რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმართა მასშტაბური გაცვლა შედგა. გარიგების ფარგლებში რუსეთს გადაეცა უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გერმანიის ციხეში სასჯელს საქართველოს მოქალაქის, ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იხდიდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
პატიმრების გაცვლა 1-ელ აგვისტოს, ანკარის აეროპორტში, თურქეთის დაზვერვის შუამავლობით მოხდა. გაცვლაში მონაწილეობა 26-მა პატიმარმა მიიღო.
„საერთო ჯამში რუსეთიდან 16 ადამიანის გათავისუფლებაზე შევთანხმდით, მათ შორის ხუთი გერმანიის და შვიდი რუსეთის მოქალაქეა, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში პოლიტპატიმრები იყვნენ. ამ ქალებისა და მამაკაცების ნაწილი წლების განმავლობაში უსამართლოდ იყო დაკავებული. ყველამ გაიარა წარმოუდგენელი ტანჯვა და გაურკვევლობა. დღეს მათი ტანჯვა დასრულდა“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
გათავისუფლებულთა შორის, რომელთა სახელებიც ბაიდენმა დაასახელა, არიან Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი ვლადიმერ კარა-მურზა, რუსეთში ჯაშუშობაში ბრალდებული შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და კანადის მოქალაქე მარინე პოლ უელანი, ასევე რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა.
რუსეთში დაბრუნებულ 8 ადამიანს მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში წითელი ხალიჩითა და საპატიო ყარაულით დახვდნენ. მათთან შესახვედრად აეროპორტში პირადად ვლადიმერ პუტინი მივიდა. პუტინმა განაცხადა, რომ ყველა დაბრუნებულს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცემა და „მომავალზე სასაუბროდ“ მათ კვლავ შეხვდება.
5 წლის წინ, 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლების შესახებ მედიიდან შეიტყო. „ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს, ჯერჯერობით არაფერი ვიცი. ჩემთვის სასიამოვნო არაა, ჩემი ძმის მკვლელს რომ უშვებენ სამშობლოში“, - განაცხადა ზურაბ ხანგოშვილმა.
ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებით კრემლის დაინტერესება ვლადიმერ პუტინმა 2024 წლის თებერვალის დასაწყისში დაადასტურა. ამ საკითხს რუსეთის პრეზიდენტი ამერიკელი ჟურნალისტისთვის, ტაკერ კარლსონისთვის მიცემულ ინტერვიუში შეეხო. „ერთ-ერთ ქვეყანაში, შეერთებული შტატების პარტნიორ ქვეყანაში [ციხეში] ზის ადამიანი, რომელმაც პატრიოტული გრძნობების გამო, ერთ-ერთ ევროპულ დედაქალაქში ბანდიტის ლიკვიდაცია მოახდინა“, - პუტინს სახელები პირდაპირ არ დაუსახელებია, თუმცა, მისი პასუხიდან ნათელი იყო, რომ რუსეთის სპეცსამსახურები სწორედ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის მიღების სანაცვლოდ იყვნენ მზად The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული ევან გერშკოვიჩი გაეთავისუფლებინათ.
ვადიმ კრასიკოვის სახელი გაჟღერდა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ციხიდან გათავისუფლების მცდელობებთან დაკავშირებითაც. ნავალნის თანამოაზრემ და „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ თავმჯდომარემ, მარია პევჩიხმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში უნდა გაეცვალათ, თუმცა მოლაპარაკებების ბოლო სტადიაზე რუსეთის პრეზიდენტმა ნავალნის მოკვლა გადაწყვიტა.
ვადიმ კრასიკოვს გერმანიაში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გერმანიის ფედერალური პროკურატურა აცხადებდა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოკლეს.