სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, საქმე ეხება საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9.4 მილიონამდე ლარის მითვისებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
დავით ტაბიძე მუნიციპალური განვითარების ფონდს 2021 წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის აპრილამდე ხელმძღვანელობდა.
დღეს, 27 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეზე ასევე დაკავებულები იყვნენ ფონდის პროგრამის მენეჯერი და პროექტის მენეჯერი, რომლებმაც სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ გირაო შეუფარდა.
ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებულები არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები - ალექსანდრე და ბესიკ ბერძენიშვილები.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ისინი ფლობდნენ ინფორმაციას, რომ შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი.
დასახელებულმა პირებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირთა დადგენის და შესაბამისი რეაგირების მიზნით“, - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
შპს „ლაგი კაპიტალი“ 2015 წელს არის დაფუძნებული. 2022 წლამდე კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორი და 50%-იანი წილის მფლობელი ნინო ზარქუა იყო, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას დაა. 2022 წელს მან საკუთარი წილი მეუღლეს, ალექსანდრე ამისულაშვილს დაუთმო. ამისულაშვილი 2022 წლის ოქტომბრიდან „ლაგი კაპიტალის“ 50%-იან წილს საკუთარი კომპანიის შპს „ჯე5-ის“ მეშვეობით ფლობდა. 2023 წლის სექტემბერში მან ეს წილი სრულიად უსასყიდლოდ გადასცა ია რამიშვილს. ამჟამად შპს „ლაგი კაპიტალის“ 100%-იანი წილის მფლობელი ივანე გახელაძეა. 2025 წლის მარტიდან კომპანიის დირექტორი ბესიკ ბერძენიშვილი იყო.
