გაეროს ექსპერტები ნოემბერ-დეკემბრის აქციების მონაწილეების შესაძლო წამებაზე მიუთითებენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) დამოუკიდებელი ექსპერტები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გამოიძიოს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, საპროტესტო აციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადამეტების, წამების, არაადამიანური მოპყრობისა, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების თვითნებური დაკავების შესახებ ბრალდებები, ასევე, მიიღოს კონკრეტული ზომები შემდგომში ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ მივიღეთ ბრალდებები განზრახ ფიზიკური ძალადობის, მუქარის, დაშინებისა და შურისძიების შესახებ მშვიდობიანი მომიტინგეების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების მიმართ როგორც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების, ისე უნიფორმისა და ამოსაცნობი ნიშნების გარეშე მოქმედი პირების მხრიდან,“ - განაცხადეს ექსპერტებმა.

მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ ბრალდებების მასშტაბები და ზიანის სიმძიმე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მომიტინგეებს და მოგვიანებით დაკავებულებს მიადგათ, შესაძლოა წარმოადგენდეს წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.

„ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მოწმობს იმაზე, რომ ეს ინციდენტები შეიძლება არ იყოს იზოლირებული და მიუთითებს მეთაურის პასუხისმგებლობაზე“, - განაცხადეს ექსპერტებმა.

როგორც ისინი აღნიშნავენ, არსებობს სანდო ცნობები, რომ პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ განურჩევლად გამოიყენა რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და სხვა ქიმიური გამაღიზიანებლები.

ექსპერტების განცხადებაში ნათქვამია, რომ ცნობების თანახმად, ასობით ადამიანი დაშავდა, უჩვეულოდ დიდმა ნაწილმა თავისა და სახის სერიოზული დაზიანებები მიიღო, ბევრ დაკავებულ დემონსტრანტს უარი ეთქვა ადვოკატზე ან არ მიეცა ოჯახთან დაკავშირების შესაძლებლობა ადგილსამყოფლის შეტყობინების მიზნით.

„ჩვენ მივიღეთ შემაშფოთებელი ცნობები იმის შესახებ, რომ ბევრ დაკავებულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ისინი დაექვემდებარნენ ხანგრძლივ და განმეორებით ცემას, გაუპატიურების ან სხეულის ნაწილების მოტეხვის მუქარას და მათთვის სამედიცინო დახმარება არ იყო ხელმისაწვდომი,“ - აღნიშნეს ექსპერტებმა.

მათივე განცხადებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო, თუმცა ამას შედეგი ამ დრომდე არ გამოუღია. ექსპერტები აცხადებენ, რომ მოვლენების სიმძიმის გათვალისწინებით, ელიან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

„ყველა თვითნებურად დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, ხოლო ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება, უნდა გაეწიოს“, - აღნიშნეს მათ.

ექსპერტები ხელისუფლებას ახსენებენ, რომ უსაფრთხოების ძალების მიერ ძალის გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობის, პროპორციულობის, სიფრთხილის ზომების მიღებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს და მკაცრად უნდა რეგულირდებოდეს შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით. მათი განცხადებით, სიცოცხლის უფლება, ისევე როგორც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა, უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს.

„ჩვენ ვთხოვთ მთავრობას გააკეთოს მოხსენება კონკრეტული ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის მშვიდობიანი შეკრებების დროს და დაკავების ადგილებში,“ - განაცხადეს ექსპერტებმა.

როგორც ისინი ამბობენ, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მთავრობას წერილობით მიმართეს და გააგრძელებენ სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას.

განცხადების ავტორები არიან გაეროს შემდეგი ამოუკიდებელი ექსპერტები:

  • დოქტორი ალისა ჯილ ედვარდსი - სპეციალური მომხსენებელი წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის საკითხებში;
  • მორის ტიდბოლ-ბინცი - სპეციალური მომხსენებელი სასამართლოს გარეშე ან თვითნებური სიკვდილით დასჯის საკითხებში;
  • ჯინა რომერო - სპეციალური მომხსენებელი მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებზე;
  • მერი ლოულორი - სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა მდგომარეობის საკითხებში;
  • აირინ ხანი - სპეციალური მომხსენებელი აზრისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების საკითხებში;
  • მარგარეტ სატერტვეიტი - სპეციალური მომხსენებელი მოსამართლეთა და ადვოკატების დამოუკიდებლობის საკითხებში.
საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.