ალექსეი ნავალნი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში უნდა გაეცვალათ - ნავალნის გუნდი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ალექსეი ნავალნი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერში, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში მსჯავრდებულ ვადიმ კრასიკოვში უნდა გაეცვალათ, თუმცა მოლაპარაკებების ბოლო სტადიაზე რუსეთის პრეზიდენტმა მისი მოკვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ ნავალნის თანამოაზრემ და „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ თავმჯდომარემ, მარია პევჩიხმა განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„რატომ მოხდა ეს ახლა? რატომ 16 თებერვალს? ზუსტად ვიცი ამ კითხვაზე პასუხი და არანაირი სურვილი არ მაქვს, სიმართლე დავმალო. უახლოეს დღეებში ნავალნი უნდა გაეთავისუფლებინათ, რადგან მისი გაცვლის შესახებ გადაწყვეტილებას მივაღწიეთ. თებერვლის დასაწყისში პუტინს ქილერის, „ეფ ეს ბეს“ ოფიცრის, ვადიმ კრასიკოვის ამერიკის ორ მოქალაქესა და ალექსეი ნავალნიზე გაცვლა შესთავაზეს. 15 თებერვალს, საღამოს, მე მივიღე დასტური იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ფინალურ სტადიაზე იყო. 16 თებერვალს ალექსეი მოკლეს“, - ამბობს პევჩიხი გავრცელებულ ვიდეოში.

მარია პევჩიხის თქმით, ნავალნის გარდაცვალების შემდეგ შეიტყო, რომ ვლადიმერ პუტინს პატიმრების გაცვლის შესახებ წინადადება ბიზნესმენმა რომან აბრამოვიჩმა გადასცა.

„აბრამოვიჩს საერთო ნაცნობების მეშვეობით ვკითხე, როდის, სად და რა გარემოებებში გააკეთა ეს, რა თქვა პუტინმა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ შეკითხვებს არ უპასუხა, თუმცა არც არაფერი უარყო. პუტინს მკაფიოდ უთხრეს, რომ კრასიკოვის მიღების ერთადერთი საშუალება, მისი ნავალნიში გაცვლა იყო. პუტინმა იფიქრა - ნავალნის თავისუფლებაზე ყოფნას ვერ ავიტან და რადგან პრინციპულად მზად არიან გაცვალონ კრასიკოვი, საჭიროა უბრალოდ მოვიშოროთ ვაჭრობის საგანი, შემდეგ კი საჭიროების შემთხვევაში, შევცვალოთ ის ვინმეთი. ეს აბსოლუტურად არალოგიკურია, არარაციონალურია. ეს შეშლილი მაფიოზის ქცევაა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ პუტინი შეიშალა ნავალნის სიძულვილით. ის იმდენად ვერ იტანს ნავალნის, რომ საკუთარი თავის და რაციონალური ინტერესების საზიანოდ მოქმედებს“, - განაცხადა მარია პევჩიხმა.

რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალების შემდეგ, 18 თებერვალს, გერმანულმა გამოცემა Bild-მა პირველმა დაწერა, რომ ნავალნის კრასიკოვზე გაცვლას აპირებდნენ. ჟურნალისტების ინფორმაციით, მოლაპარაკებებში მოსკოვი, ვაშინგტონი და ბერლინი იყვნენ ჩართული და ალექსეი ნავალნი მალე უნდა გათავისუფლებულიყო.

რუსეთის ხელისუფლება რომ კვლავ ცდილობს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის გერმანიის ციხიდან გამოყვანას, ეს თებერვლის დასაწყისშიც დადასტურდა.  პუტინმა, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში, მიანიშნა, რომ მზად არის, Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ევან გერშკოვიჩი კრასიკოვში გაცვალოს. უფრო ადრე მედია წერდა, რომ რუსეთი ხანგოშვილის მკვლელის დახსნას ამერიკელი კალათბურთელის, ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით დაკავებული ბრიტნი გრინერის გათავისუფლების სანაცვლოდ ცდილობდა. კალათბურთელი აშშ-ში 2022 წლის ბოლოს, 10-თვიანი პატიმრობის შემდეგ დაბრუნდა. ის იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტში გაცვალეს.

16 თებერვალს, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ N3 გამოსასწორებელ კოლონიაში, გასეირნების შემდეგ, ალექსეი ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და თითქმის მაშინვე გონება დაკარგა. „ჩატარდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ ამან დადებითი შედეგი არ გამოიღო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს. გარდაცვალების მიზეზები დგინდება“, - აცხადებდა უწყება. პროპაგანდისტული არხის Russia Today-ს წყარომ გარდაცვალების მიზეზად თრომბი დაასახელა. 17 თებერვალს დილით, ლუდმილა ნავალნაია ხარპის კოლონიაში ჩავიდა. იქ მას უთხრეს, რომ მისი შვილი „უეცარი სიკვდილის სინდრომით“ გარდაიცვალა.

24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ნავალნის ცხედარი ოჯახს  გადასცეს. მანამდე გარდაცვლილი პოლიტიკოსის დედამ განაცხადა, რომ მას ულტიმატუმს უყენებდნენ და სთხოვდნენ, შვილი საიდუმლოდ დაეკრძალა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 47 წლის იყო. ის სასჯელს განსაკუთრებული რეჟიმის კოლონია „პოლარულ მგელში“ იხდიდა, რომელიც ხარპის დასახლებაში, იამალის ნახევარკუნძულზე, ციმბირში მდებარეობს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).