დაკავების შემდეგ პოლიციის ავტომობილში მახრჩობდნენ - გელა მთივლიშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

მთავარი არხის ფოტო

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციის გაშუქების დროს დაკავებული ჟურნალისტი, მთის ამბებისა და საქართველოს ამბების რედაქტორი გელა მთივლიშვილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ჟურნალისტი დაახლოებით 6 საათის განმავლობაში დაკავებული იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. სამართალდარღვევა 2000-დან 3000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. ჟურნალისტი ამბობს, რომ მას კანონი არ დაურღვევია და დაკავების შემდეგ პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ დამაკავეს. 2-3 წუთის მისული ვიყავი აქციის გასაშუქებლად. რა ბოღმა აქვთ, აღარ მოვყვები.

მანქანაში რომ შემაგდეს, ხუთიდან სამი პოლიციელი არაადეკვატური გახდა, როცა კატეგორიულად მოვითხოვე დაკავების მიზეზის, საფუძვლების განმარტება და ადვოკატთან დარეკვა. უკანა სავარძლიდან ერთი გადმოხტა, მეორე გვერდით მყავდა და მახრჩობდნენ. სხვა რაფერი ჰქვია მათ არაადამიანურ ქმედებას.

სტრესის გამო სამედიცინო დახმარება დამჭირდა და სასწრაფო არ გამოიძახეს. 40 წუთი პოლიციის მანქანაში ვყავდი დატყვევებული. მერე ბრძანება მიიღეს და ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში წამიყვანეს. პირველ ეტაპზე იქაც დამამცირეს პოლიციის დეტექტივებმა - პროვოკატორი, მოაშორეთ, ინტრიგანი - ეს და მსგავსი სიტყვები არ დაიშურეს. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გამოიძახეს ექიმი, უკვე სამმართველოში, რომელმაც დახმარება გამიწია. ხანგრძლივი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ, სხვა დაკავებულებისგან განსხვავებით, ხელწერილით გამათავისუფლეს.

არანაირ დარღვევას არ ვაღიარებ, არ ჩამიდენია და იმიტომ. რაც არ უნდა დამაკისროს სასამართლომ, ამ საქმეს ბოლომდე გავყვები“, - ამბობს გელა მთივლიშვილი.

გამოსახლების დროს პოლიციამ ძალა გამოიყენა სხვა ჟურნალისტების მიმართაც. ონლაინპლატფორმა „მაუწყებლის“ ჟურნალისტი რატი რატიანი ავტომობილის სახურავზე იდგა და განვითარებულ მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა, როდესაც პოლიციელმა ხელი ჰკრა და ძირს გადააგდო. გამოცემის ინფორმაციით, პოლიციელები ფიზიკურად  გაუსწორდნენ კიდევ სამ ჟურნალისტს - ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს და გიორგი არობელიძეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კეკელიძის ქუჩაზე სულ 20 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებიდან ორს სისხლის სამართლის დანაშაულს - აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავებიან, ხოლო 18 ადამიანს - პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას.

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტები და ჟურნალისტის დაკავების შემთხვევა აუარესებს მედიაგარემოს და ჟურნალისტების ფუნდამენტური უფლებების აშკარა დარღვევას წარმოადგენს.

კოალიციამ მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევისა და უკანონო დაკავების შემთხვევები. „მნიშვნელოვანია აღნიშნული ინციდენტების სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება, რასაც დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა უნდა მოჰყვეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცავი უწყებებისგან ჟურნალისტისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და დაკავებისას პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიებას ითხოვს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.