„მხოლოდ წელს“ - „ქართული ოცნება“ 1 795 აბიტურიენტისთვის მეორად ჩარიცხვას აცხადებს

„ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს გამონაკლისი დაიშვება და იმ 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა ადგილები ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცემათ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ივანიშვილის მთავრობის განათლების მინისტრ გივი მიქანაძის განცხადებით, ეს ნაბიჯი უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმით გამოწვეულ გარდამავალ პერიოდს უკავშირდება.

„გამომდინარე იქიდან, რომ დავიწყეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა და მიმდინარე წელი გარკვეულწილად გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს. 1 795 აბიტურიენტს ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, სექტემბრის პირველ ნახევარში სახელმწიფო და კერძო უმაღლეს, ასევე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე რეგისტრაცია გამოცხადდება, სადაც ზღვარგადალახული აბიტურიენტები დარეგისტრირებას შეძლებენ.

გივი მიქანაძე

„ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი და განათლების ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია. მისი შეფასებით, ეს ნაბიჯი საზოგადოებრივი პროტესტისა და სისტემური ჩამოშლის აღიარების შედეგია:

„საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, კობახიძე იძულებული გახდა, თავისი გადაწყვეტილებით უნივერსიტეტებში ჩარიცხოს ის 1 795 აბიტურიენტი, ვინც ზღვარი გადალახა, მაგრამ გაუკუღმართებული რეფორმის გამო სახელმწიფომ გარეთ დატოვა. ვულოცავ ყველა აბიტურიენტს! განათლების სისტემამ საზოგადოებასთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი“, - აღნიშნა გვარამიამ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე მოწოდებით გამოვიდა მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი, სიმონ ჯანაშია. მან იმ აბიტურიენტებს, რომლებიც სასურველ უნივერსიტეტებში ვერ მოხვდნენ, პარტიასთან დაკავშირებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ იბრძოლებდნენ მათი უფლებებისთვის.

„ქართულმა ოცნებამ“ სპეციალურად შეამცირა ადგილები უნივერსიტეტებში და გააუქმა პროგრამები იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა საქართველოში განათლება ვერ მიიღონ.

ამ დროს ათასობით აბიტურიენტმა დაადასტურა, რომ სწავლა შეუძლია. ერთის მხრივ, უნივერსიტეტებში ადგილები არის, მეორე მხრივ კი ხელისუფლება უარს ამბობს ამ შესაძლებლობის გახსნაზე“, - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს გამოცდებზე გამოცხადებული 39 689 აბიტურიენტიდან 34 150 ჩაირიცხა უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, 1 795 გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ ჩაირიცხა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რადგან აირჩია მხოლოდ ერთი, ორი ან რამდენიმე პროგრამა, რომელზე ჩარიცხვისათვისაც მიღებული ქულები არ აღმოჩნდა საკმარისი, მის მიერ შერჩეულ პროგრამებზე მაღალი კონკურსის გამო; 3 744 აბიტურიენტმა კი ერთ ან რამდენიმე საგანში ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ამავე ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე რეფორმის შედეგად 34 150 აბიტურიენტიდან სწავლას სახელმწიფოს სრული დაფინანსებით განაგრძობს 20 679 (60.55 %) აბიტურიენტი, მათგან: საბაკალავრო პროგრამები/სახელმწიფო - 17862 (52.30%) პროფესიული პროგრამები/სახელმწიფო - 1322 (3.87%); ქართულ ენაში მომზადების პროგრამა/სახელმწიფო - 1495 (4.38%).

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.