2024 წლის ბოლოს თბილისში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩასახშობად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა – ამის შესახებ BBC-ი შეგროვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 3 პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალდება წარუდგინა
- 4 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 5 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 6 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
ერთ-ერთმა მომიტინგემ მისი და აქციის სხვა მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული წყლის ჭავლის შესახებ BBC-ს უთხრა, რომ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს წყალი სწვავდა და ამ შეგრძნებისგან თავის დაღწევა დაბანითაც კი შეუძლებელი იყო.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გამო დაწყებული პროტესტის მონაწილეები სხვა სიმპტომებსაც უჩიოდნენ, მათ შორის ქოშინს, ხველას და ღებინებას, რაც კვირების განმავლობაში გრძელდებოდა.
BBC-მ ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს და ექიმებს ესაუბრა და შეაგროვა მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ ბრომბენზილ ციანიდის გამოყენებაზე.
აღნიშნულ ნივთიერებას ფრანგმა სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს. ის ანტანტის (დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი) მიერ პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შემუშავდა.
„კამიტი საფრანგეთის არმიამ პირველი მსოფლიო ომის დროს დასავლეთის ფრონტზე გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების დოკუმენტური მტკიცებულებები მწირია. მიიჩნევა, რომ ის მოხმარებიან 1930-იან წლებში ამოიღეს მისი გრძელვადიანი ეფექტების შესახებ შეშფოთების გამო. მის ნაცვლად გამოიყენეს CS გაზი, რომელსაც ჩვეულებრივ „ცრემლსადენ გაზს“ უწოდებენ“, - ვკითხულობთ BBC-ის სტატიაში.
BBC-ს ქიმიური ნივთიერების დადგენაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმთან დაკავშირებული რამდენიმე მაღალჩინოსანი დაეხმარა. ლაშა შერგელაშვილი, რომელიც ადრე ამ დანაყოფების შეიარაღებაზე იყო პასუხისმგებელი, მიიჩნევს, რომ ეს იგივე ნაერთია, რომლის გამოცდაც მას 2009 წელს წყლის ჭავლში გამოსაყენებლად დაევალა. მისი თქმით, ნივთიერების ეფექტი განსხვავებული იყო ყველაფრისგან, რაც მანამდე შეხვედრია. შესხურების ადგილთან ახლოს დგომის შემდეგ სუნთქვა უჭირდა, მან და მისმა 15-20 კოლეგამ, რომლებმაც მასთან ერთად გამოსცადეს ნივთიერების გამოყენება, ნივთიერების ადვილად ჩამობანა ვერ შეძლეს.
„ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ეფექტი არ გაქრა, როგორც ეს [ჩვეულებრივი] ცრემლსადენი გაზის შემთხვევაში ხდებოდა. მას შემდეგაც კი, რაც ჯერ წყლით, შემდეგ კი სპეციალურად მომზადებული საკვები სოდისა და წყლის ხსნარით დავიბანეთ თავი, მაინც ვერ ვსუნთქავდით თავისუფლად“, - ამბობს შერგელაშვილი.
როგორც ის ჰყვება, გამოცდის შედეგების საფუძველზე, ამ ქიმიური ნივთიერების გამოყენებისგან თავის შეკავების რეკომენდაცია გასცა. თუმცა, მისი თქმით, მას წყლის ჭავლში მაინც უმატებდნენ - სულ მცირე 2022 წლის მდგომარეობით, როდესაც მან სამსახური დატოვა და ქვეყანა დატოვა.
ამჟამად უკრაინაში მცხოვრებმა შერგელაშვილმა BBC-ს განუცხადა, რომ გასული წლის საპროტესტო აქციების შესახებ რეპორტაჟების ნახვის შემდეგ, მაშინვე იეჭვა, რომ დემონსტრანტებს იმავე ქიმიურ ნივთიერებასთან ჰქონდათ შეხება. ეს მას დაუდასტურეს კოლეგებიც, რომლებთანაც ის კონტაქტს ინარჩუნებს და რომლებიც დღემდე იკავებენ თავიანთ პოზიციებს.
შეკითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა, მის მიერ გატესტილი პროდუქტი ყოფილიყო ცრემლსადენი გაზი (CS), რომელიც აღიზიანებს თვალებს, კანს და სასუნთქ სისტემას, მაგრამ მხოლოდ დროებით, მან უპასუხა, რომ სხვა, გაცილებით ძლიერი ნივთიერება ჩანდა.
