ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტზე ნატო გოგელიაზე თავდასხმაში ბრალდებულ პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წევრს მამუკა (მამია) ანდღულაძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, 3 ათასლარიანი გირაოთი შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ მიიწვია
- 4 ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია დატოვა
- 5 შევეცდებით ხარვეზი აღმოვფხვრათ - მდინარაძე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე
- 6 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
„საქართველოს ამბებმა“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა და ითხოვა განმარტება, რა არგუმენტებით შეცვალა მოსამართლე ოქროპირაშვილმა რაიონული სასამართლოს განჩინება. ველოდებით საჯარო განცხადებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც დამოუკიდებელ და კრიტიკულ ჟურნალისტებზე ძალადობა, შესაძლოა, წაახალისოს.
„ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ ოჯახში მომიწყო პროვოკაცია. სამართალმა იზეიმა და აუცილებლად ბოლომდე მივიყვან საქმეს, რომ იქით ვცნო გოგელია დამნაშავედ ძალადობაზე, ოჯახის მიმართ შანტაჟსა და შეურაცხყოფისთვის“, - თქვა ბრალდებულმა ანდღულაძემ პროცესის დასრულების შემდეგ.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მამუკა ანდღულაძე 17 მარტს დააკავა და ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულების ჩადენაში, რაც გულისხმობს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ძალადობის მუქარით, ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. დანაშაულებისთვის მაქსიმალური სასჯელი 2 წლით თავისუფლების აღკვეთაა.
გამოძიებით დადგინდა, 2023 წლის 15 მარტს, სოფელ ბახვში, ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია.
მამუკა ანდღულაძეს რაიონული სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით ბრალდებულის ადვოკატებმა მიმართეს. ანდღულაძის თანაპარტიელების ცნობით, ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ოჯახის წევრების ერთადერთი მარჩენალია.
მამუკა ანდღულაძე 14 მარტს, თბილისში, „ალტ-ინფოს“ მიერ პარლამენტთან გამართულ აქციაში მონაწილეობდა და შენობიდან ევროკავშირის დროშაც ჩამოხია.
გუშინ, 20 მარტს, მედიის ადვოკატირების კოალიციამ მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიყენოს დაცვის სპეციალური ღონისძიებები ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და მისი არასრულწლოვანი შვილების მიმართ, მათ შორის, უზრუნველყონ მათი ფიზიკური უსაფრთხოება. ამ მოთხოვნით, ნატო გოგელიას ადვოკატმა, ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ წარმომადგენელმა ნათია კაპანაძემ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ორჯერ მიმართა, გუშინ და დღეს.
„მუქარები ჟურნალისტის და მისი შვილების მიმართ ისევ გრძელდება. მაღალი ალბათობით ესენი დაკავშირებულები არიან „ალტ-ინფოსთან“, - უთხრა „საქართველოს ამბებს“ ადვოკატმა ნათია კაპანაძემ.
ამის მიუხედავად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი ანი წიკლაური ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ არც ნატო გოგელიას და არც მის ადვოკატს დაზარალებულის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით არ მიუმართავთ. ნათია კაპანაძეს ხელთ აქვს ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული დასტური, რომ მან ამ მოთხოვნით, საგამოძიებო სამსახურს ორჯერ ნამდვილად მიმართა.
„ადვოკატისგან ვიცი, რომ მუქარის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებებიც წარადგინა, მაგრამ სპეციალური საგამოძიებო სამსახური არც დაინტერესდა. არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ. „ალტ-ინფოს“ წევრებს შეურთდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც, ბათუმის საკრებულოს თანამშრომელი და დაშინების მიზნით მიმდინარეობს ჩემი გაშავების კამპანია. ეს გადაწყვეტილება რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო - დაუსჯელობა, კიდევ უფრო წაახალისებს ჟურნალისტებზე ძალადობას“, - ამბობს ნატო გოგელია.