თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ამირან (ბუტა) რობაქიძის გარდაცვალების საქმეზე, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო, ხოლო ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 3 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 4 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 5 პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა
- 6 ე.წ. ვისკის საქმეზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს
ოქრუაშვილსა და ადეიშვილს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებოდათ. პროკურატურა აცხადებს, რომ ზურაბ ადეიშვილის განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 02 საათზე, ქ. თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების მიერ გაჩერებულ იქნა „BMW“-ს მარკის ავტომანქანა, მძღოლითა და ხუთი მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას პატრულ-ინსპექტორ გრიგოლ ბაშელეიშვილს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მძიმედ დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი - ამირან (ბუტა) რობაქიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
ხსენებული ფაქტის თობაზე, იმავე ღამით ინფორმაცია მიიღო შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც დავალება მისცა შემთხვევის ადგილზე მისულ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს, რომ გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, შემთხვევის ადგილზე მყოფმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გარდაცვლილ ამირან (ბუტა) რობაქიძეს და ავტომანქანაში მასთან ერთად მსხდომ პირებს ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
აღნიშნულის შემდეგ იმჟამინდელი საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით, რაც გამოიხატა გაყალბებული მტკიცებულებების საპროცესო წესით დამაგრებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული ვერსიის გამყარებაში.
ყოველივე აღნიშნულის შედეგად, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემულ იქნენ ავტომანქანაში მსხდომი პირები, ხოლო გარდაცვლილი ამირან (ბუტა) რობაქიძე გამოცხადდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად. ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფა გამოიწვია.
ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) წარედგინათ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამნისტიის საფუძველზე მას სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ, ციხეში 5 წლისა და 3 თვის გატარება მოუწევს.
„სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“, - ასე გამოეხმაურა ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სასამართლოს გადაწყვეტილებას. მან იმედი გამოთქვა, რომ სააპელაციო სასამართლო ზურაბ ადეიშვილსაც დამნაშავედ ცნობს.
ირაკლი ოქრუაშვილი ამჟამადაც ციხეშია. 4 ივლისს მას რვათვიანი პატიმრობა მიუსაჯეს ე.წ. წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, საქართველოში მას რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე აქვს პატიმრობა დაუსწრებლად შეფარდებული. 2021 წლიდან ადეიშვილი უკრაინის მოქალაქეა.
