საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია) მღვდელმოქმედების უფლება აეკრძალა, „ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს“. სასულიერო პირი დღეს, 5 ნოემბერს, საპატრიარქოში იყო დაბარებული. მისთვის მღვდელმოქმედების აკრძალვა ეპარქიალურმა კომისიამ მოითხოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
„სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია), ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის, ეპარქიალური კომისიის წარდგინების საფუძველზე, აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს“, - ნათქვამია ილია II-ის ბრძანებაში, რომელიც საპატრიარქოს Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
არქიმანდრიტ ილიამ საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მას შეხვდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო (მუჯირი), რომელიც კომისიას თავმჯდომარეობს, კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.
„ან მოინანიე ან ზომებს მივიღებთო. მე არანაირ სინანულს არ ვითხოვ! მე განვმტკიცდი იმ აზრზე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი, მეუფე შიო. არ მოვინანიებ არასდროს!“, - თქვა არქიმანდრიტმა.
ის საპატრიარქოში მას შემდეგ დაიბარეს, რაც მეუფე შიო „ეგზარქოსად“, ანუ რუსეთის ეკლესიის მიერ დანიშნულ მმართველად მოიხსენია.
„კირიონის, ამბროსის, ჩვენი დიდი პატრიარქების მიერ შემონახულ ეკლესიას ეგზარქოს მეუფე შიოს არ გადავაბარებთ“, - თქვა არქიმანდრიტმა ილიამ 29 ოქტომბერს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ Facebook-ზე დაწერა, რომ „არცერთ ადგილობრივ ეკლესიაში, საქართველოს არცერთ ეპარქიაში, მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადება არ დარჩებოდა პასუხგაუცემელი“.
საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ არქიმანდრიტმა ილიამ თქვა, რომ მას საუბარი არ დააცადეს და „ფაქტობრივად გამომაგდეს“.
„მე რაც ვთქვი, ავხსნი მეთქი, მე თქვენი [მეუფე შიო] სიტყვა არ გამიგია იმაზე, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ რუსეთი მტერია, გინტურზე, ანწუხელიძეზე... ახალგაზრდები რომ დასისხლიანებულები არიან ქუჩაში, თქვენგან ერთი სიტყვა არ გამიგია მათ დასაცავად. ერთი სიტყვა არ გამიგია მთელ ამ მოვლენებზე. მამა დოროთეზე მითხრეს, რომ სინანული უნდა გამოხატოსო. მე ვუთხარი, რომ მამა დოროთე არ არის დამნაშავე, ის არიოს მართალი“, - უთხრა ჟურნალისტებს სასულიერო პირმა.
საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო 29 ოქტომბერს საპატრიარქოში დაბარებული იყო არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილიც. ეპარქიალური კომისიის მიმართვის საფუძველზე, ილია II-მ ის ქვემო ბეთლემის ეკლესიის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა და წმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განამწესა.
