პოლიციამ თბილისში, კეკელიძის ქუჩის N1-ში, საცხოვრებელი ბინიდან ოჯახის გამოსახლების პროცესში 20 ადამიანი დააკავა. მათგან ორს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავებიან, 18-ს კი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეკრებილმა მოქალაქეებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს და აღსრულების პროცესის განხორციელების საშუალებას არ აძლევდნენ.
„პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მოქალაქეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, შეკრებილებმა სამართალდამცველებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათ მიმართ გამოიყენეს ამ დროისთვის დაუდგენელი სპეციალური საშუალება, ე.წ. სპრეის სახით. ასევე, საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან, პოლიციის თანამშრომლების მისამართით ისროლეს სხვადასხვა სახის ნივთი“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოსახლების პროცესში, პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დაიწყო.
„ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მიზანმიმართულად დააზიანეს აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილი, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 2 პირი და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
გამოსახლების პროცედურის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით, ასევე, დაკავებულია 18 პირი.
დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების დადგენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით, ხორციელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები“, - აცხადებენ სამინისტროში.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა დღეს, 23 იანვარს, დილით, კეკელიძის N1-ში მდებარე ბინიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლება დაიწყეს, რაც ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გააპროტესტეს. მათ კორპუსის შესასვლელი რკინის კარი შეადუღეს, თუმცა აღსრულების პოლიციის წარმომადგენლებმა, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების დახმარებით, კარი გახსნეს და ბინაში შესვლა მოახერხეს, რის შემდეგაც ოჯახს და მათ მხარდამჭერებს ბინა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
იძულებითი გამოსახლების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ზოგიერთი მათგანი ამბობდა, რომ სამართალდამცველებმა ბინაში შეღწევის შემდეგ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. აღსრულების ბიურო ამას უარყოფს და აცხადებს, რომ „პირიქით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი“.
პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსაც, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. დააკავეს გამოცემების „მთის ამბებისა“ და „საქართველოს ამბების“ რედაქტორი გელა მთივლიშვილი, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ჟურნალისტი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას უარყოფს. მისი თქმით, დაკავების შემდეგ მასზე იძალადეს და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მანქანაში გუდავდნენ.
ბინის ყოფილი მფლობელი, იპოთეკით დაზარალებული მარინა ხატიაშვილი ამბობს, რომ „საქართველოს ბანკიდან“ თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს, თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა. საბოლოოდ, ხატიაშვილებმა „საქართველოს ბანკს“ 10-წლიან სესხში, რომლის მოცულობა 20 000 აშშ დოლარი იყო, 5 წელში 43 000 დოლარი გადაუხადეს, კერძო იპოთეკარებისთვის კი მთლიანობაში 80 000 დოლარი აქვთ მიცემული. აღსრულების ბიურომ ოჯახის გამოსახლება გასულ წლებშიც რამდენჯერმე სცადა.
24 იანვარს გამოსახლება დაგეგმილია შალვა დადიანის ქუჩაზე, ხოლო 26 იანვარს - ზანდუკელის ქუჩაზე.