„ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს

Qartli.ge-ის ფოტო

გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ათზე მეტმა პოლიციელმა ორი მოქალაქე სასტიკად ცემა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი, 28 წლის მამაკაცი, შესვენებაზე ფეხით მიდიოდა. როგორც ნაცემი მოქალაქის მეგობარი, ლაშა აბისონაშვილი „ქართლის ამბებთან“ საუბარში აცხადებს, პოლიციელების მანქანამ მას ავარიული სიტუაცია შეუქმნა, კინაღამ დააჯახა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.

ლაშა აბისონაშვილი, რომელიც მეგობრის დასახმარებლად მივიდა, თავადაც გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ის დეტალურად იხსენებს დაპირისპირებას:

„მე და ჩემი ძმაკაცი გვცემეს მაგრად. მანქანა „მიუშვეს“, ამას შელაპარაკება მოჰყვა და მაგრად სცემეს. ვაშველებდი და შემდეგ მეც მცემეს.

28-29 წლისაა ჩემი მეგობარი, სამსახურში, შესვენებაზე იყო გასული და შემდეგ სამსახურში მიდიოდა ფეხით. ეს საუბარი იყო: „რატომ მომიშვიო [მანქანა]“. ჩხუბი რომ დაიწყო, შემდეგ მივედი. მხოლოდ ჩვენ ორი ვიყავით. არ ვიცი მიზეზი [რატომ სცემეს]. დარწმუნებული ვარ, მანაც არ იცის. არ ედო ბორკილები [ფიზიკური დაპირისპირებისას]. მე თავზე, ასევე, ფეხზე მაქვს დაზიანება. თუ მეც დამნაშავე ვიყავი, რატომ გამომიშვეს?“ - აცხადებს ლაშა აბისონაშვილი.

აბისონაშვილი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მის მეგობარს ცივი იარაღი ჰქონდა. მისი თქმით, პოლიციელების აგრესია განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ძალადობის მსხვერპლმა ადვოკატთან დაკავშირება ითხოვა.

საქართველოს პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მომხდარს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძეც:

„მე ვნახე ეს კადრები. აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია. რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება“, – განაცხადა კობახიძემ.

პოლიციამ თავის მხრივ განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, რა დროსაც დაკავებულ პირს, მათი მტკიცებით, „ცივი იარაღი ჰქონდა“.

გორში მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში სასულიერო პირებიც გამოეხმაურნენ. დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი ამბობს, რომ მსგავსი ქმედებები საზოგადოებისთვის მძიმე ფსიქოლოგიური და სოციალური ტრავმაა.

„ძალმომრეობისა და ჩაგვრის სივრცე ყველაზე მძიმედ სწორედ მაშინ ვლინდება, როდესაც საზოგადოება მხოლოდ ადამიანის ცემასა და გამეტებას კი არ უყურებს, იგი ხედავს, როგორ კარგავს ძალმომრეობით საკუთარი ადამიანური სახის ნაწილს ის, ვინც იდეაში ადამიანის უსაფრთხოებისა და დაცვის სახეს უნდა წარმოადგენდეს“, – წერს მეუფე ზენონი.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი კი აღნიშნავს: „როდესაც გქვია სამართალდამცველი, უნდა ემსახურო სამართალს და ადამიანს! როდესაც ათი კაცი ძალადობს ერთ ადამიანზე - არაფრით განსხვავდები ჩვეულებრივი კრიმინალისაგან!“

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.