გლდანის ციხის დირექტორი და პენიტენციური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გაათავისუფლეს

 „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პარალელურად სამსახურიდან გაათავისუფლეს გლდანის ციხის დირექტორი დავით გოგობერიშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ქემოკლიძე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, არსებობს „საფუძვლიანი ეჭვი“, რომ შესაძლოა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გიორგი ბაჩიაშვილს, რომელსაც 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, N8 პენიტენციური დაწესებულების საკანში კახი მეტრეველმა 11 ივლისს სცემა. როგორც ბაჩიაშვილი ამბობდა, მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე სამი დღით ადრე დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და „რამდენჯერმე ურჩია“, ბიძინა ივანიშვილისთვის მისი „საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები“ გაეხსნა.

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება მეტრეველსა და ბაჩიაშვილს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაიწყო.

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა პენიტენციური სამსახურის გარკვეული თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიმართვის საფუძველზე, მ/წ 19 აგვისტოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში დაიწყო დისციპლინური წარმოება.

დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოიკითხნენ სხვადასხვა პირები, მათ შორის N8 დაწესებულების ხელმძღვანელი, დაწესებულებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი, მსჯავრდებული კ. მეტრეველი, ასევე სხვა მსჯავრდებული პირები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის კონტაქტი მსჯავრდებულ ბაჩიაშვილთან.

შემოწმების შედეგად ამ ეტაპზე გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ. ასევე, გარკვეულ ეჭვებს ბადებს კ. მეტრეველის ბ. ბაჩიაშვილთან ერთ საკანში მოთავსების მოტივაციაც.

დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების შესწავლისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე გამოძიებისა და შიდასამსახურებრივი შემოწმების პირობებში, ხელმძღვანელი პირები კვლავაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დ. გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გ. ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს“, - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ამ საკითხს ჯერ არ გამოხმაურებიან გიორგი ბაჩიაშვილის ინტერესების დამცველები.

12 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.

გიორგი ბაჩიაშვილს 2023 წელს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ივანიშვილს კუთვნილი 8 986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ბაჩიაშვილი ამჟამად სასჯელს გლდანის ციხეში იხდის. ის ასევე ბრალდებულია „მტკვარი ჰესის“ საქმეზე, სადაც მოსარჩელე ბიძინა იავნიშვილია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.