კობახიძე: ერთი დღით ჩამოდი ქვეყანაში, შენი თვალით გაეცანი, რა გარემოა და შემდეგ გააკეთე არჩევანი

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელიც ემიგრანტებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის აკრძალვას გულისხმობს. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კობახიძე უარყოფს, რომ ცვლილებების ინიცირების საფუძველი საზღვარგარეთ ჩატარებულ კენჭისყრაში „ქართული ოცნების“ მარცხია.

„მთლიანობაში, არავითარი არსებითი გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე საზღვარგარეთ დაფიქსირებულ მონაცემებს. რეალურად, არავითარი არსებითი შედეგი არ ჰქონია, ამიტომ, ეს არ არის აქ მთავარი.

რაც შეეხება ამ ცვლილების საფუძველს, ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი არის, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა განვამტკიცოთ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა და ამ კუთხით არის ერთი რამ ხაზგასასმელი- ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, ექვემდებარება უცხო იურისდიქციის გავლენას, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ხდება რუსეთში, ამერიკაში, ავსტრალიაში თუ ლიხტენშტეინში.ნებისმიერ ქვეყანაში, ადამიანი თუ ცხოვრობს კონკრეტულ სახელმწიფოში, ის ექვემდებარება შესაბამისი იურისდიქციის გავლენას, რასაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმით ძალიან კონკრეტული გამოხატულება. ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჩვენ ვხედავთ, ზოგადად, რომ სხვადასხვა ქვეყანა პირდაპირ ცდილობს ჩვენს არჩევნებში ჩარევას. ასეთ პირობებში, შესაბამის ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად მოწყვლადი არიან ასეთი გავლენის მიმართ. აქედან გამომდინარე, ზოგადი მიდგომა უნდა იყოს ეს, რომ სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები“, – თქვა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტი დაკავშირებულია ინფორმირებულ არჩევანთან.

„ნებისმიერმა ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ამაში იგულისხმება, რომ შენ უნდა გქონდეს სრული ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე უნდა მიანიჭო უპირატესობა ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტს.

ნებისმიერი ადამიანი იღებს სხვადასხვა ფორმით ინფორმაციას. ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი საშუალება არის, ბუნებრივია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მედია, მათ შორის, სოცმედია, საიდანაც ნებისმიერი ადამიანი იღებს გაფილტრულ ინფორმაციას. ნებისმიერი ინფორმაცია ექვემდებარება გადამუშავებას, ინტერპრეტაციას. შეიძლება იყოს აბსოლუტურად კეთილსინდისიერი მედიასაშუალება, მაგრამ მისი გავლით მიღებული ინფორმაციაც კი არის ინტერპრეტირებული და გაფილტრული, ანუ ექვემდებარება გარკვეულ ფილტრს. მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი სხვადასხვა მედიასაშუალება და მათი სარედაქციო პოლიტიკა არის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული. არის კიდევ სოცმედია, სადაც ათასგვარ ფილტრს გადის ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, იყო თუ არა გავლენა საქართველოს მოქალაქეებზე ან აშინებდა თუ არა მათ ვინმე, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ შეიძლება არ იყოს საუბარი კონკრეტული ინდივიდის დაშინებაზე.

„მაგრამ როდესაც შენ ცხოვრობ სხვა ქვეყანაში, ბუნებრივად ხარ იმ იურისდიქციის გავლენის ქვეშ. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შეიძლება ჰქონდეს ადამიანს იმის შიში, რომ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური პრეფერენციის გამოვლენის შემთხვევაში მას არ გაუგრძელდება შესაბამისი ბინადრობის ნებართვა, მაგალითად, ან სამსახურში ვერ შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს. თქვენ გახსოვთ, კამპანია ჰქონდათ აწეული იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ საელჩოში ხელისუფლების მხარდამჭერ ადამიანებს არ აძლევდნენ ვიზას. კამპანია ჰქონდათ ჩვენს ოპონენტებს აწეული ამასთან დაკავშირებით. აქედან ძალიან მარტივად ჩანს, რომ უცხოურ იურისდიქციას ძალიან მარტივად შეიძლება დაექვემდებაროს ადამიანი. ამ დროს, როდესაც შენი ქვეყნის საკითხებთან დაკავშირებით აკეთებ შენს არჩევანს, მთლიანად უნდა იყო თავისუფალი უცხოური იურისდიქციის გავლენისგან.

რაც შეეხება ინფორმირებულობას, არსებობს გაფილტრული წყაროები ინფორმაციის, ეს არის, მათ შორის, მასმედია. თუნდაც როდესაც საკუთარი ოჯახის წევრებისგან იღებს ადამიანი ინფორმაციას, ესეც კი გაფილტრულია, ანუ ვიღაცის ინტერპრეტაცია. ინფორმაციის ყველაზე სუფთა, წმინდა წყარო არის ის გარემო, სადაც ცხოვრობ.

ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს, რა თქმა უნდა, ყველა, საზღვარგარეთ მცხოვრები ნებისმიერი თანამოქალაქე ინარჩუნებს, ბუნებრივია, საარჩევნო ხმის უფლებას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ერთი დღით - ესეც კი საკმარისია - ჩამოდი ქვეყანაში, შენი თვალით გაეცანი, რა გარემოა ქვეყანაში და ამის შემდეგ უფრო მეტად ინფორმირებული, არსებითად ინფორმირებული არჩევანი გააკეთე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძის თქმით, საპარლამენტო არჩევნები 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.