ირლანდიიდან საქართველოში 52 ადამიანის, მათ შორის 7 ბავშვის დეპორტაცია განხორციელდა. დუბლინიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერული რეისი 3 ნოემბერს შესრულდა. დეპორტირებულ სრულწლოვანთაგან 35 მამაკაცი და 10 ქალი იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
იუსტიციის მინისტრმა ჯიმ ო’კალაჰანმა განაცხადა, რომ დეპორტაციები წლის ბოლომდე გაგრძელდება. მინისტრის განმარტებით, ისინი, ვისაც არ დაუკმაყოფილდებათ საერთაშორისო დაცვის შესახებ განაცხადები, ვალდებულები იქნებიან ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გააძევებენ.
მიგრაციის მინისტრმა კოლმ ბროფიმ აღნიშნა, რომ ჩარტერული რეისები „უკიდურეს საშუალებას“ წარმოადგენს.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ირლანდიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა აქ ლეგალურად იმყოფება, რადგან ქვეყანაში სხვადასხვა ხელმისაწვდომი კანონიერი არხებით შემოვიდნენ. ჩვენ მივესალმებით მათ. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენს ეკონომიკასა და საზოგადოებაში“, - თქვა ბროფიმ.
ირლანდიის მთავრობას ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამაც აქვს, რომელიც ხელმისაწვდომია იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ გააჩნიათ სამართლებრივი სტატუსი, ან საერთაშორისო დაცვაზე უარი მიიღეს.
მთავრობამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ შეზღუდული პერიოდის განმავლობაში ნებაყოფლობითი დაბრუნების ანაზღაურებას ერთ ადამიანზე 1200 ევროდან 2500 ევრომდე, ხოლო ოჯახზე 2000 ევროდან 10 000 ევრომდე გაზრდის.
„ეს მიზნად ისახავს სისტემაზე იმ ტვირთის შემცირებას, რომელიც ბოლო წლებში მიღებული განაცხადების დიდი რაოდენობით იყო გამოწვეული. წელს ქვეყანა ნებაყოფლობით 1348 ადამიანმა დატოვა“, - განაცხადა ირლანდიის იუსტიციის მინისტრმა.
დაბრუნების პროგრამით სარგებლობა დეპორტაციის შესახებ ბრძანების გამოცემამდეა შესაძლებელი.
წელს 3870-ზე მეტი დეპორტაციის ბრძანება უკვე გაფორმდა. მოსალოდნელია, რომ ირლანდია ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი არალეგალის დეპორტაციას სწორედ მიმდინარე წელს განახორციელებს.
