პაპუაშვილი: გიორგი გახარიას პარტიამ თავს უშველა იმით, რომ პარლამენტში შემოვიდა

„გიორგი გახარიას პარტიასთან მიმართებით მთავარი სამართლებრივი არგუმენტი მათი ანტიკონსტიტუციურობისთვის იყო, ან იქნებოდა, არჩევნების საბოტაჟი. იმით, რომ ისინი პარლამენტში შემოვიდნენ, ამ სამართლებრივი არგუმენტისგან თავი გადაირჩინეს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის ტავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეკითხვაზე, რატომ არ მოხვდა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კონსტიტუციურ სარჩელში ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ჩორჩანას საგუშაგოს თვითნებურად გახსნის შედეგად დამატებითი ტერიტორიების დაკარგვასა და ქვეყნის ომის საფრთხის წინაშე დაყენებას აბრალებდა. „საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა 100 ჰექტარამდე ტყე და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მანამდე კონტროლირებად ტერიტორიაზე 5 ახალი რუსული საგუშაგო აღიმართა“, - ჩაიწერა თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით მოქმედი ე.წ. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში. შალვა პაპუაშვილმა დღეს თქვა, რომ ეს სამართლებრივ არგუმენტად არ გამოადგებოდათ „გახარია - საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნისას.

„ერთია პოლიტიკური შეფასება, მეორეა სისხლისამართლებრივი შეფასება და მესამე კონსტიტუციურ-სამართლებრივი შეფასება. შესაძლოია, ესა თუ ის ქმედება საკმარისი არგუმენტი იყოს პოლიტიკურად გასაკიცხად, დასაგმობად, თუმცა არ იყოს საკმარისი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის. ამავე დროს, რაღაც ქმედება შეიძლება იყოს პოლიტიკურად დასაძრახი, სისხლისსამართლებრივადაც დასჯადი, თუმცა, არ აკმაყოფილებდეს კონსტიტუციუ- სამართლებრივ წინაპირობას მთლიანად პარტიის ასაკრძალად. ზუსტად ამ კრიტერიუმით ვისარგებლეთ, რომ ვყოფილიყავით მყარი ჩვენს სასარჩელო მოთხოვნაში.

გიორგი გახარიას პარტიასთან დაკავშირებით მთავარი სამართლებრივი, მყარი არგუმენტი რაც გვექნებოდა, იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, რაც მათ დაიწყეს 2024 წელს, თუმცა, იმიტომ, რომ შემოვიდნენ პარლამენტში, მათ უშველეს თავს და ამ სამართლებრივი არგუმენტისგან თავი გაითავისუფლეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, იყო თუ არა ეს „ქართულ ოცნებასა“ და გიორგი გახარიას შორის რაიმე შეთანხმება ან გარიგება, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ისინი არავის ერიდებიან.

„ჩვენ არავის ვერიდებით. არც იმას ვერიდებოდით, ვის მიმართ მოგვეთხოვა საკონსტიტუციო სასამართლოში აკრძალვა მიუხედავად იმისა ვის, რა რეაქცია ექნებოდა, მათ გარეთ მფარველებს თუ ასე შემდეგ. არც იმას მოვერიდეთ, რომ ზოგიერთი პარტია არ ჩაგვესვა იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ისინი მარგინალურები არიან და საფრთხეს არ წარმოადგენენ. ერთადერთი კრიტერიუმი იყო სარჩელის კონსტიტუციურ-სამართლებრივი დასაბუთება“.

ჟურნალისტმა პაპუაშვილს ასევე ჰკითხა, სხვა პარტიებიც რომ შესულიყვნენ პარლამენტში, ისინიც გადაირჩენენ თავს თუ არა.

„სხვა ვერავინ შემოვიდოდა. საქმეც ის არის, რომ ამ პარტიებმა ამითაც საკუთარი რადიკალიზმი და ანტიკონსტიტუციურობა უფრო მეტად დაადასტურეს. მათ ის ხიდებიც დაწვეს, რომ დაეტოვებინათ შესაძლებლობა, პარლამენტში შემოსულიყვნენ. „ნაციონალური მოძრაობისთვის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელოს“ მიმართ გარდა საბოტაჟისა, არსებობს სხვა კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები. შეიძლება ამ ერთი არგუმენტისგან გათავისუფლებულიყვნენ, მაგრამ რას უზამს „ნაციონალური მოძრაობა“ წამების სისტემას, რომელშიც სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ ამხილა და დაადასტურა. რას უზამენ ტელევიზიების, ბიზნესის მიტაცებას?“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ.

„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად მოამზადა სარჩელი, რომლითაც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიების - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“ და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებას მოითხოვს. ამასთან, ის აკრძალვით ემუქრება ისეთ პოლიტიკურ პარტიებსაც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია - დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „ფედერალისტები“ და „რესპუბლიკური პარტია“ – „იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ“.

საკონსტიტუციო სარჩელით არ არის მოთხოვნილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის, „გახარია - საქართველოსთვის“ აკრძალვა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.