„მე არ შემიძლია მაგალითის მოყვანა ან რაიმესთან შედარება“, - თქვა მან და დასძინა, რომ ის „ალბათ ათჯერ“ უფრო ძლიერია, ვიდრე ტრადიციული საშუალებები. „მაგალითად, თუ ეს ქიმიური ნივთიერება მიწაზე დაიღვრება, თქვენ ვერ შეძლებთ მასთან ახლოს მისვლას მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში, თუნდაც ტერიტორია წყლით გადარეცხოთ“.
შერგელაშვილმა არ იცის იმ ქიმიური ნივთიერების დასახელება, რომლის ტესტირებაც მას დაევალა. თუმცა, BBC-მ მოახერხა სპეციალური დანიშნულების რაზმების ინვენტარიზაციის სიის, 2019 წლის დეკემბრით დათარიღებული ასლის, მოპოვება. ჟურნალისტებმა მასში ორი უსახელო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს - ჩამონათვალში ისინი მითითებული იყვნენ, როგორც „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“, შერევის ინსტრუქციასთან ერთად.
BBC-მ ინვენტარიზაციის სია სპეციალური დანიშნულების რაზმის სხვა ყოფილ მაღალი რანგის ოფიცერს აჩვენა, რომელმაც დაადასტურა, რომ ის ავთენტური იყო. მან ორი უსახელო ქიმიკატი ამოიცნო როგორც ისინი, რომლებსაც, სავარაუდოდ, წყლის ჭავლებში ამატებდნენ.
ჟურნალისტებისთვის UN1710-ის იდენტიფიცირება ადვილი იყო, რადგან ის ტრიქლორეთილენს (TCE) ნიშნავს - ის სხვა ქიმიურ ნაერთებს წყალში გაიხსნის საშუალებას აძლევს.
UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული აღმოჩნდა, რადგან, როგორც BBC წერს, ეს არის ზოგადი კოდი სამრეწველო ქიმიური ნაერთების ფართო სპექტრისთვის, რომელთაგან თითოეული საშიშია. მათგან ერთადერთი, რომელიც, როგორც BBC-მ დაადგინა, ოდესმე გამოიყენებოდა არეულობების კონტროლისთვის, ბრომბენზილ ციანიდია.
BBC წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოძიების დასკვნებს „აბსურდული“ უწოდა და განაცხადა, რომ პოლიცია კანონიერად მოქმედებდა „დამნაშავეების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებების“ საპასუხოდ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომიტინგეების დასაშლელად სხვადასხვა საშუალება გამოიყენა, მათ შორის წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი.
პედიატრმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა, რომელიც არაერთხელ მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში და წყლის ჭავლი მოხვდა, BBC-ის უთხრა, რომ კანი რამდენიმე დღის განმავლობაში „ეწვოდა“ და ეს შეგრძნება წყლით ვერ ირეცხებოდა. უფრო მეტიც, მისი თქმით, სახის დაბანის მცდელობისას მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდებოდა. ჩახუნაშვილმა სოციალურ ქსელში გამოკითხვა ჩაატარა და მასში მონაწილეობა სთხოვა აქციის მონაწილეებს, რომლებსაც ასევე შეხება ჰქონდათ სპეცსაშუალებებთან. დაახლოებით 350 ადამიანი გამოეხმაურა, რომელთაგან თითქმის ნახევარმა განაცხადა, რომ ოცდაათ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში განუვითარდა ერთი ან მეტი გვერდითი მოვლენა. სიმპტომები მოიცავდა თავის ტკივილს, დაღლილობას, ხველას, ქოშინს და ღებინებას.
კონსტანტინე ჩახუნაშვილის კვლევა საერთაშორისო ჟურნალ „ტოქსიკოლოგიის ანგარიშებში“ გამოსაქვეყნებლად დამტკიცდა. მან გამოკითხული 69 ადამიანი გამოიკვლია და აღმოაჩინა, რომ მათ გულის ელექტრულ სიგნალებში „ანომალიების მნიშვნელოვნად მაღალი გავრცელება“ აღენიშნებოდათ.
ჩახუნაშვილის კვლევამ, როგორც BBC-ი აღნიშნავს, დაადასტურა ადგილობრივი ჟურნალისტების, ექიმების და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მიერ გაკეთებული დასკვნა: წყლის ჩავლში სავარაუდოდ დამატებული იყო რაღაც ქიმიური ნივთიერება.
