„ჩვენთვის ალეკო ელისაშვილის დღევანდელი ქმედება მიუღებელი და გაუმართლებელია“, – ასე გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელო“ მისი ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე ელისაშვილის დაკავებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
ელისაშვილი დღეს, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
„ალეკო ელისაშვილი არაერთხელ გამხდარა რეჟიმის მხრიდან უსამართლობისა და ძალადობის მსხვერპლი და მისი აღიარება დასტურია, რომ ეს არის რეჟიმის წინააღმდეგ ერთი ადამიანის თავგანწირული ქმედება.
რეჟიმს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ სისტემური ძალადობითა და უსამართლობით სასოწარკვეთილებამდე მიგვიყვანოს და უარი გვათქმევინოს ტირანიასთან ბრძოლის მშვიდობიან და კანონიერ გზებზე, რაც იყო და იქნება „ძლიერი საქართველო- ლელოს“ ამოსავალი პრინციპი“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
ქმედებას, რომელშიც ელისაშვილს ადანაშაულებენ, გაემიჯნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. მან თქვა, რომ „მსგავსი პროვოკაციები“ მიზნად ისახავს „პროტესტის გაჩერებას და იმ ძალის დისკრედიტაციას, რომელიც დღეს ზუსტად გამოხატავს მოქალაქეთა თავისუფალ ნებას და რომელიც გუშინაც კიდევ ერთხელ, ნათლად გამოჩნდა“.
„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დგინდება, რომ 29 ნოემბერს, გამთენიისას, შენიღბულმა ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა.
შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ელისაშვილს სახეზე დალურჯებები აქვს. ადვოკატ გიორგი რეხვიაშვილის თქმით, მას მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დაზიანებები მიაყენეს მაშინ, როდესაც უკვე ხელბორკილები ედო. შსს-ს განცხადებით კი, ელისაშვილმა დაზიანებები მანდატურებისთვის გაწეული წინააღმდეგობის გამო მიიღო. გავრცელებული განცხადების თანახმად, ერთ-ერთი მანდატური სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
პროკურატურა ალექსანდრე ელისაშვილს ბრალს ხვალ, 30 ნოემბერს წარუდგენს. ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება/განადგურების მცდელობას გულისხმობს და ყველაზე მკაცრი სასჯელის სახით, 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
