თბილისში, კეკელიძის ქუჩის N1-ში, საცხოვრებელი ბინიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების გაშუქების დროს ჟურნალისტი, გამოცემების „მთის ამბებისა“ და „საქართველოს ამბების“ რედაქტორი გელა მთივლიშვილი დააკავეს. პოლიციას სულ მცირე 15 ადამიანი ჰყავს დაკავებული. მათი ნაწილი ვაკე-საბურთალოს პირველ განყოფილებაშია გადაყვანილი, ნაწილის ადგილსამყოფელი კი უცნობია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
გელა მთივლიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ჟურნალისტი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას უარყოფს. მისი განცხადებით, დაკავების შემდეგ, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მანქანაში გუდავდნენ.
ადვოკატების ინფორმაციით, რამდენიმე დაკავებულის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებითაც არის აღძრული.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა დღეს, 23 იანვარს, დილით, კეკელიძის N1-ში მდებარე ბინიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლება დაიწყეს, რაც ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გააპროტესტეს. მათ კორპუსის შესასვლელი რკინის კარი შეადუღეს, თუმცა აღსრულების პოლიციის წარმომადგენლებმა, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისა და ტექნიკის დახმარებით, კარი გახსნეს და ბინაში შესვლა მოახერხეს, რის შემდეგაც ოჯახს და მათ მხარდამჭერებს ბინა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
იძულებითი გამოსახლების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ზოგიერთი მათგანი ამბობდა, რომ პოლიციელებმა ბინაში შეღწევის შემდეგ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. აღსრულების ბიურო ამას უარყოფს და აცხადებს, რომ „პირიქით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი“.
პოლიციამ ძალა გამოიყენა ჟურნალისტების მიმართაც. „მაუწყებლის“ ჟურნალისტი ავტომობილზე იდგა და განვითარებულ მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა, როდესაც პოლიციელი დაეჭიდა და ხელის კვრით დაბლა ჩააგდო. აღნიშნული მედიასაშუალების ინფორმაციით, სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ კიდევ სამ ჟურნალისტს.
ბინის ყოფილი მფლობელი, იპოთეკით დაზარალებული მარინა ხატიაშვილი ამბობს, რომ „საქართველოს ბანკიდან“ თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს, თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა. საბოლოოდ, ხატიაშვილებმა „საქართველოს ბანკს“ 10-წლიან სესხში, რომლის მოცულობა 20 000 აშშ დოლარი იყო, 5 წელში 43 000 დოლარი გადაუხადეს, კერძო იპოთეკარებისთვის კი მთლიანობაში 80 000 დოლარი აქვთ მიცემული. აღსრულების ბიურომ ოჯახის გამოსახლება გასულ წლებშიც რამდენჯერმე სცადა.