სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის სასამართლომ საქმის „მთივლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა დაიწყო, ჟურნალისტის მიერ სადავოდ გამხდარ ევროპული კონვენციის ოთხივე მუხლთან მიმართებით. გელა მთივლიშვილი საქართველოს მთავრობას კონვენციის მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-18 (კონვენციით ნებადართული შეზღუდვების გამოყენება დაუშვებელი მიზნებისთვის) მუხლების დარღვევაში ადანაშაულებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი გელა მთივლიშვილი პოლიციამ 2024 წლის 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე დააკავა, სადაც ის ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებისას, საპოლიციო ძალების მიერ დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების გასაშუქებლად მივიდა.

მთივლიშვილი კეკელიძის ქუჩაზე მისვლისთანავე დააკავეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, რამაზ თათარაშვილის დავალებით.

თათარაშვილი ჟურნალისტის უკანონოდ დაკავებაში თვითონაც მონაწილეობდა კიდევ სამ პოლიციელთან ერთად.

დაკავების შემდეგ, პოლიციის ავტომობილში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს და ახრჩობდნენ. მისთვის ტელეფონის წართმევას ცდილობდნენ, რომლითაც გელა მთივლიშვილმა თავისივე უკანონოდ დაკავების ფაქტის გადაღება მოახერხა. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ როდესაც პოლიციელები მთივლიშვილს ძალის გამოყენებით აკავებდნენ, მან სამჯერ გაუმეორა მათ, რომ ის ჟურნალისტი იყო და გააფრთხილა, თავი შეეკავებინათ მის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისგან.

ჟურნალისტი პოლიციის განყოფილებაში 6 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც ხელწერილით გაათავისუფლეს.

მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი პოლიციამ დაკავებიდან 2 დღის შემდეგ შეადგინა და ჟურნალისტი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში დაადანაშაულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოში საქმის განხილვისას მტკიცებულებად წარადგინა კეკელიძის ქუჩაზე, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს გადაღებული ვიდეო, თუმცა დროის იმ მონაკვეთში გელა მთივლიშვილი კეკელიძის ქუჩაზე საერთოდ არ ყოფილა.

მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა გაიზიარა დამკავებლებიდან ერთ-ერთი პოლიციელის, ანრი ფხაკაძის ცრუ ჩვენება.

სხდომაზე პოლიციელმა თქვა, რომ მთივლიშვილი მათ დედას აგინებდა, ხმამაღლა მონებს უწოდებდა, ხელს უშლიდა მუშაობაში და ოთხი პოლიციელისთვის ერთ-ერთი დაკავებული პირის წართმევას, „ხელით წაგლეჯვას“ ცდილობდა.

სინამდვილეში, ჟურნალისტი არ ჩარეულა პოლიციელების საქმიანობაში და მათთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია, მან პოლიციელებთან რამდენიმემეტრიანი დისტანცია შეინარჩუნა და აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავების პროცესს იღებდა, რა დროსაც ისიც დააკავეს.

ჟურნალისტის ადვოკატების მიერ მოწვეულმა თვითმხილველმა, სასამართლოს დაუდასტურა, რომ მთივლიშვილს პოლიციელებთან კონტაქტი საერთოდ არ ჰქონია.

მოსამართლე შჩერბაკოვმა, რომელიც ცნობილია ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მიკერძოებული, ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებით, გელა მთივლიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ ზემდგომმა ინსტანციამ ის უცვლელი დატოვა.

უკანონოდ დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე, ჟურნალისტმა დაკავების დღესვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. გამოძიებამ მოიპოვა კეკელიძის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურის სამეთვალყურეო სისტემიდან ვიდეოჩანაწერი, რომელიც მთლიანად ადასტურებს მთივლიშვილის უდანაშაულობას.

მოწმემ, რომელიც ასევე დაკავებული იყო და პოლიციის ავტომობილში მთივლიშვილთან ერთად იმყოფებოდა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუდასტურა, რომ პოლიციელებმა ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს.

გენერალურმა პროკურატურამ გელა მთივლიშვილი დაზარალებულად ცნო გამოძიების დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ.

გელა მთივლიშვილი იმ ოთხი პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლებას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, რომლებმაც უკანონოდ დააკავეს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და პოლიციის ავტომობილში მასზე ფიზიკურად იძალადეს. ამის მიუხედავად,

რამაზ თათარაშვილი დააწინაურეს, ჯერ ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს, დღეისათვის კი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორია.

მთივლიშვილი პოლიციელებს პროკურატურაში უჩივის სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის გამოც. ჟურნალისტი უკანონოდ მიიჩნევს საქართველოს სასამართლოს ორივე ინსტანციის გადაწყვეტილებას მისი დაჯარიმების შესახებ.

გელა მთივლიშვილი უკანონოდ დაკავებას და პოლიციელების მხრიდან გამოვლენილ აგრესიას, შოვის ტრაგედიაზე ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, ხელისუფლების პირველი პირების - შალვა პაპუაშვილის და ირაკლი კობახიძის მიერ, მასზე სიტყვიერ თავდასხმებს და ანგარიშსწორების წამახალისებელ განცხადებებს უკავშირებს. სწორედ ამიტომ დავობს კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევაზე და აცხადებს, რომ მისთვის თავისუფლების აღკვეთას შეფარული მიზანი ჰქონდა.

ჟურნალისტმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2024 წლის აგვისტოში მიმართა. მას სამართლებრივ დახმარებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი უწევს

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.