სასამართლომ ჟურნალისტი ზურაბ ვარდიაშვილი 2200 ლარით დააჯარიმა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტი, ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ დირექტორი ზურაბ ვარდიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2200 ლარით დააჯარიმა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ჟურნალისტი 2 მარტს, „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით 2 საათის შემდეგ კი გაათავისუფლეს. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 31 მარტს, ღამის 2 საათზე განიხილა. მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა გადაწყვეტილება დღეს, 18 აპრილს გამოაცხადა.

ზურაბ ვარდიაშვილი პარლამენტის შენობის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის დავალებით მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ „მოღალატე“ დაიძახა. დაკავების დროს საპატრულო პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა და სხვა პოლიციელებმა ვარდიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩატენეს. „პუბლიკის“ ინფორმაციით, სამართალდარღვევის ოქმში ეწერა, რომ ზურაბ ვარდიაშვილი „იგინებოდა ხმამაღლა, იყენებდა უწმაწურ სიტყვებს, არ ემორჩილებოდა პოლიციის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, რომ გაეთავისუფლებინა გზა“. ვარდიაშვილი თავს სამართალდამრღვევად არ მიიჩნევს.

სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ წარმოადგინა ჟურნალისტის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის დამადასტურებელი ვერცერთი მტკიცებულება, პატრულ-ინსპექტორის ცრუ ჩვენების გარდა. სამაგიეროდ, ვარდიაშვილის ადვოკატმა მოსამართლეს აჩვენა სხვა ჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის მხრიდან, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ჟურნალისტის უკანონოდ დაკავების ბრძანების გაცემას ასახავს.

ზურა ვარდიაშვილის უკანონოდ დაკავების და მის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების ფაქტზე მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც, რომელსაც ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ევალება. უწყებამ გამოძიება დაიწყო, თუმცა თვენახევრის შემდეგაც კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ მიუცია. უცნობია, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაკითხა თუ არა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, რომლის ბრძანებითაც იმავე დღეს და რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ სხვა აქციებზე ათობით დემონსტრანტი დააკავეს უკანონოდ, თუმცა მტკიცებულებების არქონის მიუხედავად, არცერთი მათგანი სასამართლომ არ გაამართლა. 

2 მარტს, პარლამენტის შენობასთან სულ 36 დემონსტრანტი დააკავეს, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით. ზურაბ ვარდიაშვილის გარდა, დაკავებულთა შორის იყო ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილიც, რომელიც გამოცემა „ტაბულაში“ მუშაობს. სამართალდარღვევის ჩადენას ისიცუარყოფს. მოსამართლემ ჯიქურაშვილიც 2200 ლარით დააჯარიმა. 

რუსული კანონი, რომელიც ხელისუფლებისგან ფინანსურად დამოუკიდებელ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს „უცხოეთის გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციას ავალდებულებდა და რომლის მიზანიც ქვეყანაში დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაქრობა იყო, „ქართულმა ოცნებამ“ 7 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, იმავე დღეს, თბილისში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებმა რუსული კანონის გაუქმება მოითხოვეს. მთავრობამ საპროტესტო აქცია ცრემლსადენი და მხუთავი გაზის, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით დაარბია. მრავალათასიანი აქცია გაიმართა 8 მარტსაც, რომელიც ხელისუფლებამ ისევ დაარბია. სპეცრაზმი დემონსტრანტებს მთელი ღამის განმავლობაში ქუჩებში დასდევდა, აკავებდნენ და სცემდნენ მათ. სასტიკი დარბევების შემდეგ მომიტინგეებმა დაამტვრიეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანები და ცეცხლი წაუკიდეს. ჯანდაცვის სამინისტრო, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე არ აქვეყნებს მონაცემებს, აქციის რამდენი მონაწილე დაშავდა. ერთ-ერთმა დემონსტრანტმა, ზაზა ბიღიაშვილმა დარბევის დროს მიღებული დაზიანების შედეგად ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.

ძლიერი პროტესტისა და უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, 10 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.