ინფრასტრუქტურის ექსმინისტრის, ქარსელაძის სახლი გაჩხრიკეს, მისი მოადგილე დააკავეს

ირაკლი ქარსელაძე და კობა გაბუნია

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. საქმე ეხება საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი მილიონობით ლარის მითვისებას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, კომპლექსური ღონისძიების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან - სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე.

კობა გაბუნია სამინისტროში სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი იყო. ცოტა ხნის წინ დაკავებულები იყვნენ ამავე ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი. მათ „სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან“ და აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ.

„საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები.

გამოძიების მასალების მიხედვით, შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში, ფონდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. დასახელებულმა პირებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის კობა გაბუნიას დავალებით სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს“, – განაცხადეს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე.

შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელები ალექსანდრე და ბესიკ ბერძენიშვილები სექტემბრის ბოლოს დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მათ 2023 წელს შპს „ლაგი კაპიტალის“ მეშვეობით გაიმარჯვეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში. ტენდერი 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, თუმცა, არცერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა.

პს „ლაგი კაპიტალი“ 2015 წელს არის დაფუძნებული. 2022 წლამდე კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორი და 50%-იანი წილის მფლობელი ნინო ზარქუა იყო, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას დაა. 2022 წელს მან საკუთარი წილი მეუღლეს, ალექსანდრე ამისულაშვილს დაუთმო. ამისულაშვილი 2022 წლის ოქტომბრიდან „ლაგი კაპიტალის“ 50%-იან წილს საკუთარი კომპანიის შპს „ჯე5-ის“ მეშვეობით ფლობდა. 2023 წლის სექტემბერში მან ეს წილი სრულიად უსასყიდლოდ გადასცა ია რამიშვილს. ამჟამად შპს „ლაგი კაპიტალის“ 100%-იანი წილის მფლობელი ივანე გახელაძეა. 2025 წლის მარტიდან კომპანიის დირექტორი ბესიკ ბერძენიშვილი იყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.