კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ალეკო ელისაშვილს ორივე თვალი ჩალურჯებული აქვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დგინდება, რომ 29 ნოემბერს, გამთენიისას, შენიღბულმა ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა. ელისაშვილს შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა. უწყება ამტკიცებს, რომ პოლიტიკოსმა მათ თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ალექსანდრე ელისაშვილი მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს. დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით, მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. დაკავებისას გაწეული წინააღმდეგობის გამო დაზიანებები მიიღო ალექსანდრე ელისაშვილმაც“, - ამბობს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება/განადგურების მცდელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 180 საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან 5 წლამდე.
„შსს-ს ჩანაწერებიდან ვნახეთ, რომ ის ნაცემია, ჯერ არ შევხვედრივართ, რომ გავარკვიოთ, რამ გამოიწვია ეს. ვფიქრობ, ეს არის ხელისუფლების მიერ მოწყობილი პროვოკაცია, აბსურდულია, როცა ადამიანი ცხოვრობს მთაწმინდაზე და დილის ხუთ საათზე მიდიოდეს სასამართლოში და ცდილობდეს ცეცხლის წაკიდებას და შენობის დაწვას, მასთან ახლოსაც ბევრი სახელმწიფო შენობაა“, - თქვა ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა, ვიდრე დაკავებულ ელისაშვილს შეხვდებოდა.
დაკავებულთან შეხვედრის შემდეგ, ადვოკატმა რეხვიაშვილმა მედიას უთხრა, რომ ალეკო ელისაშვილი ნამდვილად მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამთენიისას, 29 ნოემბერს და იქ პროტესტის ნიშნად ცეცხლის გაჩენა ჰქონდა განზრახული.
„პროტესტი გამოხატა უსამართლო სასამართლოს მიმართ. „ცეცხლი ოლიგარქიას და ცეცხლი უსამართლო სასამართლოს“ - ეს სიტყვები მთხოვა გადმომეცა. ერთადერთი იმას ნანობს, რომ რამდენიმე წამი დააკლდა საქმის ბოლომდე მისაყვანად.
აირჩია შაბათი დღე, დილის საათები, რომ არავინ დაზიანებულიყო.
უნდოდა საზოგადოებისთვის ენახვებინა რეალურად ეს სასამართლო რამდენ ადამიანს უკანონოდ და უსამართლოდ ასამართლებს და როგორ იყენებს რეჟიმი დიქტატურის გასამყარებლად“, - განაცხადა ადვოკატმა. მისი თქმით, ის დილის 10 საათიდან, დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ალეკო ელისაშვილთან შეხვედრას.
ადვოკატის თქმით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ელისაშვილს დაზიანებები მიაყენეს მაშინ, როდესაც მას უკვე ხელბორკილები ედო.
შსს-ს მიერ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე გამოითქვა ეჭვი, რომ ალექსანდრე ელისაშვილს ორივე თვალის არეში დაზიანებები სულ მცირე რამდენიმე საათით ადრე აქვს მიღებული, რადგან სილურჯე მუქია და შეშუპებაც გადავლილია.
შსს-ს ამ დრომდე არ გაუვრცელებია სასამართლოს შენობაში დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის არცერთი ჩანაწერი.
შეგახსენებთ, სამი თვის წინ, რუსეთმა ალექსანდრე ელისაშვილს 6 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. ის რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გაასამართლეს, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მეომრის მონაწილეობას გულისხმობს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის მარტში ელისაშვილი შეუერთდა უკრაინაში მოქმედ შეიარაღებულ ფორმირებას, გაიარა სამხედრო მომზადების კურსი და მიიღო პირადი ცეცხლსასროლი იარაღი. რუსეთმა ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
ალექსანდრე ელისაშვილი 2020-2024 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. 2024 წლის 15 აპრილს, როცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე „აგენტების კანონს“ წარადგენდა, ელისაშვილმა მას შეაგინა და სახეში მუშტი ჩაარტყა.
„სულ ვცდილობდი, რომ მეთანამშრომლა; სულ ვცდილობდი, რომ ადამიანურად მელაპარაკა... რუსეთში მიგვათრევენ!.. შუბლის ძარღვი გაიწყვიტა მდინარაძემ, თეთრზე გეუბნება მწვანეაო. ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა. ესენი მიგვათრევენ რუსეთში... ამოვიდა ყელში და მივეცი ცხვირ-პირში იმ რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს მერე... ცხოვრებაში მეზიზღება მექრთამეები და რუსის აგენტები“, - თქვა ელისაშვილმა პარლამენტის შენობიდან გამოსვლის შემდეგ.
ამჟამად მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსია.
