2019 წელს ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახის 12 წევრს გერმანია იძულებით დაატოვებინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „კავკაზ რეალიი“ ზელიმხან ხანგოშვილის ქვრივსა და დაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 3 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
გერმანული „დოიჩე ველეს“ (DW) ცნობით, 23 ოქტომბერს, ავიაკომპანია Georgia Airways-ის ჩარტერული რეისით, გერმანიიდან საქართველოში 48 ადამიანი იქნა დეპორტირებული. მათ შორის იყვნენ ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი და სხვა ნათესავები.
როგორც გერმანული გამოცემა წერს, ხუთშაბათს, ადრე დილით, ქალაქ ვიუნსდორფში (ბრანდენბურგის მიწა), პოლიციამ ზურაბ ხანგოშვილის ბინის კარი შეამტვრია, ოჯახის წევრებს მობილური ტელეფონები ჩამოართვა, ავტობუსებში ძალით ჩასვა და ბერლინის აეროპორტში წაიყვანა. ამის შესახებ DW-ს ზელიმხან ხანგოშვილის ქვრივმა, მანანა ცატიევამ უამბო.
ზურაბ ხანგოშვილი შვედეთიდან გერმანიაში საცხოვრებლად დაახლოებით სამი წლის წინ გადავიდა და როგორც DW წერს, მას პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შიშები ჰქონდა.
„ჩემი ძმის მკვლელი თავისუფალია და ჩვენ თავს დამცირებულად ვგრძნობთ. ეს მტკივნეულია“, - განაცხადა მან ერთი წლის წინ, მას შემდეგ, რაც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში გასამართლებული ვადიმ კრასიკოვი პატიმრების გაცვლისა და რუსეთში ექსტრადიციის შედეგად გათავისუფლდა.
ხანგოშვილის ნათესავებმა DW-ს განუცხადეს, რომ ოჯახის ადვოკატები ბოლო წუთამდე უშედეგოდ ცდილობდნენ დეპორტაციის შეჩერებას. თვითმფრინავი ბერლინიდან თბილისის მიმართულებით საათნახევრის დაგვიანებით გაფრინდა.
ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც პანკისის ხეობიდან იყო, ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. ის საქართველოდან გერმანიაში 2015 წელს, მასზე განხორციელებული მორიგი თავდასხმის შემდეგ გაემგზავრა და იქ თავშესაფარს ითხოვდა. 2019 წლის 23 აგვისტოს ხანგოშვილი ბერლინში, მოაბიტის რაიონში, პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, როდესაც ველოსიპედით გამვლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში დაჭრა. 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. მკვლელი - ვადიმ კრასიკოვი, ყალბი რუსული პასპორტის მიხედვით კი ვადიმ სოკოლოვი, იმავე დღეს დააკავეს. 2021 წლის დეკემბერში ბერლინის უმაღლესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ფედერალური პროკურატურის მოთხოვნა და კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას „სახელმწიფო ტერორიზმი“ უწოდა. თუმცა, 2024 წლის აგვისტოში კრასიკოვი, რუსეთის სპეცსამსახურების სხვა თანამშრომლებთან ერთად, რუს პოლიტპატიმრებსა და Wall Street Journal-ის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩში გაცვალეს. ვადიმ კრასიკოვს მოსკოვის აეროპორტში პირადად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დახვდა.
