სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკოლოზ მარგველაშვილის, ნანა ჯოხაძისა და მარინა სირაძის შემადგენლობით, უცველი დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი  და „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრით ამ განაჩენის გაუქმებას და მზია ამაღლობელის გამართლებას ითხოვდა, ხოლო ბრალდების მხარის მოთხოვნა თავდაპირველად წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის - 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობის მისჯა იყო.

მზია ამაღლობელმა თავის საბოლოო სიტყვაში თქვა, რომ პატომრობა კი არ აშინებს, არამედ ის, რა დახვდება გარეთ.

„ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, თუ ტანკების გარეშე დაპყრობილი ქვეყანა. მგონია, რომ სამშობლოს სიყვარული და ღირსების შეგრძნება ისეთია, თანდაყოლილია. დღეს ღირსება გადის კონსტიტუციის დაცვაზე. მოგიწოდებთ, ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის. ბრძოლა ბოლომდე!“, - აღნიშნა ამაღლობელმა.

პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები.

მზია ამაღლობელი 10 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ის 2025 წლის 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს, მაგრამ საქმე არა შეურაცხყოფისთვის, არამედ პოლიციელზე თავდასხმისთვის აღუძრეს.

სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებდა, რომ „ლოყა ეტკინა“.

„ბრალის“ დამტკიცების შემთხვევაში მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

საქმის განხილვა „ქართული ოცნების“ ლიდერების დეზინფორმაციის კამპანიის ფონზე მიმდინარეობდა. პარტიის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაერთხელ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია მზია ამაღლობელის მიმართ.

6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საქმე გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეს ჯარიმის შეფარდება შეეძლო, მან ეს არ გააკეთა და ჟურნალისტი 2 წლით დააპატიმრა.

პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. კერძოდ, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.

მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მზია ამაღლობელის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ორი საჩივრით მიმართა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.