ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ვინაიდან ერთ-ერთი მათგანი, ევა შაშიაშვილი, 31 დეკემბერს სასამართლომ უკვე გაათავისუფლა 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან დღეს 7 ბრალდებული გათავისუფლდა. ბრალდებულებს 3-წლიანი პირობითი მსჯავრი მიესაჯათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 3 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 4 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 5 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 6 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
საპატიმროდან გათავისუფლდნენ: ალექსანდრე გოგოლაძე, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, რამაზ ჯორბენაძე, ჯანრი თირქია, გენადი კელიხაშვილი, დავით ღურწკაია.
„თავისუფლება არის ყველაზე ღირებული, ყველაფრად ღირს... ბიჭებო, იცოდეთ, რომ თქვენს გვერდით ვართ. დიდი მადლობა, რომ თქვენ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ [პატიმრობაში დარჩენის]. მე უბრალოდ ცოტა მოხუცი ვარ და ვერ გავუძელი. ერთი ციხიდან მეორე ციხეში გამოვედი“, - განაცხადა ალექსანდრე გოგოლაძემ.
საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ ხაზი გაუსვა, რომ საპროცესო შეთანხმების მექანიზმი ღია რჩება სხვა ბრალდებულებისთვისაც:
„რვა ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს, მოგვმართეს განცხადებით და, როგორც დავპირდით, ჩვენ შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. ისინი ცნობილი იქნენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ყველა მათგანს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით, რაც ჩაითვალათ პირობით.
თუკი კიდევ ვინმეს სურს, რომ აღიაროს ჩადენილი დანაშაული, გულწრფელად მოინანიოს და მოგვმართოს განცხადებით, მათ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვთ, სანამ განაჩენი გამოცხადდება“.
ამავე საქმის 15-პირიანი ჯგუფიდან დავით ჟღენტმა, დავით სტურუამ, კახაბერ მჟავანაძემ, გიორგი ჩახუნაშვილმა, ზაქრო ალბუთაშვილმა, ია დარახველიძემ და კონსტანტინე კოკაიამ - უარი განაცხადეს დანაშაულის აღიარებასა და საპროცესო შეთანხმებაზე. ისინი განაჩენს დაელოდებიან.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ 9 ივნისს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნული გადაწყვეტილება „ჰუმანურ მიდგომად“ შეაფასა:
„არავის არ უხარია ადამიანების ციხეში ყოფნა, მათ შორის, თუნდაც ისეთი ადამიანების, რომლებიც პირდაპირ ცდილობდნენ ხელისუფლების გადატრიალებას, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში. მათ მიმართაც რეაგირება გვექნება შესაბამისი, თუ იქნება სინანული, აღიარება, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პრევენციისთვის, იმისათვის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს... ესეც არის ჩვენი ჰუმანური მიდგომის გამოხატულება“.

ე.წ. 4 ოქტომბრის საქმე 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების დღეს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ოპოზიციის მიერ დაანონსებული მშვიდობიანი აქციის ფარგლებში, დემონსტრანტების ნაწილი პრეზიდენტის სასახლესთან გადავიდა, სადაც ჯებირების საეჭვო ვითარებაში გადავარდნას სპეცრაზმთან შეტაკება მოჰყვა. გამოძიება სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მუხლებით დაიწყო.
საქმეზე ჯამში 65 ადამიანია ბრალდებული. 7 მაისს, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო აქციის სხვა მონაწილეებს - მათ შორის ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიასა და თორნიკე მჭედლიშვილს 5-5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
