რუსეთის ხელისუფლება კვლავ ცდილობს საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის პატიმრობამისჯილი ვადიმ კრასიკოვის გერმანიის ციხიდან გათავისუფლებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
ამ საკითხს რუსეთის პრეზიდენტი ამერიკელი ჟურნალისტისთვის, ტაკერ კარლსონისთვის მიცემულ ინტერვიუში შეეხო, როდესაც გამოცემა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული ევან გერშკოვიჩის შესახებ ჰკითხეს. პუტინს ხანგოშვილის გვარი პირდაპირ არ დაუსახელებია, თუმცა, მისი პასუხიდან ჩანს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები სწორედ ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლების სანაცვლოდ არიან მზად, გერშკოვიჩი აშშ-ს გადასცენ.
„ერთ-ერთ ქვეყანაში, შეერთებული შტატების პარტნიორ ქვეყანაში [ციხეში] ზის ადამიანი, რომელმაც პატრიოტული გრძნობების გამო, ერთ-ერთ ევროპულ დედაქალაქში, ბანდიტის ლიკვიდაცია მოახდინა. კავკასიის მოვლენების დროს იცით, რას აკეთებდა ის [ბანდიტი]? ლაპარაკი არ მინდა, თუმცა ვიტყვი: ტყვედჩავარდნილ ჩვენს ჯარისკაცებს გზაზე აწვენდა, შემდეგ კი მანქანით თავებზე უვლიდა. რა ადამიანია და საერთოდ ადამიანია კი? მაგრამ გამოჩნდა პატრიოტი, რომელმაც ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში მისი ლიკვიდაცია მოახდინა. სხვა საკითხია - ეს მან საკუთარი ინიციატივით გააკეთა თუ არა“, - განაცხადა პუტინმა
ტაკერ კარლსონმა აღნიშნა, რომ 32 წლის ევან გერშკოვიჩს მსგავსი არაფერი ჩაუდენია და ის უბრალოდ ჟურნალისტია.
„ის არ არის უბრალოდ ჟურნალისტი. ის არის ჟურნალისტი, რომელიც საიდუმლო ინფორმაციას იღებდა კონსპირაციული საფუძვლით. დიახ, ეს სულ სხვა ამბავია. მე უბრალოდ ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც, ფაქტობრივად, აშშ-ს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან, სადაც არ უნდა იყვნენ ციხეში და მიმდინარეობს დიალოგი სადაზვერვო სამსახურებს შორის. ეს უნდა გადაწყდეს წყნარად, მშვიდად და პროფესიულ დონეზე. არის კონტაქტები. დაე, იმუშაონ“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
უფრო ადრე მედია წერდა, რომ რუსეთი ხანგოშვილის მკვლელის დახსნას ამერიკელი კალათბურთელის, ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით დაკავებული ბრიტნი გრინერის გათავისუფლების სანაცვლოდ ცდილობდა. სპორტსმენი აშშ-ში 2022 წლის ბოლოს, 10-თვიანი პატიმრობის შემდეგ დაბრუნდა. ის იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტში გაცვალეს.
ზელიმხან (თორნიკე) ხანგოშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ რუსეთის მოქალაქეს, ვადიმ კრასიკოვს გერმანიაში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. განაჩენი 2021 წლის დეკემბერში ბერლინის უმაღლესმა სასამართლომ გამოიტანა.
გერმანიის ფედერალური პროკურატურა აცხადებდა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოკლეს. ამასთან დაკავშირებით, ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდანაც გააძევეს. რუსეთის მთავრობა მკვლელობასთან კავშირს უარყოფდა, ხოლო საკუთარი მოქალაქისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას პოლიტიზებულ გადაწყვეტილებად აფასებდა.
ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობიდან იყო. ის ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.
ხანგოშვილი საქართველოდან გერმანიაში 2015 წელს, მასზე განხორციელებული მორიგი თავდასხმის შემდეგ გაემგზავრა და თავშესაფარს ითხოვდა. 2019 წლის 23 აგვისტოს ის ბერლინში, მოაბიტის რაიონში, პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც ველოსიპედით გამვლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში დაჭრა. 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. მკვლელი - ყალბი რუსული პასპორტის მიხედვით ვადიმ სოკოლოვი - იმავე დღეს დააკავეს.
2020 წელს გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ორგანიზებული იყო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) სპეციალური დანიშნულების ცენტრის მიერ. „ქილერი“ ვადიმ კრასიკოვი მომზადებას სწორედ ამ ცენტრის ბაზებზე გადიოდა და სპეცსამსახურებისგან მიღებული ჰქონდა საზღვარგარეთის პასპორტი ყალბი სახელითა და გვარით. გამოძიების მიხედვით, ხანგოშვილის მკვლელობის ოპერაციაში მხოლოდ ერთი ადამიანი არ მონაწილეობდა და შესაძლოა დანაშაულს სულ მცირე 5-კაციანი ჯგუფი გეგმავდა.
