რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ჟურნალისტები შუაღამით გაასამართლეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ჟურნალისტები შუაღამით სასამართლოში პროცესის დაწყებას ელოდებიან / ზურაბ ვარდიაშვილის ფოტო

ღამის 2 საათზე, 15 საათიანი დაგვიანებით დაიწყო გამოცემა „პუბლიკის“ რედაქტორის ზურაბ ვარდიაშვილის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესი გამთენიისას, 04:40 საათზე დასრულდა. მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა გადაწყვეტილების გამოცხადება 18 აპრილისთვის გადადო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ 2 მარტს გამართულ აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი ჟურნალისტის, „ტაბულას“ რეპორტიორის ბექა ჯიქურაშვილის საქმე იგივე მოსამართლემ ორ ნაწილად განიხილა. ვარდიაშვილის მსგავსად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯიქურაშვილსაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. სამართალდარღვევები ითვალისწინებს ჯარიმას 2000-დან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. მოსამართლემ ჯიქურაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთი ნაწილი 30 მარტს, 15:00 საათზე განიხილა, მეორე კი გვიან ღამით, ვარდიაშვილის საქმის განხილვის დაწყებამდე. მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება ჯიქურაშვილის საქმეზეც გადადო.

„პუბლიკის“ რედაქტორი ზურაბ ვარდიაშვილი, პარლამენტის შენობის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის დავალებით მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ ვარდიაშვილმა მოღალატე დაიძახა. დაკავების დროს საპატრულო პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ვარდიაშვილი შსს-ს ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩატენა. წვრილმან ხულიგნობას ან პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია არც ჯიქურაშვილის მხრიდან.

ჟურნალისტები დაკავებიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოში განსახილველად მხოლოდ 30 მარტს, თითქმის ერთი თვის შემდეგ წარადგინა.

2 მარტს, პარლამენტის შენობასთან სულ 36 დემონსტრანტი დააკავეს იგივე მუხლებით. ადამიანები მშვიდობიან აქციაში მონაწილეობდნენ, არაფერს აშავებდნენ, მაგრამ ხელმძღვანელი პირების მითითებით, გამორჩევით ან გადაადგილებისას პოლიცია მათ აკავებდა.

სასამართლომ დაკავებულთა უმრავლესობა, რომელთა საქმეებზეც გადაწყვეტილებები ცნობილია, მტკიცებულებების არქონის მიუხდავად, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო და 2000 ლარის ოდენობით ჯარიმების გადახდა დააკისრა.

რუსული კანონი, რომელიც ხელისუფლებისგან ფინანსურად დამოუკიდებელ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს „უცხოეთის გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციას ავალდებულებდა და რომლის მიზანიც ქვეყანაში დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაქრობა იყო, „ქართულმა ოცნებამ“ 7 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას წინააღმდეგ, იმავე დღეს, თბილისში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებმა რუსული კანონის გაუქმება მოითხოვეს. მთავრობამ საპროტესტო აქცია ცრემლსადენი და მხუთავი გაზის, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით დაარბია. მრავალათასიანი აქცია გაიმართა 8 მარტსაც, რომელიც ხელისუფლებამ ისევ დაარბია. სპეცრაზმი დემონსტრანტებს მთელი ღამის განმავლობაში ქუჩებში დასდევდა, აკავებდნენ და სცემდნენ მათ. სასტიკი დარბევების შემდეგ მომიტინგეებმა დაამტვრიეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანები და ცეცხლი წაუკიდეს. ჯანდაცვის სამინისტრო არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ამ დრომდე არ აქვეყნებს მონაცემებს, აქციის რამდენი მონაწილე დაშავდა. ცნობილია, რომ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა პოლიციის მხრიდან დარბევის დროს მხედველობა დაკარგა.

ძლიერი პროტესტისა და უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, 10 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.