BBC-მ ტოქსიკოლოგიისა და ქიმიური იარაღის წამყვან მსოფლიო ექსპერტს, კრისტოფერ ჰოლსტიგს სთხოვა, შეეფასებინა, მიუთითებდა თუ არა ჟურნალისტების მიერ შეგროვებული მტკიცებულებები იმაზე, რომ გამოყენებული ნივთიერება, სავარაუდოდ, კამიტს წარმოადგენდა. ექსპერტმა ექიმ ჩახუნაშვილის დასკვნების, დაზარალებულთა ჩვენებების, სპეციალური დანიშნულების რაზმის ინვენტარიზაციის სიისა და ტესტირების შესახებ შერგელაშვილის ინფორმაციის საფუძველზე, დაასკვნა, რომ ეს მართლაც ასე იყო.
„არსებული მონაცემები, დაზარალებულთა და სხვა მოწმეების მიერ მოხსენებული კლინიკური სიმპტომები შეესაბამება ბრომბენზილ ციანიდის ზემოქმედებას“, - განაცხადა კრისტოფერ ჰოლსტიგმა და გამორიცხა შესაძლებლობა, რომ სიმპტომები შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო უფრო გავრცელებული სპეციალური საშუალებით, როგორიც ცრემლსადენი გაზია. მისი თქმით, სიმპტომების ხანგრძლივობა არ შეესაბამება ცრემლსადენი გაზის ეფექტს.
„არასდროს მინახავს, კამიტი თანამედროვე საზოგადოებაში გამოეყენებინათ. კამიტი ძლიერი გამაღიზიანებელია და მისი გამაღიზიანებელი ეფექტი დიდხანს გრძელდება“, - განაცხადა ექსპერტმა.
კრისტოფერ ჰოლსტიგმა ივარაუდა, რომ ბრომბენზილ ციანიდი შესაძლოა გამოყენებულიყო, რადგან ის ძლიერ შემაკავებელ საშუალებას წარმოადგენს:
„ის დიდი ხნის განმავლობაში აკავებს ადამიანებს. ისინი ვერ მოახერხებენ სიმპტომებისგან თავის დაღწევას დამოუკიდებლად. საავადმყოფოში წასვლა მოუწევთ. საპროტესტო აქციის ადგილის დატოვება მოუწევთ. თუ ამ ნივთიერების გამოყენება მართლაც განახლდა, ეს უკიდურესად საშიშია“.
BBC წერს, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ამერიკელმა პოლიციამ „კამიტი“ მცირე ხნით გამოიყენა არეულობის კონტროლის საშუალებად, თუმცა უფრო უსაფრთხო ალტერნატივების, მაგალითად ცრემლსადენი გაზის, გამოგონების შემდეგ მის გამოყენებაზე უარი თქვა.
საერთაშორისო სამართალი პოლიციას უფლებას აძლევს, გამოიყენოს ქიმიური ნივთიერებები არეულობების დასაშლელად, როდესაც მათი გამოყენება პროპორციული, ეფექტი კი ხანმოკლეა. BBC-ის მიერ ინტერვიუირებული ექსპერტების თქმით, უფრო უსაფრთხო, ტრადიციული საშუალებების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, უფრო ძველი და ძლიერი ნივთიერება შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც ქიმიური იარაღი.
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა წამების საკითხებში ალისა ედვარდსმა განაცხადა, რომ BBC-ის გამოძიების შედეგები შემაშფოთებელია. მან და გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, გამოეძიებინა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, საპროტესტო აციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადამეტებისა და წამების შესახებ ბრალდებები.
ედვარდსი მიიჩნევს, რომ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების მკაცრი რეგულაციის არარსებობა პრობლემაა, რომელიც მოგვარებას საჭიროებს: „ეს მაიძულებს [ეს პრაქტიკა] განვიხილო როგორც ექსპერიმენტული იარაღი. მოსახლეობაზე ექსპერიმენტების ჩატარება კი არ შეიძლება. ეს ადამიანის უფლებების აბსოლუტური დარღვევაა“.
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, არეულობის კონტროლის ნებისმიერი ზომის შედეგები ხანმოკლე უნდა იყოს, აღწერილი სიმპტომები კი „სცილდება იმას, რაც შეიძლება დროებითად და მისაღებად ჩაითვალოს“.
„ამიტომ, ყველა ეს შემთხვევა უნდა იქნას გამოძიებული, მათ შორის წამების ან სხვა არასათანადო მოპყრობის ფარგლებში“, - განაცხადა ალისა ედვარდსმა.
