გახარიას პარტიის წევრებმა დღეიდან „ქართული ოცნების“ პარლამენტში მუშაობა დაიწყეს

პარტიის „გახარია - საქართველოსთვის“ 11 წარმომადგენელი „ქართული ოცნების“ პარლამენტის საქმიანობას შეუერთდა. დღეს, 28 ოქტომბერს, ისინი პირველად დაესწრნენ პლენარულ სხდომას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „გახარია - საქართველოსთვის“ წევრების გადაწყვეტილებას „მნიშვნელოვანი და მისასალმებელი“ უწოდა.

„მართალია დაგვიანებით, ერთი წლის თავზე, თუმცა ერთი პოლიტიკური პარტიამ აღიარა ხალხი ნება, დემოკრატია და შეუდგა სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას. სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა პარტიამ უკან დასახევი ხიდები დაიწვა და შეიძლება, დღეს ძალიანაც უნდოდეთ პარლამენტში ყოფნა, თუმცა ამის შესაძლებლობა თავადვე მოუსპეს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ამომრჩევლებს. თქვენთან დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია დეპუტატის ფიცი, რომლის დადებაც ერთი წლით დაგაგვიანდათ, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. გთხოვთ, მოაწეროთ ხელი. გისურვებთ, ამ ფიცის ერთგულად შეგესრულებინოთ სადეპუტატო უფლებამოსილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა. 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, ირაკლი კირცხალიამ და ლევან მაჭავარიანმა გახარიას პარტიის წევრებს „მოღალატეები“ და „ნაცები“ უწოდეს.

„ერთი გახსოვდეთ - მადლობა გაქვთ გადასახდელი უმრავლესობის თითოეული წევრისთვის, რომ საერთოდ მოგეცით უფლება, რომ დღეს აქ სხედხართ და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გქვიათ. [...] დღეიდან, სამი წლის განმავლობაში, მოგიწევთ ყოველდღე თავის მართლება, რომ თქვენ არ ხართ „ნაცები“ და არ ხართ ამ იდეის გამზიარებლები“, – თქვა კირცხალიამ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

„გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დეპუტატის, გიორგი შარაშიძის თქმით, სრულად იღებენ პასუხისმგებლობას გასული ერთი წლის განმავლობაში დაშვებულ შეცდომებზე, პირველ რიგში, კი საპარლამენტო ბოიკოტზე. მისი თქმით, პოლიტიკური პროტესტის ამ ფორმამ „ქართული ოცნების“ მოძალადე მანქანა ვერ შეაჩერა ისეთი დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან, როგორიც იყო საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმა, ანტიდემოკრატიული, ადამიანის უფლებების შემლახველი კანონების მიღება და, რაც მთავარია, ვერ შეაჩერა მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობისგან.

„სიმართლე მწარეა და ამ სიმართლის მოსმენა მოგიწევთ ჩვენგან პარლამენტში, რომელიც, უნდა შეეგუოთ, რომ დღეიდან თქვენი პარტიული ოფისი აღარ იქნება და აქ ხალხის ხმას და განსხვავებულ აზრს ჩვენგან გაიგონებთ“, – განაცხადა შარაშიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ საუბარი განაგრძო გახარიას პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ვიკა ფილფანმა. მისი თქმით, ამ 13 წლის განმავლობაში ერთ-ერთი დაპირება მრავალთაგან, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა „ნაცების დასრულებაა“.

„ახლა აპირებთ „ნაცების“ აკრძალვას. „კოლექტიურ ნაცებად“ მოიხსენიებთ ადამიანებს, რომლებიც 2012 წელს „ნაცებისგან“ იდევნებოდნენ, თუმცა, თქვენს რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც 2016 წელს ჯერ კიდევ „ნაცების“ შემომწირველები ან მათი მაჟორიტარი კანდიდატები იყვნენ. ვისი სასამართლოთი აპირებთ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას - გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძის სასამართლოთი?! თუ ვის უნდა გაუგზავნოთ სარჩელი, ჩინჩალაძეს?! თქვენ „ნაცებს“ კი არ ასრულებთ, „ნაცებით“ აპირებთ ძალაუფლების გახანგრძლივებას, სანამ მათი მტრის ხატი იმუშავებს. 2012 წელს რომ დაგემთავრებინათ „ნაცები“, ამის ნაცვლად შეხვედით მათთან მოჩვენებით ბრძოლაში. სწორედ ამიტომ ვართ დღეს ჩვენ აქ, რომ მტკიცება არა ჩვენ, არამედ თქვენ მოგიწიოთ, რომ „ნაცები“ არა ჩვენ, არამედ თქვენს რიგებში მოიკითხოთ“, – განაცხადა ფილფანმა.

სიტყვით გამოვიდა „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი, 2007-2009 წლებში სახალხო დამცველის მოადგილე სოფიო ხორგუანიც.

„ბევრი წლის მანძილზე ვებრძოდი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“ - აქ მსხდომებისგან, ბევრისგან განსხვავებით. მე ვიყავი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი“, – აღნიშნა ხორგუანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ სამშობლოს ღალატი კორუფციაა, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებმა „წესად აქციეს“.

„სამართლიან და დემოკრატიულ სახელმწიფოში, კორუიფციასთან ბრძოლას სჭირდება სისტემური მიდგომა. პირველ რიგში, სახელწმიფოს ხერხემლის, სასამართლოს გათავისუფლება კორუფციული კლანისგან, კონტროლისა და წონასწორობის მექანიზმების შექმნა, იდეის, სისტემის, პატიოსანი მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეთანხმებული მოქმედება. ამიტომ ვართ დღეს აქ“, – თქვა ხორგუანმა.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, პარტიამ „გახარია - საქართველოსთვის“ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა. თუმცა, იმის გამო, რომ არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევდა, ექსპრემიერის პარტია პარლამენტის მუშაობში არ მონაწილეობდა. ამასთან, სამი სხვა ბარიერგადალახული პოლიტიკური ძალისგან განსხვავებით, მას საარჩევნო სიის გაუქმება არ მოუთხოვია. საგაზაფხულო სესიის ყველა სხდომის გაცდენის გამო, „გახარია - საქართველოსთვის“ სიის პირველ 12 წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. 2 სექტემბერს ერთპარტიულმა პარლამენტმა შემდეგი 12 წევრის – გელა აბულაძის, ჯემალ ანანიძის, ქეთევან ბაკარაძის, მალხაზ თორიას, შალვა კერესელიძის, სალომე კობალაძის, გიგა ფარულავას, ვიკა ფილფანის, გიორგი შარაშიძის, თამარ ხვედელიანის და სოფიო ხორგუანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. რუსუდან თევზაძემ მანდატზე უარი თქვა და პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.