლი დაარბიეს. გამოძიებული არცერთი შემთხვევა არ არის. დაზარალებული ჟურნალისტის და მისი არასრულწლოვანი შვილების მიმართ მუქარები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა, თუმცა, გოგელიას თქმით, საგამოძიებო სამსახური აღარ დაინტერესდა: „იმდენად უმოქმედოები არიან, მიმართვაც არ ღირს. კი, დააკავეს, ბრალი წარუდგინეს, მაგრამ არ შეაგროვეს მტკიცებულებები, რაც ანდღულაძის პიროვნებას უკეთ დაახასიათებდა. ამ ადამიანის მიმართ, ოზურგეთის პოლიციაში მოქმედი სისხლის სამართლის საქმეა ოჯახურ ძალადობაზე. ტიპიური მოძალადეა. ეს კაცი გამოუშვა სასამართლომ გარეთ. ჩემი ინფორმაციით, ის ადრეც იყო ნასამართლევი მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო სხვა ქვეყანაში. საგამოძიებო სამსახურში მუქარის ამსახველი შეტყობინებები წარვადგინე, სოციალურ ქსელებში დღემდე იძებნება მუქარები ჩემი და შვილების მიმართ. რეაგირება ნულია“.

მარტში „აგენტების შესახებ რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების გაშუქებისას 21 ჟურნალისტისა და ოპერატორის უფლებები დაირღვა არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ მონაცემებით. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ორი სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული:

2 მარტის მოვლენებზე - როცა პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან, ძალის გამოყენებით გააძევეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტორეპორტიორი ვახტანგ ქარელი, „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი მიხეილ გვაძაბია და On.ge-ს რედაქტორი თამარ გეგიძე.

7-9 მარტის მოვლენებზე - როცა ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სამართალდამცავები ხელს უშლიდნენ ჟურნალისტურ საქმიანობაში, იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს, როგორიცაა: წიწაკის სპრეის სახეში შესხმა, წყლის ჭავლის დამიზნება, გაზის კაფსულების დამიზნებით სროლა, ფიზიკური შეურაცხყოფა (ქამრებით გათრევა, სქროლის სროლა, ჩარტყმა თავის არეში, წიხლის ჩარტყმა) და ა.შ.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არცერთი საქმე არ აქვს გამოძიებული.

2 მარტს, პარლამენტის შენობასთან, უკანონოდ დააკავეს ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი და „ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი. „საქართველოს ამბების“ მიერ გადაღებული ვიდეომასალით უტყუარად დასტურდება, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე სამსახურებრივ უფლებამოსილებას ამეტებს და ვარდიაშვილის დასაკავებლად უკანონო ბრძანებას გასცემს, რომელსაც პოლიციელები მყისიერად ასრულებენ იმის მიუხედავად, რომ ვარდიაშვილს არაფერი დაუშავებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი მტკიცებულებაც არ ჰქონდა, რაც ჟურნალისტების მიერ კანონის რომელიმე მუხლის დარღვევას დაადასტურებდა, თუმცა მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ორივე მათგანი მაინც სამართალდამრღვევად ცნო და ორ-ორი ათასი ლარით დააჯარიმა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური თავს იწონებს, გასულ წელს, მედიის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გახსნის მაჩვენებლით - გამოძიება 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, რაზედაც 7 პირი პასუხისგებაში მისცეს. უწყებამ 2023 წლის მონაცემები ჯერ-ჯერობით არ მოგვაწოდა, თუმცა, რაც ღია წყაროებით დავთვალეთ, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 4-ჯერ არის გაზრდილი.

დღემდე გამოუძიებელია ჟურნალისტებისთვის ფარული მიყურადების ფაქტები. ე.წ. „სუსიდან გამოჟონილი ფაილების საქმეზე“ დაზარალებულად არის ცნობილი 48 ჟურნალისტი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.