N8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის საქმეში ფიგურირებდა, გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გოგობერიშვილის ცხედარი ავტოფარეხში იპოვეს და მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა მიყენებული.
11 ივლისს, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს, რომელსაც ე.წ. ბიტკოინების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, N8 პენიტენციური დაწესებულების საკანში მსჯავრდებულმა კახი მეტრეველმა სცემა. როგორც ბაჩიაშვილი ამბობდა, მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე სამი დღით ადრე დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და „რამდენჯერმე ურჩია“, ბიძინა ივანიშვილისთვის მისი „საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები“ გაეხსნა.
19 აგვისტოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა დისციპლინური წარმოება დაიწყო, 21 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ გლდანის ციხის დირექტორი დავით გოგობერიშვილი და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ქემოკლიძე თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. 22 აგვისტოს დაკავებული თანამდებობა დატოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ბეჟან ობგაიძემ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ „შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ“. უწყების განცხადებით, „გარკვეულ ეჭვებს ბადებს“ კახი მეტრეველის გიორგი ბაჩიაშვილთან ერთ საკანში მოთავსების მოტივაციაც. დისციპლინური წარმოების შედეგები არ გასაჯაროებულა.
დავით გოგობერიშვილი N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად, სავარაუდოდ, 2023 წლის ბოლოს დაინიშნა. სწორედ იმ პერიოდში გაათავისუფლეს ციხის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ნოდარ ქინქლაძე.
