იმნაძე: მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ მუნი საქართველოში ყოველწლიურად ფიქსირდება და წელს მატება არ შეინიშნება. მისი თქმით, „საპანიკო არაფერია“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მუნი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემაა. პაატა იმნაძის განცხადებით, დაავადება წლის განმავლობაში არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს აღენიშნება.

„საპანიკო არაფერია, რადგან მუნი ყოველთვის არის, ყოველ წელს. არაფერი მატება არ შეიმჩნევა ამ დაავადების. მკურნალობა საკმაოდ ადვილია, სპეციალური მალამოების საშუალებით.

პროფილაქტიკისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მოვერიდოთ ინფიცირებულთან კონტაქტს, მოვერიდოთ სხვისი პირსახოცის, სხვისი ტანსაცმლის და თეთრეულის გამოყენებას. მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს არა მარტო იმას ვისაც აქვს მუნი, არამედ მისი ოჯახის ყველა წევრს და ასევე, ვისაც მჭიდრო, ახლო და ხანგრძლივი კონტაქტი აქვს მასთან“, - განაცხადა იმნაძემ.

მუნის შემთხვევების შესახებ ცნობები ბოლო პერიოდში ვრცელდება. ინფიცირება დაფიქსირდა სკოლის მოსწავლეებს შორისაც, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

მუნი კანის გადამდები დაავადებაა, რომელიც ტკიპის ინვაზიით არის გამოწვეული. Sarcoptes scabiei-ს ტკიპა კანში იჭრება და ძლიერ ქავილს იწვევს. ქავილი განსაკუთრებით მწვავეა ღამით.

ინფექციური ორგანიზმის გადაცემა ხდება კანით კანთან კონტაქტის დროს. სიმპტომები, როგორც წესი, ინვაზიიდან 4-6 კვირის შემდეგ ვლინდება.

დაავადების პოტენციურ გართულებებს შორისაა მუდმივი ქავილი, უძილობა, მეორადი ბაქტერიული ინფექცია და დაავადების მოსახლეობაში გავრცელება. ყველაზე სერიოზული გართულებებია გულის რევმატული დაავადება, სეფსისი და თირკმლის დაავადება.

მუნის დიაგნოზი, როგორც წესი, გამონაყარის დათვალიერებისა და დაავადებულის სამედიცინო ისტორიის გათვალისწინებით ისმება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) თანახმად, ეს დაავადება მთელ მსოფლიოში გვხვდება, თუმცა, მუნისა და ინვაზიის მეორადი გართულებების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ყველაზე დაუცველი ჯგუფები - მცირეწლოვანი ბავშვები და ხანდაზმულები ღარიბ თემებში.

ჯანმოს ინფორმაციით, მუნის მკურნალობა შესაძლებელია ადგილობრივი კრემებით ან, უფრო მძიმე შემთხვევებში, პერორალური მედიკამენტებით. ადგილობრივი გამოყენების საშუალებებს შორისაა 5%-იანი პერმეტრინის კრემი, 10-25%-იანი ბენზილ ბენზოატის ემულსია და 5-10%-იანი გოგირდის მალამო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.