ბიჭიკო პაიკიძის კომპანიის დირექტორი ბრალის აღიარების შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავისა და ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბიჭიკო პაიკიძის კომპანიის, B.P. TRANS-ის დირექტორს, ვალერიან კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 ათასლარიანი გირაოთი შეეცვალა. კვარაცხელიამ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, ბრალი აღიარა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პროკურატურა ბიჭიკო პაიკიძეს, ვალერიან კვარაცხელიასა და კიდევ 4 პირის დახმარებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 მილიონზე მეტი ლარის მოტყუებით დაუფლებას ედავება. პაიკიძე საზღვარგარეთ იმყოფება და როგორც მისმა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა, ვერ გადაადგილდება, რადგან სახელმწიფომ პასპორტი გაუუქმა. ჭკადუს თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ბრალდებები გამოგონილია.

„თეორიულად არ გამოვრიცხავ, რომ როდესაც ასეთი მასშტაბის პროექტები კეთდება, რაღაც გადაცდომები იყოს, თუმცა, ამის მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს“, – თქვა ირმა ჭკადუამ.

B.P. TRANS-ის დირექტორი, ვალერიან კვარაცხელია და კიდევ ოთხი პირი - იოსებ ჭანჭალეიშვილი, როინ ფოფხაძე, გიორგი კვახაძე და ირაკლი გალოგრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციულმა სააგენტომ 24 სექტემბერს დააკავა.

საქმის მასალების მიხედვით, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ტენდერის შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას, შპს B.P. TRANS-ის 100% წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ამავე კომპანიის დირექტორის, ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომლის დახმარებით, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების დახმარებით, მათთან ერთად ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას - 4 184 249 ლარს.

ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვალერიან კვარაცხელიას, იოსებ ჭანჭალეიშვილს, გიორგი კვახაძეს, როინ ფოფხაძესა და ირაკლი გალოგრეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას გულისხმობს.

პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად გადასახადებისთვის თავის არიდების საქმეზეც წარუდგინეს. ადვოკატის თქმით, საუბარია 2010-2012 წლებში განვითარებულ მოვლენებზე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.