სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათლიმამასა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე

ბიჭიკო პაიკიძე და გრიგოლ ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციულმა სააგენტომ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით კომპანია „ბი პი ტრანსის“ დირექტორი ვალერიან კვარაცხელია და კიდევ ოთხი პირი დააკავა. ამავე მუხლით ბრალი დაუსწრებლად წარედგინება „ბი პი ტრანსის“ მფლობელს, „ქართული ოცნებიდან“ ვანის საკრებულოს მოქმედ დეპუტატს, ბიჭიკო პაიკიძეს. სუს-ის ინფორმაციით, ის მიმალვაშია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ბიჭიკო პაიკიძე  2017 წლიდან ვანის საკრებულოს წევრია. მას ნათელმირონობა აკავშირებს სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან (ლილუაშვილი მისი შვილის ნათლიაა). სავარაუდოდ, სწორედ ლილუაშვილის ხელშეწყობით, პაიკიძის კომპანიები წლების განმავლობაში ათობით მილიონი ლარის სახელმწიფო ტენდერებს იგებდნენ. შპს „ბ.პ. ჰესი“, რომელიც ბიჭიკო პაიკიძეს დედაზე, ინგა ადეიშვილზე აქვს რეგისტრირებული, სოფელ სულორში „სულორი 1“ და „სულორი 2“ ჰესების კასკადის მშენებლობას გეგმავდა.

ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ საბანაძემ დღეს, 23 სექტემბერს, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბრალდებულებმა 4 მილიონ ლარზე მეტი 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით მიითვისეს. ეს თანხა ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, საქართველოს პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია შპს „ბი პი ტრანსის“ დირექტორი ვ.კ., ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი, ხოლო შპს „ბი პი ტრანსის“ ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბ.პ.-ს, დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას და თაღლითობაში დახმარებას. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონის მუნიციპალიტეტის არეალში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი ქვაყრილის ლოდებით მოწყობის სამუშაოების განხორციელებისას, შპს „ბი პი ტრანსის“ 100%-იანი წილის მფლობელი ბ.პ., ამავე კომპანიის დირექტორ ვ.კ.-ს, კომპანიის თანამშრომელ ი.ჭ.-ს და ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველი პირების გ.კ.-ს, რ.ფ.-ს და ი.გ.-ს დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი“, – განაცხადა ემზარ საბანაძემ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

როგორც სუს-ში აცხადებენ, „დანაშაულში თანამონაწილე სხვა შესაძლო პირთა მხილების და შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციის განსაზღვრა-დაზუსტების მიზნით“ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კორუფციული გარიგებების მონაწილეებს გამოძიებასთან თანამშრომლობას სთავაზობს და შეღავათებს ჰპირდება.

2021 წლის 22 თებერვლიდან 2025 წლის 24 აპრილამდე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ირაკლი ქარსელაძე ხელმძღვანელობდა. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მან გადადგომის გადაწყვეტილება თავად მიიღო.

სექტემბრის დასაწყისში სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის კადრად მიიჩნეოდა. ბურჭულაძეს 1 593 212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.