აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში რუსულ-ჩინური გავლენების შემსწავლელი აქტი მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, ორპარტიული მხარდაჭერით, დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ადმინისტრაციას საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოების მოქმედების დეტალურ შესწავლას ავალდებულებს. დოკუმენტი ვაშინგტონის მზარდ შეშფოთებას ასახავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კურსთან დაკავშირებით, რომელიც, კონგრესმენების შეფასებით, ქვეყანას აშშ-ის მთავარი მეტოქეების პოლიტიკურ ორბიტასთან აახლოებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

8 ივნისს დაჩქარებული პროცედურით მიღებული კანონპროექტი, რომლის ავტორები რესპუბლიკელი ჯო უილსონი და დემოკრატი სტივ კოენი არიან, სენატს გადაეგზავნება. კანონი ავალდებულებს აშშ-ის შესაბამის უწყებებს, 180 დღეში წარმოადგინონ საიდუმლო ანგარიში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის შეღწევადობისა და მათი გავლენების შესახებ. გარდა ამისა, დოკუმენტი ითხოვს აშშ-საქართველოს ურთიერთობების 5-წლიან სტრატეგიას, რომელიც შეაფასებს დახმარების მიზანშეწონილობას და ხელისუფლების მზაობას დასავლური ვექტორის მიმართ.

დებატებისას კონგრესმენებმა ხაზი გაუსვეს დემოკრატიულ უკუსვლას და საქართველოს ხელისუფლების ანტიამერიკულ რიტორიკას.

ჯო უილსონმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „არალეგიტიმური რეჟიმი“ უწოდა. მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყანას „ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ომის დამნაშავე პუტინსა და ირანზე ყიდის“, რაც ქართველი ხალხის ნებისა და აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა და ხელისუფლება ანტიამერიკულ პროპაგანდას ავრცელებს.

კონგრესმენმა ხაზი გაუსვა ანაკლიის პორტის პროექტს და აღნიშნა, რომ ჩინეთის მიერ სტრატეგიული ინფრასტრუქტურის კონტროლი რეგიონში ბალანსს ცვლის. მან შედარება მოახდინა სომხეთის ხელისუფლებასთან, რომელიც, მისი თქმით, აშშ-სთან და აზერბაიჯანთან თანამშრომლობს რუსული გავლენის შესასუსტებლად, განსხვავებით „ქართული ოცნების“ ანტიამერიკული კურსისგან.

უილსონის განცხადებით, ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობები ვერ ნორმალიზდება, სანამ არ შესრულდება მთელი რიგი პირობები:

პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ანტიამერიკული კანონების გაუქმება და სიტყვის თავისუფლების პატივისცემა.

კონგრესმენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. მან გააფრთხილა „ქართული ოცნება“, რომ აშშ „მკაცრად განიხილავს“, უნდა დარჩეს თუ არა საქართველო დახმარების მთავარი მიმღები მაშინ, როცა ხელისუფლება ყოველდღიურად ამერიკის წინააღმდეგ პროპაგანდას ავრცელებს.

საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ, ბრაიან მასტმა, ყურადღება გაამახვილა სტრატეგიულ რისკებზე, ხოლო დემოკრატმა ეიმი ბერამ აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი უკვე მიღებულ MEGOBARI Act-თან ერთად, დემოკრატიის უკუსვლაზე რეაგირების ფართო ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ემსახურება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.