„ქართული ოცნების” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ანტისამთავრობო აქციების დასაშლელად ბრომობენზილ ციანიდის, ე.წ. კამიტის, შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა. როგორც სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, კამიტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში ჩამოვარდა C130 თვითმფრინავი
მაღრაძემ დღეს, 6 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბერს, საპროტესტო აქციებზე გამოყენებული იყო საქართველოში 2007 და 2009 წლებში შემოტანილი „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ და მისი გამხსნელი „პროპილენ გლიკოლი“, რომელთაგანაც „არცერთი არ წარმოადგენს აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას“. ამასთან, ლაშა მაღრაძეს არ განუმარტავს, რა ნივთიერებები იყო გამოყენებული 28 ნოემბრიდან დაწყებული პროტესტის სხვა დღეებში.
„ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ (Chlorobenzylidenemalononitrile) ცნობილია როგორც CS, ანუ ცრემლსადენი გაზი.
„აღნიშნული ნივთიერება [„ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“] შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეძენილია ებრაული კომპანიიდან 2007 წლის 18 დეკემბერს და 2009 წლის 27 მარტს გამხსნელ ნივთიერება „ტრიქლორეთილენთან“ ერთად. მას ტრანსპორტირებისას მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისო გადაზიდვის კოდი UN3439, ხოლო გამხსნელ სითხეს - გადაზიდვის კოდი UN1710. ეს კოდები ფიქსირდება საბაჟო დოკუმენტაციაში და ყველა სხვა, მათ შორის გამოყენების შემდგომ პერიოდში შედგენილ ჩამოწერის აქტებშიც. ნიმუშის სახით ამოღებულია 17.5 კილოიანი კასრი, რომელშიც ხსენებული ფხვნილი ინახებოდა. მასზე დაკრულია ნივთიერების მომწოდებელი ორგანიზაციის მიერ დამზადებული საინფორმაციო სტიკერი, სადაც სხვა უამრავ მონაცემთან ერთად აღნიშნულია როგორც ხსენებული ნივთიერების დასახელება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, ასევე მინიჭებული საერთაშორისო ტრანსპორტირების კოდი UN3439,“, - განაცხადა მაღრაძემ.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან გამოძიებამ ამოიღო კვლევის 25 ნიმუში, რომლებზეც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა. როგორც ლაშა მაღრაძემ თქვა, ექსპერტიზის მიხედვით, ამოღებული ნივთიერებებია:
- ქიმიური ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“
- ქიმიური ნივთიერება „ტრიქლორეთილენი“ - ამ შემთხვევაში საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე 880 ლიტრის ოდენობით.
- ქიმიური ნივთიერება „პროპილენ გლიკოლი“.
„დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი. აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას“, - განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
სუს-ის გამოძიების მიხედვით, BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში ნახსენები კოდებით - UN3439 და UN1710 - შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა სხვადასხვა ქართულ ორგანიზაციას, მათ შორის „ავერსი-რაციონალს“, „ჯიპისის“, „რუსთავის აზოტს“ და სხვებს, ბოლო 20 წლის განმავლობაში 606-ჯერ აქვთ შემოტანილი ათეულობით სხვადასხვა დასახელების სამოქალაქო, საწარმოო და სამედიცინო დანიშნულების ტვირთი.
„ტრანსპორტირების კოდი UN3439 – 507-ჯერ და ტრანსპორტირების კოდი UN1710 – 99-ჯერ არის დაფიქსირებული საბაჟო დეპარტამენტის სააღრიცხვო ბაზებში.
რაც შეეხება ნივთიერება „ბრომობენზილ ციანიდს“, იგივე კამიტს, ასეთი ნივთიერება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია“, - განაცხადა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ.
სუს-მა BBC-ის ჟურნალისტურ მასალასთან დაკავშირებით გამოძიება ხუთი დღის წინ, 1-ელ დეკემბერს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ლაშა მაღრაძის თქმით, „ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე. მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ექიმები, ექსპერტები, ბრიტანული მაუწყებლის სიუჟეტის რესპონდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები“.
„საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს“.
ე.წ. კვლევის ავტორთა განმარტებით, ისინი ვერ დაადგენდნენ „კამიტის“ გამოყენების ფაქტს იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ამ მიმართულებით კვლევა არ უწარმოებიათ.
გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხნენ მედიცინისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებიც, ასევე, ღია წყაროებიდან მოპოვებული მასალების მიხედვით, საზოგადოების ინტერესის დასაკმაყოფილებლად შეგვიძლია განვმარტოთ, რომ ნივთიერება „ბრომობენზილ ციანიდის“ ე.წ. „კამიტის“ გამოყენება ადამიანების მიმართ იწვევს უმძიმეს და ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგსაც კი, რის გამოც ის გასული საუკუნის 30-იან წლებში აიკრძალა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში.
ამ ფონზე ნიშანდობლივია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომი დღეების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ სტაციონალურ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 54 ადამიანიდან მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა 5 პირს, რომლებიც მეორე დღესვე გაეწერნენ სამედიცინო კლინიკებიდან.
[...] გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები“, - აღნიშნა ლაშა მაღრაძემ.
ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლაშა შერგელაშვილის მიმართ სუს-ში „ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“ მიმდინარეობს. საუბარია 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის წინ „ტყეში აღმოჩენილი იარაღის“ საქმეზე. ამ საქმეზე სუს-მა ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა ბექა ჭულუხაძეს.
„გამოძიება ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებულმა ლაშა შერგელაშვილმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე შეუკვეთა ბექა ჭულუხაძეს ზემოთ აღნიშნული საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების შეძენა და გადამალვა თბილისის მახლობლად. შერგელაშვილი ამჟამად იმყოფება უკრაინაში.
ამრიგად, გამოძიების მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები გვაძლევს დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ე.წ. ქიმიური იარაღი „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას, რაშიც, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეებიც არიან ჩართულები და BBC-ის ფილმის ავტორებთან ერთად მათი მოქმედებები ატარებს კარგად დაგეგმილ, ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული მტრული მიზნების მისაღწევად.
შესაბამისად, ვინაიდან გამოძიების მიერ დეტალურად გამოსაკვლევი ორი მიმართულებიდან ერთ-ერთთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა პოლიციის მიერ წინა საუკუნის 30-იან წლებში აკრძალული ნივთიერების ე.წ. კამიტის გამოყენების გამოგონილ ფაქტს, საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს გამოძიებას იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით არის გათვალისწინებული და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს“, - თქვა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ.
